Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ”ჩვენი უკრაინის” და ”რეგიონების პარტიის” კოალიცია იქმნება


ყოფილ ”ნარინჯისფერ” მოკავშირეებთან თითქმის სამი თვის მანძილზე უშედეგოდ წარმოებული მოლაპარაკების შემდეგ, პარტია ”ჩვენი უკრაინა”,

ახალი მთავრობის ფორმირების მიზნით, თითქოსდა შეუთავსებელ პარტნიორს დაუკავშირდა. მიმდინარე კვირაში ”ჩვენმა უკრაინამ” პირდაპირ განაცხადა, რომ ახალ მთავრობაში მასთან ერთად შევა “რეგიონების პარტიაც”, რომელსაც პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მეტოქე, ვიქტორ იანუკოვიჩი, ხელმძღვანელობს. ამ განცხადებით მნიშვნელოვანი წინაღობა შეექმნა ”ნარინჯისფერი კოალიციის” განახლების პერსპექტივას.


ის, რაც უკრაინაში ცოტა ხნის წინ მხოლოდ შესაძლებლობას წარმოადგენდა, დღეს რეალობად იქცა: ვიქტორ იუშჩენკოს პარტიამ, ”ჩვენმა უკრაინამ”, საპარლამენტო უმრავლესობისა და შემდგომ უკვე ახალი მთავრობის შესაქმნელად, ვიქტორ იანუკოვიჩის ”რეგიონების პარტიას” მიმართა.

”ჩვენი უკრაინის” წარმომადგენლების განცხადებით, იმ ძალებთან, რომლებიც “ნარინჯისფერი რევოლუციის” პერიოდში მის მოკავშირეებს წარმოადგენდნენ, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ იულია ტიმოშენკოს ბლოკმა და სოციალისტურმა პარტიამ ”თავიანთი ამბიციები და მნიშვნელოვანი პორტფელების დაუფლების სურვილი უკრაინელი ხალხის ნებაზე მაღლა დააყენეს.”

”ჩვენი უკრაინა” განსაკუთრებით სოციალისტური პარტიის ლიდერის ოლექსანდრ მოროზის მხრიდან გამოთქმულ პარლამენტის სპიკერად გახდომის სურვილს შეეწინააღმდეგა.

თუმცა 14 ივნისს გამართულ უკრაინის პარლამენტის სხდომაზე კოალიციის შექმნის პროცესის ირგვლივ სხვა დეტალებიც გაირკვა.

იულია ტიმოშენკომ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ”ჩვენი უკრაინა” მოლაპარაკებას განზრახ აჭიანურებს იმ მიზნით, რომ, საბოლოო ვადის ამოწურვის საბაბით, ”რეგიონების პარტიასთან” მიაღწიოს შეთანხმებას:

[ტიმოშენკოს ხმა] ”თანდათან სულ უფრო აშკარა ხდება, რომ მთელი ეს გაწელილი, დამამცირებელი და ულამაზო მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ ნამდვილი მიზნების, გეგმებისა და არჩევანის დამალვას ემსახურებოდა.”

საქმე ისაა, რომ ახლად არჩეულმა პარლამენტმა მმართველი უმრავლესობა 25 ივნისამდე უნდა შექმნას. ”ნარინჯისფერი რევოლუციის” შედეგად შეცვლილი კონსტიტუციის თანახმად, თუ ინაუგურაციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი უმრავლესობას ვერ შექმნის, პრეზიდენტს მისი დათხოვნის უფლება აქვს.

იულია ტიმოშენკოს განცხადებით, ახალი მთავრობის პროგრამაზე ყოფილმა “ნარინჯისფერმა” მოკავშირეებმა სრულ შეთანხმებას მიაღწიეს და მოლაპარაკების ჩიხში შესვლა მხოლოდ ”ჩვენი უკრაინის” გეგმებმა განაპირობა.

ტიმოშენკოს ბლოკი და სოციალისტური პარტია ”რეგიონების პარტიასთან” ერთ კოალიციაში გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან.

თავად ”რეგიონების პარტიას” რაც შეეხება, ის ”ჩვენი უკრაინის” წინადადებას ენთუზიაზმით გამოეხმაურა. ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა მიკოლა აზაროვმა, 14 ივნისს განაცხადა, რომ მისი პარტია მზადაა მთავრობის ფორმირების პასუხისმგებლობა გაიზიაროს. ამავე დროს, პარლამენტარი იმ ეჭვის გაქარწყლებასაც შეეცადა, რომ პრორუსულად მიჩნეული ”რეგიონების პარტია” უკრაინის ევროპაში ინტეგრაციას შეაფერხებს:

[აზაროვის ხმა] ” ‘რეგიონების პარტია’ ჩვენი ქვეყნის მომავალს ერთიან ევროპულ ოჯახში ხედავს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინის ევროპაში ინტეგრაციის სახელმწიფო კურსს ვუჭერთ მხარს.”

ანალიტიკოსების აზრით, ”ჩვენს უკრაინასა” და ”რეგიონების პარტიას” შორის კოალიციის შექმნა სირთულეებს მოიტანს, თუმცა ამგვარ კოალიციას დადებითი მხარეც ექნება. პოზიტიურ ფაქტორებს შორის არის ის, რომ ამით ძალაუფლების გადანაწილება სტაბილური გახდება - 450 ადგილიან პარლამენტში ორი პარტია, ერთობლივად, 267 მანდატს ფლობს. ამასთან, ამ ორ პოლიტიკურ ძალას ეკონომიკასთან დაკავშირებით ერთმანეთის მსგავსი - ლიბერალური - მიდგომა ახასიათებს, მაშინ როდესაც ზოგიერთი ექსპერტი იულია ტიმოშენკოს ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის, სოციალისტურ პარტიას კი გეგმიური ეკონომიკის მომხრედ მიიჩნევს. სირთულეები კი ამგვარი კოალიციის მუშაობაში, სავარაუდოდ, თავს იჩენს, უწინარესად, რუსეთთან ურთიერთობასა, აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში რუსული ენის სტატუსსა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამ კონკრეტული ასპექტების გარდა, ნათელია შედარებით ზოგადი პერსპექტივაც, კერძოდ, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანება ”ნარინჯისფერი რევოლუციით” დამკვიდრებულ იმედებს თუ პრინციპებს ნამდვილად არ წაადგება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG