Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემას ეხება დღევანდელი გაზეთი ”24 საათი”


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემას ეხება დღევანდელი გაზეთი ”24 საათი” პუბლიკაციაში, სათაურით ”ქაჯები, ამერიკის ელჩი და ტესტი დემოკრატიაში.”

ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში სიტყვა “ქაჯების” დამამკვიდრებლის ვინაობა ცნობილია - ეს სალომე ზურაბიშვილი გახლავთ. რაც შეეხება ამერიკის ელჩს და ტესტს დემოკრატიაში, გაზეთის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ოპოზიციაში ქაჯების არსებობის შესახებ ოპოზიციის ლიდერები სწორედ ამერიკის ელჩთან შეხვედრის წინ გამოეხმაურნენ. გამოხმაურება ჯენტლმენური იყო. კერძოდ:”დავით გამყრელიძე ძალიან გულნატკენი არ ჩანდა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შემდგომაც ითანამშრომლებს, რადგან მემარჯვენე ლიდერისთვის მთავარია დიდი გაერთიანება და დიდი თანამშრომლობა. სალომე ზურაბიშვილისთვის ჯვრის დასმას არც რესპუბლიკელები აპირებენ: დავით უსუფაშვილის თქმით, პოლიტიკური ლიდერის ცხოვრებაში შეინიშნება გარკვეული პერიოდი, როდესაც მას ყველა სხვა ქაჯი ჰგონია, საკუთარი თავი კი - ანგელოზი და მხსნელი მესია. რესპუბლიკელების ლიდერი მზად არის შემდგომშიც გამონახოს საერთო ენა ზურაბიშვილთან, მაგრამ როგორც პოლიტიკურ ლიდერთან და არა როგორც მხსნელ მესიასთან.”

რაც შეეხება ტესტს დემოკრატიაში - თუ რატომ მიაჩნიათ ქართველ ოპოზიციონერებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას საქართველოს ხელისუფლება ტესტს ჩააბარებს დემოკრატიაში, დღევანდელ გაზეთ “24 საათიდან” შეიტყობთ.


”პარლამენტში სუბარის საანგარიშო გამოსვლისას დიდი დაპირისპირებაა მოსალოდნელი,” - წერს გაზეთი “რეზონანსი”, რომელიც, ოპოზიციაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სოზარ სუბარის გახმაურებული განცხადება, ორთაჭალის ციხეში პატიმართა ამბოხთან დაკავშირებით გაკეთებული, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის მიმდინარე დაპირისპირების ანარეკლია. მომავალ კვირას სახალხო დამცველი პარლამენტის წინაშე წარდგება მოხსენებით და, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია სხდომების ბოიკოტს აგრძელებს, პარლამენტში დიდი ვნებათაღელვაა მოსალოდნელი. კერძოდ, “რეზონანსის” ცნობით, ოპოზიციას განსაკუთრებით აინტერესებს, რა პოზიციას დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარე. ბურჯანაძეს მოუწოდებენ, რომ მან პირდაპირ დააყენოს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი.


და კიდევ ერთი თემა, რომელსაც ყველა გაზეთი ეხება და რომელიც მინიმუმ უახლოესი ერთი თვის მანძილზე წამყვანი იქნება მსოფლიო მედიაში - ვგულისხმობ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც დღეს იწყება. იმის შესახებ, თუ რომელ გუნდს გულშემატკივრობენ საქართველოში, ვინ გახდება ჩემპიონი და ა.შ და ა.შ., დღევანდელი ქართული გაზეთებიდან შეიტყობთ.

XS
SM
MD
LG