Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ცხოვრება ძვირდება


ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და ნავთობპროდუქტების გაძვირების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიზარდა საქართველოში სამომხმარებლო ფასების ეროვნული ინდექსიც,

ხოლო აპრილის თვის მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელმა 1,8 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკის ექსპერტების გარდა, ფასების ზრდამ და ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა პრეზიდენტის ყურადღებაც მიიქცია. მიხეილ სააკაშვილმა საგანგებოდ მოწვეულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და ფასების ზრდის ტენდენციაზე ილაპარაკა. პრეზიდენტს არ მოსწონს, რომ საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, სურსათი მნიშვნელოვნად ძვირია. რა იწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდას საქართველოში და რა შეიძლება დაუპირისპიროს მას მთავრობამ?

ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიისაგან განსხვავებით, სასურსათო პროდუქტების ღირებულება მდორედ, თანდათანობით იზრდება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფასების ზრდა რიგითი თბილისელების ბიუჯეტზე არ აისახება.

[ისმის ხმა] „არაჟანი რა ღირს? ლარი და ოთხმოცი?“

ქალბატონმა ნათელამ ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში არაჟანი, შაქარი, ფუნთუშები და 300 გრამი ნაყინი იყიდა, რაშიც, ჯამში, თითქმის ათი ლარი გადაიხადა. ქალბატონი ნათელა სურსათის გაძვირების გამო წუხს.

[ქალბატონ ნათელას ხმა] „კატასტროფული მდგომარეობაა. ყველაფერი ძვირდება. კვერცხიც კი გაძვირდა, აღარაფერს ვამბობ ხორცზე, რომელიც 8 ლარი ღირს.“

ფასების ზრდის ტენდენციას აფიქსირებს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფასების სტატისტიკის სამმართველო, რომლის ხელმძღვანელის, ლია მდინარაძის, თქმით, მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა სახის პროდუქცია გაძვირდა, თუმცა არის გამონაკლისიც:

[ლია მდინარაძის ხმა] „ტენდენცია ასეთია: ბოსტნეული ძვირდება, გაძვირდა ხორცი და ხორცის ნაწარმი, მაგრამ მაისში განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ზრდა არ ყოფილა. და კიდევ: გაიაფდა იმპორტული სიგარეტი.“

ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ, სამომხმარებლო ფასების ზრდა ბუნებრივია და ამ პროცესის პროგნოზირება შეიძლებოდა, ამბობს ეკონომიკის ექსპერტი კახა იმერლიშვილი:

[კახა იმერლიშვილის ხმა] „უმრავლესობა მოიხმარს გაზს, ელექტროენერგიას, ნავთობს... თუ ეს ყველაფერი გაძვირდა, ბუნებრივია, გაძვირდება სხვა პროდუქციის ღირებულებაც. არ მესმის სახელმწიფო მინისტრის, რომელიც აცხადებს, რომ ენერგომატარებლების გაძვირება არანაირად არ იმოქმედებს ფასების ზრდაზე. ეს აბსურდია. ფასები მოიმატებს.“

ფასების ზრდაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ სილაგაძე, რომლის გაანგარიშებითაც, სამომხმარებლო ფასები მთავრობის მიერ დაგეგმილ მაჩვენებლებზე სწრაფად იზრდება:

[ავთანდილ სილაგაძის ხმა] „სამომხმარებლო ფასების ზრდა 5 პროცენტის ფარგლებში არის ნავარაუდევი უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ჩემი აზრით, აღნიშნული მაჩვენებლის შენარჩუნება ცოტა ძნელი იქნება, იმიტომ რომ ენერგომატარებლების მასშტაბური ზრდა გამოიწვევს ფასების ადეკვატურ მატებას. და კიდევ: ფასების ზრდას განაპირობებს ისიც, რომ ზოგიერთი პროდუქციის ღირებულება ჯერ კიდევ არ შეესაბამება მსოფლიო ბაზარზე ამავე პროდუქციის ფასს.“

რა შეუძლია დაუპირისპიროს მთავრობამ ფასების განუხრელ ზრდას? ამ შეკითხვას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილი ასე უპასუხებს:

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] „ძალიან ძნელია რამის დაპირისპირება. უნდა გაიხსნას ახალი საწარმოები და შემცირდეს უმუშევრობის მაჩვენებელი.“

ახალი საწარმოების შექმნამდე და, შესაბამისად, უმუშევრობის აღმოფხვრამდე საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს მცირედით დაკმაყოფილება მოუწევთ, რამეთუ შენარჩუნებულია საქართველოს ეკონომიკისათვის დამახასიათებელი არასახარბიელო ტენდენცია: ცხოვრება ძვირდება, მომხმარებელთა შემოსავალი კი
განუხრელად მცირდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG