Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილება შევიდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებები მიიღო. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლისა და ხარჯის ნაწილი გაიზარდა.

ბიუჯეტის გეგმიური პარამეტრების ზრდა ბოლო 3 წლის განმავლობაში ტრადიციად იქცა, რასაც მთავრობა ცალსახად საკუთარ წარმატებად აფასებს. რის ხარჯზე გაიზარდა საბიუჯეტო შემოსავლები და რას მოხმარდება ხარჯები?

საქართველოს მთავრობა ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციას არ ღალატობს და სახელმწიფო ბიუჯეტს ზრდის. საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები მიიღო, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო პარამეტრი 110 მილიონი ლარით გაზარდა. ფინანსთა სამინისტრო დამატებით სახსრებს საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ხარჯზე მოიძიებს. საგადასახადო შემოსავლების სახით, დაგეგმილია დამატებით 59,9 მილიონი ლარის მიღება. არასაგადასახადო შემოსავლების სახით, ბიუჯეტი დამატებით 42,7 მილიონს, ხოლო, გრანტის სახით, 4,4 მილიონ ლარს მიიღებს. ბიუჯეტში ასევე აისახება 72 მილიონი ლარი, რომელიც 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გარდამავალი ნაშთია.
რაც შეეხება ხარჯებს, 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების პარამეტრი 182 მილიონი ლარით გაიზრდება, აქედან ენერგეტიკის სამინისტრო 46,2 მილიონ ლარს მიიღებს, ჯანდაცვის სამინისტრო - 20 მილიონს, დედაქალაქის ბიუჯეტი გზების რეაბილიტაციისთვის - 20 მილიონ ლარს. დამატებითი თანხები გამოეყოფა გზების სახელმწიფო დეპარტამენტს, ასევე - იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ახალი ციხის მშენებლობისათვის 25 მილიონ ლარს მიიღებს. 20 მილიონი ლარი ერგო შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.
მთავრობა ბიუჯეტის ზრდას, ტრადიციულად, საკუთარ წარმატებად აფასებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი იმედს გამოთქვამს, რომ 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გატარებული ცვლილება არ იქნება პირველი და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 4 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ცვლილებამდე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 3 მილიარდ 285 მილიონი ლარია.

ხელისუფლების ამ სიხარულს არ იზიარებენ დამოუკიდებელი ექსპერტები. გია ჯანდიერი ფიქრობს, რომ გეგმის გადაჭარბებაში დიდად გასახარი არაფერია, მით უმეტეს, როდესაც ეს გადაჭარბება არა რეალური ეკონომიკური რეფორმების, არამედ ფისკალური ორგანოების ზედმეტი მონდომების შედეგია:

[გია ჯანდიერის ხმა] ”ჩვენს ქვეყანაში ბიუჯეტის ზრდა და საგადასახადო გეგმების გადაჭარბება ყოველთვის აღიქმება, რომ ძალიან კარგია. პრინციპში, მე ვერ ვხედავ ამაში მაინცდამაინც დიდ სიკეთეს. წლევანდელი გადაჭარბება ბიუჯეტის მომდინარეობს არა იქიდან, რომ მართლაც ჯანსაღი ძვრები დაიწყო ამ ქვეყანაში, არამედ იქიდან, რომ პერსონალურად პრეზიდენტი, მთავრობის ზემო ეშელონებში არის ძალიან დიდი მონდომება ამ საქმეში და საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მათი მოთხოვნები შეასრულოს.” (სტილი დაცულია)

ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკური კვლევის ცენტრმა 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ცენტრის წარმომადგენელი რევაზ საყევარიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება, მონიტორინგი მიუთითებს, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი შორს არის იდეალურისგან და საკმაოდ ბევრ კითხვებს ბადებს:

[რეზო საყევარიშვილის ხმა] ”ბიუჯეტის ზრდის და გეგმების გადაჭარბებით შესრულების მონაცემების ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება: ერთი მხრივ, ის, რომ რეალურად თავიდანვე ხდებოდა ბიუჯეტის დაბალი ნიშნულით დაგეგმვა, რაც, საბოლოოდ, ქმნიდა იმის შთაბეჭდილებას და ილუზიას, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდებოდა, და, მეორე მხრივ, ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდებოდა მონაცემების სათანადო დოზით ანალიზი და, შესაბამისად, საბიუჯეტო მონაცემების რეალურთან მიახლოებული პარამეტრებით დაგეგმვა.” (სტილი დაცულია)

ექსპერტები შიშობენ, რომ არასწორი დაგეგმვის ტენდენცია წლევანდელი წლის ბიუჯეტისთვისაც დამახასიათებელია. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ამჟამად მიღებული ცვლილებები პირველი არ იქნება. ის, რომ ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება, ბუნებრივია, ცუდი არ არის, მაგრამ ის, რომ ხელისუფლება ვერ ან არ ახერხებს მთავარი ეკონომიკური კანონის რეალურ პარამეტრებზე დაფუძნებას, ზუსტ გათვლას და პერმანენტულად ცვლილებები შეაქვს მასში, ეს მთავრობის პროფესიონალიზმზე ნამდვილად არ მეტყველებს.
XS
SM
MD
LG