Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამოსული ქართული გაზეთები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


დღეს გამოსული ქართული გაზეთები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ფრონეს ხეობაში, 7 აგვისტოს პოლიციელების

დაჭრის ფაქტს. ინციდენტს ქართული მხარე უწოდებს მორიგ პროვოკაციას, რომელიც სამხედრო დაპირისპირების განახლებასა და სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ისახავს მიზნად. პრესა აშუქებს ოსური მხარის რეაქციასაც, რომელსაც, მაგალითად, გაზეთი ”რეზონანსი” ”გაღმა გამოდავებად” აფასებს.

”რეზონანსთან” საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ ეს მორიგი პროვოკაცია რუსეთიდან მოდის: ”ძალიან ძნელია, - ამბობს ის, - ყველაფერში ხელის მასზე დადება, მაგრამ მოსკოვს უნდა აწყობდეს ისეთი მდგომარეობა საქართველოში, როდესაც ყველა დონეზე პრობლემებია.” თუმცა კონფლიქტოლოგი არ გამორიცხავს, რომ საქმეში ოსური ფაქტორიც ერიოს. პაატა ზაქარეიშვილი სიფრთხილეზე საუბრობს, არასრულყოფილების კომპლექსის დაძლევის აუცილებლობას უსვამს ხაზს და სახელმწიფოს მიერ გადასადგმელ უპირველეს პოლიტიკურ ნაბიჯად ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას მიიჩნევს.

”ახალი თაობა” წერს, რომ ყურადღების არანაკლებ გამახვილებაა საჭირო კოდორის ხეობაში, სადაც სიტუაცია დღითიდღე იძაბება. გაზეთში ვკითხულობთ, რომ ”კოდორის ხეობისკენ ბაღაფშმა თავის ფორმირებებს ჯერ კიდევ მანამდე დაულოცა გზა, ვიდრე ემზარ კვიციანი ამბოხებას მოაწყობდა. ბაღაფში იქ ზუსტად იმ ოპერაციის ჩატარებას გეგმავდა, რაც ქართველმა სამართალდამცავებმა და სამხედროებმა ჩაატარეს. დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობდა, რომ კოდორში უკანონო შეიარაღებული ფორმირება და დიდძალი იარაღია”. სერგეი ბაღაფშს იმ ეტაპზე გეგმა ჩაეშალა, თუმცა ”რეზონანსი” მკითხველს შეახსენებს, რომ ”სოხუმში კოდორზე შეტევა იგეგმება”. შტურმის გადაწყვეტილება, გავრცელებული ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას მიიღეს. მართალია, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერები ბრძოლისათვის მზადებას უარყოფენ, მაგრამ არც იმას გამორიცხავენ, რომ მოვლენები სწორედ ასე განვითარდეს.

პოლიტოლოგი პაატა დავითაია დარწმუნებულია, რომ აფხაზებმა მზაკვრული საბრძოლო გეგმა უკვე შეიმუშავეს. ექსპერტი ”რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ემზადება შტურმისთვის, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს: ”ჩამოყვანილი არიან ის სპეციალისტები, რომელთაც მთიან რეგიონში საბრძოლო გამოცდილება აქვთ. ესენი არიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ოფიცრები. აფხაზეთში ასევე უკვე იმყოფებიან კაზაკები. ხეობაში დანაღმვითი სამუშაოები და სამხედრო პოსტების განლაგება მიმდინარეობს. რაც შეეხება იმ სროლებს, რომლებსაც ბოლო დღეებში აფხაზური მხრიდან ჰქონდა ადგილი, ეს იყო იმის წინაპირობა, რომ შემდგომში დაბომბვა უფრო ეფექტური იყოს.”

აფხაზების მხრიდან კოდორის ხეობაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებას გამორიცხავს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. ის ამბობს, რომ აფხაზებს ქვემოდან ზემოთ ბრძოლების საწარმოებელად სათანადო რესურსები არა აქვთ. თუმცა, არეშიძის განცხადებით, სავსებით რეალურია საფრთხე იმისა, რომ აფხაზებს ჩრდილოეთკავკასიელი მოხალისეები აქტიურად დაეხმარონ. გაზეთ ”ხვალინდელი დღისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი აღნიშნავს, რომ, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, აფხაზეთში მოხალისეთა ნიღაბს ამოფარებული ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებიც შემოვლენ. მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ, ”ქუდზე კაცის” დაძახების შემთხვევაში, მოხალისეთა
5-10 ათას კაციანი არმია ქართულ მხარესაც შეუგროვდება. თუმცა, ექსპერტის შეფასებით, ამ პროცესში მათი ჩართვა დიდი შეცდომა იქნება და ”ეს ყოველივე იმის ნგრევას გამოიწვევს, რაც ამ წლების განმავლობაში გაკეთებულა.”

იგივე გაზეთი ”ახალი თაობა” მომხდარს უკავშირებს ვითარებას, რომელიც კოდორის ხეობაში ბოლო პერიოდში შეიქმნა. გაზეთ ”ახალი თაობის” შეფასებით, ”აგვისტო საქართველოსთვის ძალიან ცხელი იქნება და არამხოლოდ ატმოსფერული თვალსაზრისით.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG