Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განიხილავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს


18 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელმა სხდომამ, მოსამართლე ბესარიონ ზოიძის თავმჯდომარეობით, ადვოკატების ონისე მებონიასა

და ვახტანგ მანსურაშვილის ორი საკონსტიტუციო სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა. სასარჩელო განცხადებებში ნათქვამია, რომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა ცნოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და მე-18 მუხლებს ეწინააღმდეგებიან. საქმე ის არის, რომ, სადავო 208-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლეს შეუძლია გასცეს განკარგულება და დარბაზში მყოფი პირი, გასაჩივრების უფლების გარეშე, ან დააჯარიმოს, ანდა დააპატიმროს 30 დღე-ღამის ვადით. მოსარჩელეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის შეჩერების შუამდგომლობითაც მიმართეს.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, ხოლო მე-18 მუხლი ამბობს, რომ თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ადვოკატი მანანა კობახიძე, მოსარჩელე ონისე მებონიას წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში, მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის:

[მანანა კობახიძის ხმა] „ეს მუხლი პირდაპირ არღვევს კონსტიტუციის 42-ე მუხლს, რომლითაც გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. ანუ ეს არის ძალზე საშიში ნორმა, რომელიც აძლევს მოსამართლეს საშუალებას გარკვეულწილად ბოროტად გამოიყენოს ეს უფლება და ზედმეტად აქტიური ადვოკატი, რომელიც მისთვის არასასურველია, ჩამოაშოროს პროცესს, თანაც ისე, რომ არ მიეცემა ამ პირს საშუალება გაასაჩივროს თუნდაც ერთი ინსტანციის სასამართლოში.“(სტილი დაცულია)

მანანა კობახიძის თქმით, 208-ე მუხლის უსამართლობა საკუთარ თავზე უკვე გამოსცადეს ადვოკატებმა ონისე მებონიამ და ვახტანგ მანსურაშვილმა. მებონიამ სასამართლოს მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო 10-დღიანი სასჯელი უკვე მოიხადა, ხოლო მანსურაშვილს პატიმრობის 30-დღიანი ვადა ჯერ არ გასვლია. ადვოკატი ოთარ კახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ რომ ვახტანგ მანსურაშვილის ინტერესებს იცავს.

[ოთარ კახიძის ხმა] „როდესაც მოსამართლეს აყენებენ შეურაცხყოფას, რასაკვირველია, არის სუბიექტური, იგი არის განაწყენებულიც, შესაბამისად, რომელ მიუკერძოებლობაზეა ლაპარაკი? იგი აშკარად მიკერძოებულია თავის თავის მიმართ, იმიტომ რომ არის აბსოლუტურად სუბიქტური. ამ საკითხს უყურებს თავისი პიროვნული გადმოსახედიდან, იმიტომ რომ მავანისთვის შეიძლება შეურცხმყოფელი იყოს შენობით მიმართვა, ხოლო სხვისთვის დედის გინება.“ (სტილი დაცულია)

ოთარ კახიძის თქმით, შეურაცხყოფილი მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, როგორც ამას ევროკონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს. პროცესი, რომელიც 12 საათზე დაიწყო, თითქმის სამი საათი გაგრძელდა. სხდომის მსვლელობისას მოსარჩელე მხარეებმა კონსტიტუციური სარჩელების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს. ძალაში დარჩა ონისე მებონიას ინტერესების დამცველთა შუამდგომლობა.

[ვახტანგ გვარამიას ხმა] „საკონსტიტუციო სასამართლოში წერილობით წარმოადგინეს შუამდგომლობა, რომელშიც ითხოვენ, რომ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს ერთ-ერთი სადავო ნორმის - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის -მოქმედება...“

მომხსენებელმა მოსამართლემ ვახტანგ გვარამიამ სრულად ჩაიკითხა ადვოკატ მანანა კობახიძის მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლეები საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ვეღარ ისარგებელებენ სადავო ნორმით. კობახიძის თქმით, შუამდგომლობის დაკმაყოფილება საშური საქმეა:

[მანანა კობახიძის ხმა] „შესაძლებელია, 6 თვის განმავლობაში საქმე არც დამთავრდეს და 6 თვეში ბევრი ადამიანი შეიძლება გახდეს ამ არაკონსტიტუციური ნორმის მსხვერპლი. არადა, მსხვერპლი უკვე სახეზეა: ონისე მებონია, ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი და მათი მეგობრები, რომლებიც სწორედ ამ მუხლით იქნენ დაპატიმრებულნი.“(სტილი დაცულია)

თუმცა, სავალალო სტატისტიკის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ იჩქარა. სხდომის თავმჯდომარის ბესარიონ ზოიძის თქმით, სასამართლო კოლეგია საკონსტიტუციო სარჩელის მიღება-არმიღების გადაწყვეტილებას 20 ივლისს, 11 საათზე, გამოაცხადებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG