Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ანტიკორუფციული ინდექსი საგრძნობლად გაუმჯობესდა – ასკვნის მსოფლიო ბანკი


26 ივლისს მსოფლიო ბანკმა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში კორუფციის მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა.

მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა გამოკვლევა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის 26 ქვეყანასა და დასავლეთ ევროპის 5 განვითარებულ ქვეყანაში ჩაატარეს. მთლიანობაში, განვითარებადი ქვეყნების მაჩვენებლების მიხედვით, 2002–2005 წლებში კორუფციის დონე ყველაზე მეტად საქართველოში შემცირდა.

“ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ გარდამავალ პერიოდში – ვინ აღწევს წარმატებას და რატომ” – პირობითად ასე შეიძლება დასათაურდეს მსოფლიო ბანკის რიგით მესამე ანგარიში იმ სერიიდან, რომელიც კომპანიებსა და სახელმწიფოს ურთიერთობაში არსებულ კორუფციას ადევნებს თვალს 1999 წლიდან. წინა ანგარიშების მსგავსად, 26 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ბიზნესგარემოსა და საწარმოების მუშაობის კვლევის შედეგებია ასახული.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში კორუფციის დონის საგრძნობი შემცირება ქვეყნის ხელისუფლების რეფორმატორულ კურსს უკავშირდება. კერძოდ, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ფაქტორის შესამცირებლად, ფისკალური გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად და ზედამხედველი უწყებების გასაძლიერებლად საქართველოს ხელისუფლებამ გაბედული ნაბიჯები გადადგა და, შესაბამისად, ანტიკორუფციულ ინდექსებში ქვეყნის რეიტინგის მკვეთრი გაუმჯობესება განაპირობა. საქართველოში მოღვაწე ეკონომიკურ ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მსოფლიო ბანკის გამოკვლევა, მართლაც, ასახავს რეალობას, თუმცა გარკვეული ფარდობითობით. გია ხუხაშვილის აზრით, მსოფლიო ბანკის დასკვნა ობიექტურია. ის ეხება ჩინოვნიკის მიერ ქრთამის აღების საკითხებს, რაშიც პროცენტული ვარდნა, მართლაც,აშკარაა. თუმცა, მთლიანობაში, კორუფციის დონე ქვეყანაში არ შემცირებულა, კორუფციამ კი ტრანსფორმაცია და მუტაცია განიცადა, არასტანდარტული ფორმები მიიღო და, შესაბამისად, ძნელი გასაგები და აღსაქმელი გახდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებისთვის. თავად გია ხუხაშვილს მოუსმინეთ.

[გია ხუხაშვილის ხმა] “გაჩნდა სხვადასხვა ფონდები. ვიღაცა შეიძლება ფიქრობდეს, რომ ეს არ არის კორუფცია, მაგრამ ეს არის კორუფციის, მე ვიტყოდი, ყველაზე დამანგრეველი ნაირსახეობა. ერთგვარი რეკეტის მეშვეობით ხდება ბიზნესიდან დამატებითი, საგადასახადო კოდექსით არგათვალისწინებული, დამატებითი სახსრების მობილიზება “ნებაყოფლობით”. ეს, მე ვფიქრობ, არის კორუფციის ყველაზე მახინჯი სახე. ჩვენთან, ფაქტობრივად, დღეს ბიზნესი უკვე აღარ არის დათვლადი და ეს ზრდის რისკებს სერიოზულად.“

ექსპერტი გია ხუხაშვილი რისკებიდან გამოყოფს საინვესტიციო გარემოს გაუარესებას, ბიზნესის დაუცველობას, გაუმჭვირვალობას და ქვეყნის ეკონომიკური სექტორის განვითარების შეფერხებას. განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა. მისი თქმით, ბიზნესსექტორში ის რეფორმატორული თუ საკანონმდებლო ნოვაციები, რომლებიც მსოფლიო ბანკის ექსპერტებმაც დაინახეს და დააფასეს, ორ ძირითად კატეგორიად ჯგუფდება:

[ნათია თურნავას ხმა]“ ძირითადად, მსოფლიო ბანკი თავის, ჩვენთვის სასიხარულო, შეფასებაში ხელმძღვანელობდა ჩვენი რეფორმების ხარისხით და რეფორმები, ძირითადად, ეკონომიკურ ნაწილში, განსხვავებული სხვა ქვეყნებისაგან და პროგრესული, ეს არის ლიცენზიებისა და ნებართვების გაუქმება. ჩვენ ხომ 75 პროცენტი ლიცენზიების და ნებართვებისა გავაუქმეთ, ფაქტიურად. 900–ზე მეტი იყო და 100–ზე ცოტა მეტი დარჩა და კიდევ ვაგრძელებთ ამ პროცესს. და, გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსი და საგადასახადო ადმინისტრირება, რამაც გამოიწვია ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაცია. ცხადია, სხვა რეფორმებიც იგულისხმება.“(სტილი დაცულია)

ამბობს ნათია თურნავა და დამატებით ასახელებს საჯარო სამსახურის რეფორმას, ინსპექციებისა და მაკონტროლებელი ორგანოების, ბიზნესის რეგისტრაციისათვის საჭირო დროისა და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კონტაქტების შემცირების ტენდენციას, როგორც კორუფციის აღმოფხვრის ქმედით საშუალებას. რაც მთავარია, მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ მის მიერ ჩამოთვლილი სიახლეები რეალურ ცხოვრებაშიც წარმატებით ინერგება.
XS
SM
MD
LG