Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში 30 ათასზე მეტი აბიტურიენტია, ხოლო მათი გულშემატკივარი - გაცილებით მეტი. ამდენად, გამართლებულია, თუ გასული კვირის პრესის მიმოხილვას იმ სტატიით დავიწყებთ, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ იცვლება სტუდენტებისათვის სახელმწიფო გრანტის მინიჭების პრინციპი.

გაზეთი ”ხვალინდელი დღე” იუწყებოდა, რომ 2006 წელს სტუდენტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტი 6 მილიონ 500 ათას ლარს გაიღებს. აქედან მილიონ-ნახევარი ლარი გათვალისწინებულია სტუდენტის სწავლის ღირებულების 100 პროცენტის დასაფინანსებლად, მილიონ-ნახევარი ლარი - 70 პროცენტის დაფინანსებისათვის, კიდევ მილიონ-ნახევარი ლარი - სწავლის ღირებულების 50 პროცენტის დასაფინანსებლად, ხოლო დანარჩენი თანხა - 30 პროცენტიანი დაფინანსებისათვის. სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობა 1500 ლარი იქნება. 2006 წელს სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების საფუძველზე.

გაზეთი ”რეზონანსი” წერილში “ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს” აღწერს უცხოურ კომპანიათა წილს საქართველოს ეკონომიკაში. ენერგეტიკაში გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტის 100 პროცენტი რუსეთზეა დამოკიდებული. გაზის სადისტრიბუციო ქსელის 30%-ს ასევე რუსეთი ფლობს. თბოელექტროენერგეტიკაც მთლიანად რუსეთის ხელშია. გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი, “თბილგაზი”, ეკუთვნის ყაზახურ სახელმწიფო კომპანიას, რომელზეც რუსულ “გაზპრომს” აბსოლუტური გავლენა აქვს. გაზის ძირითადი საბითუმო მომხმარებლები არიან “თბილგაზი”, “აზოტი”, “აირტურბინები”, გარდაბნის თბოსადგური, ანუ რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი კომპანიები. გაზეთი ვარაუდობს, რომ საპრივატიზაციოდ გამზადებული სამი ძირითადი სადისტრიბუციო კომპანია და ექვსი ჰესი, მაღალი ალბათობით, რუსეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდება,” - წაიკითხავდით “რეზონანსში”.

ერთი წერილიც შაბათის, 3 ივნისის, პრესიდან. ქართულ ჯარში “დედოვშჩინის” ქართული ვარიანტი მძვინვარებს, - საქართველოს სახალხო დამცველის ამ სიტყვებს იმოწმებს გაზეთი “24 საათი”. - ეს გამოიხატება დაპირისპირებაში კუთხური ნიშნით, ასევე დაპირისპირებაში ძლიერებსა და სუსტებს შორის, - განმარტავს სოზარ სუბარი, რომლის თანამშრომლებმაც მოიკვლიეს რიგით გიორგი შარიქაძის ისტორია. შარიქაძეს სასტიკად სცემეს ნაწილში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში. ჯარისკაცი თსუ-ს კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. ექსპერტის დასკვნაში ნათქვამია, რომ შარიქაძეს აქვს თავის ქალას, მუცლისა და გულმკერდის დახურული ტრავმები, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა და სისხლნაჟღენთები. საავადმყოფოში მიყვანისას ის თითქმის ვერ ლაპარაკობდა. “24 საათის” თანახმად, გიორგი შარიქაძეს სერჟანტებმა და ჯარისკაცებმა სცემეს, რადგან მანამდე არაერთგზის მიყენებული შეურაცხყოფის გამო სამხედრო პოლიციას მიმართა და კონკრეტული ბრალეულებიც დაასახელა. ის ახლაც ამბობს, რომ შეუძლია იმ პირთა ამოცნობა, ვინც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სახალხო დამცველი რიგითი შარიქაძის ცემის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს და ამბობს, რომ საქმეს ბოლომდე მიჰყვება.
XS
SM
MD
LG