Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ელის მოსკოვი ''დიდი რვიანის'' პეტერბურგის სამიტისგან?


მიმდინარე კვირის მიწურულს სანკტ პეტერბურგში "დიდი რვიანის" სამიტი გაიმართება. რუსეთი პირველად მასპინძლობს მსოფლიოს ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრას და მისთვის, ბუნებრივია, საგანგებოდ ემზადება.

ბოლო ხანს გამყარებულმა პოზიციებმა (რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რუსეთის ეკონომიკის მოღონიერება) თვითდაჯერებულობა შესძინა კრემლის მესვეურთა მოქმედებებსა თუ განცხადებებს. ბევრი ექსპერტის აზრით, საწინააღმდეგო სურათი შეინიშნება დასავლეთის ლიდერთა ბანაკში. "დიდი რვიანის" სამიტს ისინი - როგორც ანალიტიკოსები ამტკიცებენ - კარგად გააზრებულ-შემუშავებული სტრატეგიით ვერ ხვდებიან. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

დღეს ბევრი იხსენებს 1990 წელს, როცა საბჭოთა კავშირს პირველად მიეცა საშუალება, დასწრებოდა მსოფლიოს შვიდი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნის სამიტს (მაშინ ამ "კლუბს" "დიდი შვიდეული" ერქვა). იხსენებენ ჰელმუტ კოლსა და უფროს ჯორჯ ბუშს შორის მდგომ მიხაილ გორბაჩოვს, რომელსაც - ფოტოსურათებზეც კი - მეტად მოკრძალებული იერი. არც არის გასაკვირი: მომაკვდავი საბჭოთა კავშირის ლიდერი სამიტზე ხელგაშვერილი, დახმარების სათხოვნელად ჩავიდა, გერმანიის კანცლერი და აშშ-ის პრეზიდენტი კი ის ადამიანები იყვნენ, ვისაც დახმარების გაწევა-არგაწევის საკითხი უნდა გადაეწყვიტათ.

მას შემდეგ 16 წელი გავიდა. დღეს საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი უკვე თავად არის ძლიერთა ამა ქვეყნისა კლუბის წევრი: 1998 წელს "დიდი შვიდეული" "დიდ რვიანად" გადაკეთდა. მეტიც, რუსეთი კლუბის მორიგე თავმჯდომარეა და 15-17 ივლისს მის სამიტსაც მასპინძლობს. რას ელის ამ შეხვედრისგან თავად მასპინძელი? მოსკოვის კარნეგის კვლევითი ცენტრის თანამშრომლის, ნიკოლაი პეტროვის აზრით, რუსეთისთვის მთავარი საერთაშორისო პრესტიჟია.

[ნიკოლაი პეტროვის ხმა] "რუსეთი სიმბოლურ შედეგებს მეტი მენიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე რაიმე კონკრეტულ შეთანხმებებს. მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, თავი კლუბის თანასწორუფლებიან წევრად წარმოადგინოს და, როგორც კლუბის თავმჯდომარემ, წამოჭრას საკითხები, რომელთა მოგვარებისას მას მართლაც შეუძლია ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება. კერძოდ, ეს ეხება ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემას."

ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრმა ზრდამ რუსეთი არა მარტო ეკონომიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც მოაღონიერა. მისი ხელისუფალნი თავდაჯერებულად ელაპარაკებიან დასავლელ ლიდერებს და თვით ვაშინგტონსაც აღარ ეპუებიან. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ საგარეო პოლიტიკის არაერთ საკითხში (როგორიცაა, მაგალითად, ერაყის სამხედრო ოპერაცია) თვით დასავლელ მოკავშირეთა შორისაც არ არის თანხმობა. ამ მხრივ, ინგლისელი ექსპერტის, რობერტ უეიდის აზრით, განსაკუთრებით მოიკოჭლებს ევროპის კავშირი. ლონდონის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი ამბობს, ევროპა მეტისმეტად დაქსაქსულია საიმისოდ, რათა რუსეთს მეტოქეობა გაუწიოსო.

[რობერტ უეიდის ხმა] "საგარეო პოლიტიკის ბევრ საკითხი ევროკავშირი ვერ ახერხებს ერთიანი პოზიციის შემუშავებას, ეს კი საშუალებას აძლევს ავტორიტარულ ქვეყნებს პოსტსაბჭოთა სივრცეში და, გარკვეულწილად, შეერთებულ შტატებსაც, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ ევროკავშირის ცალკეული წევრების განსხვავებულ პოზიციებზე."

რუსეთის მოსახლეობაში ბოლო ხანს აშკარად შეინიშნება ოპტიმისტური განწყობა. მეტიც, იმ მოსკოველთა დიდი ნაწილი, ვისაც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი კლერ ბიგი გაესაუბრა, სიამაყესაც კი გრძნობს.

[ტატიანას ხმა] "ეს სიამაყის გრძნობას იწვევს, რადგან ჩვენი ქვეყანა გარკვეულ წარმატებებს აღწევს და ჩვენს ლიდერებს ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთხოვნელი ქვეყნიდან (როგორიც ელცინის დროს ვიყავით) ვიქეცით დონორ ქვეყნად, ქვეყნად, რომელსაც საერთაშორისო სარბიელზე თავისი წონა აქვს და თავის სიტყვასაც ამბობს."

ასე ფიქრობს 67 წლის მოსკოველი ქალი, ვინმე ტატიანა. მაგრამ რამდენად მყარია ამ ოპტიმიზმის საფუძველი? ბორის კარაგლიცკი, მოსკოვის გლობალიზაციის ინსტიტუტის დირექტორი, ამბობს, რომ თავდაჯერებულობის ფასადის უკან საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობა იმალება.

[ბორის კარაგლიცკის ხმა] "მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით ვსაუბრობთ, როგორი თავდაჯერებული ვართ, რომ თავს ახლებურად ვგრძნობთ, რომ ყველაფერი კარგად მიგვდის, იგრძნობა შინაგანი, სიღრმისეული დაურწმუნებლობა. ეს კი ბევრ პრობლემას ქმნის - როგორც ხელმძღვანელობის დონეზე, ისე საზოგადოების დონეზე. რუსეთის პოზიცია, ერთი მხრივ, თითქოს უწინდელზე გაცილებით უკეთესია, ხოლო მეორე მხრივ, ის ძალიან მყიფე და არასტაბილურია. რუსეთის ელიტას ეს კარგად ესმის და სწორედ ამიტომ პუტინი და მისი გარემოცვა ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიყენონ ის კონკრეტული სიტუაციური უპირატესობა, რომელსაც ახლა ფლობენ."

ასეთია ბორის კაგარლიცკის მოსაზრება. საქართველოსთვის კი "დიდი რვიანის" სამიტი, უწინარესად იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მისი მონაწილეები ე.წ. "გაყინული კონფლიქტების" საკითხსაც განიხილავენ.
XS
SM
MD
LG