Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილების მღელვარება რესპუბლიკურ საავადმყოფოში


სულ მალე გამოსახლების პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მცხოვრები დევნილებიც. სახელმწიფო თითოეულ ოჯახს,

კომპენსაციის სახით, 10 ათას დოლარს სთავაზობს. დევნილები კი, რომელთა შორისაც აფხაზეთის ომის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები არიან, 15 ათას დოლარზე ნაკლების აღებას არ აპირებენ და პრეზიდენტ სააკაშვილს დადებულ პირობას შეახსენებენ. თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი მასშტაბური აქციებითა და შიმშილობით იმუქრებიან. ზოგიერთები კი იმასაც აპირებენ, რომ, ბათუმში მცხოვრები დევნილების მსგავსად, აფხაზეთისკენ მიმავალ გზას დაადგნენ..

(რიმა ხანაგუას ხმა) ”აჭარლებთან ერთად დავდგებით და წავალთ სოხუმში. რატომ არ წავალთ?! წავიყვან ჩემს ქმარსაც და ჩემს ხალხს და წავალთ... თუ არ რცხვენია საქართველოს. მე - ინვალიდი, ჩემი ქმარი - პირველი გრუპის ინვალიდი - უხელო, უთვალო, მეორე თვალზეც 45 პროცენტი აქვს. მეც ავიღო 10 ათასი და გავიდე აქედან? სადაა ეს? ზაკონი არის ასეთი?!” (სტილი დაცულია)

ეს ქართველების აფხაზი რძალი რიმა ხანაგუა გახლავთ. მისმა მეუღლემ, ანზორ გვიჩიანმ, აფხაზეთის ომში თვალი და მარჯვენა ხელი დაკარგა. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მე-3 სართულზე, 2 ოთახში 2 შვილთან ერთად ცხოვრობენ და შიშობენ, რომ ისედაც გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები გასახლების შემდეგ მათთვის კიდევ უფრო გაუარესდება. ცხოვრების ნულიდან დაწყების საშინლად ეშინია ხარჩილავების 6-სულიან ოჯახსაც, რომელსაც საავადმყოფოს შენობაში 3 ოთახი აქვს დაკავებული. მიუხედავად ამისა, ოჯახის მამა, აფხაზეთის ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი ნუგზარ ხარჩილავა, ბათუმში მცხოვრები დევნილების მიბაძვას არ აპირებს:

(ნუგზარ ხარჩილავას ხმა) ”ჩვენ აფხაზეთში არ დავბრუნდებით. გვინდა იქ დაბრუნება, მაგრამ ჩვენ მუხლებით არ დავდგებით აფხაზების წინაშე.” (სტილი დაცული)

ნუგზარ ხარჩილავა იმ სპეციალური კომიტეტის წარმომადგენელია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასახლების საკითხის კოორდინირებისთვის საგანგებოდ შეიქმნა 3 კვირის წინ - სწორედ მაშინ, როდესაც დევნილებმა, როგორც თავად ამბობენ, უბინაოდ დარჩენის საფრთხე იგრძნეს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას, სადაც ახლა, ძირითადად, სოხუმიდან დევნილი 210 ოჯახი ცხოვრობს, უახლოეს მომავალში მსოფლიო სტანდარტების მასშტაბური სამედიცინო დაწესებულება რომ უნდა ამოქმედდეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრობისას თქვა და იქვე კომპენსაციის საკითხსაც შეეხო:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”იმის გათვალისწინებით, რომ გაძვირდა ორი წლის წინანდელთან შედარებით, როცა ”ივერიასა” და ”აჭარაში” მცხოვრები დევნილები გასახლდნენ, მივცეთ ისეთი კომპენსაცია, რომ ყველას ჰქონდეს საკუთრება. მაგრამ ვერავინ ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის, ვერავინ ვერ შეაჩერებს მშენებლობას. ყველანაირი ადამიანი, ვინც ამას მოინდომებს, მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ვინც ხელს შეუშლის საავადმყოფოს მშენებლობას, არ ჰქონდეს სახელმწიფოს დახმარების იმედი. და, პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს გარეთ და არც ერთი ადამიანი არ დარჩეს უსახლკაროდ.” (სტილი დაცულია)

მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება 7 ივნისს გააკეთა. მეორე დღეს, 8 ივნისს, დევნილებს საავადმყოფოში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ და პირდაპირ უთხრეს, რომ თითოეული ოჯახისთვის 10 ათას დოლარზე მეტი არ არის გათვალისწინებული. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს გიორგი ხევიაშვილს დღემდე უკვირს, რატომ დარჩნენ დევნილები უკმაყოფილოები:

( გიორგი ხევიაშვილის ხმა) ”ისინი იძახიან, რომ 10 ათასი ცოტაა... არის გადასარევი თანხა იმისთვის, რომ მათ ფართი შეიძინონ.” (სტილი დაცულია)

დევნილები დარწმუნებულები არიან, რომ 10 ათას დოლარად, უძრავი ქონების ტოტალური გაძვირების ფონზე, მათი სურვილის დაკმაყოფილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ისინი 15 ათას დოლარს მოითხოვენ:

(ნუგზარ ხარჩილავას ხმა) ”ჩვენ არ ვითხოვთ ჩაგვასახლონ ვაკეში, საბურთალოში ან ცენტრალურ რაიონებში. ჩვენ გვინდა გლდანში და ვარკეთილში, სხვა რაიონებში, რომ შევძლოთ რამეფრად ვიცხოვროთ. ჩვენ ვართ ქალაქიდან, სოხუმიდან ვართ უმეტესობა... ჩვენ, ინვალიდებმა, რა გავაკეთოთ? ჩვენ გვთავაზობენ 10 ათას დოლარს. რა უნდა გავაკეთოთ?! როგორ ვიყიდოთ?! თვითონ გვიყიდოს მაგი...”. (სტილი დაცულია)

ნუგზარ ხარჩილავა, სხვა დევნილების მსგავსად, დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპირება მხოლოდ 10 ათას დოლარს არ გულისხმობდა. თუმცა მათ იმედს თანდათან სულ უფრო აფერმკრთალებს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის სახელზე 19 ივნისს გაგზავნილ წერილს პასუხი არ მოჰყოლია. ვიდრე უფრო აქტიურ მოქმედებას შეუდგებიან, იძულებით გადაადგილებული პირები ხელისუფლებას ვადას 3 ივლისამდე აძლევენ:

(ნუგზარ ხარჩილავას ხმა) ”თუ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება, მაშინ ორშაბათიდან ვიწყებთ გაფიცვებს. ჩვენ იძულებული ვართ შიმშილობა დავიწყოთ. ჩვენ შემოგვიერთდებიან ყველა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ.” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG