Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოუტანს საქართველოს აფხაზეთზე გამავალი ტრანსკავკასიური მაგისტრალის აღდგენა


რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკება მხარეებს შორის 2003 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს.

თავდაპირველად თბილისი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პარალელურად დევნილთა დაბრუნების სინქრონიზაციას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია შეარბილა. ყოველ შემთხვევაში, ორიოდე კვირის წინ მოსკოვში საქართველოს, რუსეთის, სომხეთისა და აფხაზეთის რკინიგზათა უწყებების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლის საფუძველზეც აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ხაზის აღდგენაზე ოთხივე მხარის მონაწილეობით დაფუძნებული ახალი ორგანიზაცია - "შავი ზღვის რკინიგზის საერთაშორისო კონსორციუმი" - იზრუნებს. ამ ცნობას მყისიერად გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია, რომლის მესვეურებმა ვითარებაში გასარკვევად „საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორთან ირაკლი ეზუგბაიასთან შეხვედრა მოითხოვეს.

ირაკლი ეზუგბაია პარლამენტში დათქმულ დროზე ადრე მივიდა, თუმცა, დროის სიჭარბის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელს "შავი ზღვის რკინიგზის საერთაშორისო კონსორციუმის" შექმნის თაობაზე ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია:

[ირაკლი ეზუგბაიას ხმა] „სამთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით დაგვევალა ამ კონსორციუმის ჩამოყალიბების მექანიზმზე მუშაობა და ამიტომ ვმუშაობთ ამ საკითხზე, ხოლო თუ კომისიას აინტერესებს კონკრეტული საკითხები, ჩვენ მზად ვართ პასუხი გავცეთ.“

„საქართველოს რკინგიზის“ გენერალურმა დირექტორმა მედიასთან ურითერთობის სურვილი არც სხდომის დაწყების შემდეგ გამოამჟღავნა. ირაკლი ეზუგბაიამ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრებს სხდომის დახურვა მოსთხოვა. სხდომა დაიხურა, თუმცა მანამდე კომისიის თავჯდომარემ შოთა მალაშხიამ ის საკითხები გამოკვეთა, რომელთა შესახებაც რკინიგზის უწყების ხელმძღვანელს მოუწევდა ლაპარაკი:
[შოთა მალაშხიას ხმა] „რა ეტაპზეა ამჟამად მოლაპარაკება? როგორ უკავშირდება ყოველივე ეს დევნილების დაბრუნების პროცესს, რომელზეც საუბარი იყო სოჭში 2003 წელს? შემდეგ: როგორ მოხდება ტვირთების ტრანსპორტირება, სად განთავსდება საბაჟო-გამშვები პუნქტები - ფსოუზე, ენგურზე, სადგურ ვესიოლოში თუ სად?“
შოთა მალაშხიამ ეს შეკითხვები მას შემდეგ დასვა, რაც 3–4 მაისს, საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, საერთაშორისო კონსორციუმის შექმნის თაობაზე ოქმი გაფორმდა. შეხვედრაში ქართული, რუსული, სომხური და აფხაზური მხარეები მონაწილეობდნენ. გია გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი, მიიჩნევს, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით, თუ მას მთელი რიგი პოლიტიკური საკითხებისა არ მიება, ქართული მხარე ვერ იხეირებს. გვაზავა აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინგზის მესაკუთრის ვინაობითაც ინტერესდება:
[გია გვაზავს ხმა] „საერთოდ, ვისია ეს რკინიგზა, ვის ბალანსზეა? მაქვს ნანახი საბუთი, რომლის თანახმადაც რკინიგზის ეს მონაკვეთი გადაცემულია ბალანსიდან ბალანსზე რუსეთისათვის. ლაპარაკია საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე - 192 კილომეტრზე. დღეს როგორ არის საქმე? პასუხი ამ კითხვაზე ჯერ არავის გაუცია!“
სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა, ბუნებრივია, გულგრილს ვერც აფხაზეთიდან დევნილ ასიათასობით ადამიანს ტოვებს. ბატონი მეგრე, რომელიც თბილისში სამარშუტო ტაქსზე მუშაობს, ერთ-ერთი მათგანია. აფხაზეთიდან დევნილი მიიჩნევს, რომ სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოს მთავრობას დიდი ხნის წინ უნდა აღედგინა.
[მამაკაცის ხმა] „პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა ჩვენს მთავრობას, როცა რუსეთმა გადაკეტა საზღვარი, უნდა გაეხსნა ენგურის ხიდი. უნდა ეთქვათ აფხაზებისთვის: მოდით, მობრძანდით, წაიღეთ ციტრუსი ბაქოში, ერევანში... სადაც გინდათ. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, რომელზეც ყველა აფხაზი, რა თქმა უნდა, არ წამოვიდოდა, მაგრამ გალელი და ოჩამჩირელი აფხაზები გადადგამდნენ ამ ნაბიჯს. აი, დიალოგი აქედან იწყება.“
სარკინიგზო მიმოსვლის წინააღმდეგი არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარეა, თუმცა შოთა მალაშხიას კონსორციუმში რუსეთის აქტიური მონაწილეობა აშფოთებს:
[შოთა მალაშხიას ხმა] „ჩვენ ამით, შესაძლოა, საშუალება მივცეთ რუსეთს, რომ ხელახლა შემობრუნდეს ამ რკინიგზის, მისი დაცვის საბაბით. არადა, საკითხი, შესაძლოა, გადაწყდეს ისე, რომ, ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების შედეგად, ერთობლივი კონტროლი დაწესდეს გალზე, დაიწყოს ზონის ეტაპობრივი დემილიტარიზაცია. არ არის გამორიცხული, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს იმან, რაც კონსორციუმთან დაკავშირებით ხდება, თუ ყველაფერი სათანადოდ არ იქნება გააზრებული.“
და მართლაც: რა შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთზე გამავალი 2 ათას 300 კილომეტრიანი ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას? საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს ამ შეკითხვის პოლიტიკურ ასპექტზე ლაპარაკი არ სურს. თუმცა ირაკლი ეზუგბაია ამბობს, რომ, მხარეთა პოლიტიკური ნების გარდა, რკინიგზის აღსადგენად დაახლოებით 250 მილიონი დოლარია საჭირო.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG