Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის წარმატებაზე საუბრობენ


8 სექტემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ ევროპაში და შუა აზიაში კორუფციის პრობლემისადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართა.

მონაწილეებმა მსოფლიო ბანკის, და არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები განიხილეს. როგორც ამ შედეგებით გამოიკვეთა, პოსტ-საბჭოთა სივრცეში კორუფციასთან ბრძოლა ყველაზე წარმატებით იმ ქვეყნებში მიმდინარეობს, რომლებიც ან უკვე შევიდნენ ევროკავშირში, ან მასში გაწევრიანების რეალური შანსი აქვთ. შუა აზიის და კავკასიის ქვეყნები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. თუმცა, გაბედული რეფორმების გამო, საქართველო წარმატებულ გამონაკლისს წარმოადგენს.

კორუფციასთან ბრძოლის ექსპერტთა დასკვნით, ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურებში დამკვიდრებული კორუფციული პრაქტიკის სწრაფი და აბსოლუტური აღმოფხვრა შეუძლებელია - თუმცა გარკვეული ფაქტორების ერთობლიობა კორუფციის შემცირებას აშკარად ხელს უწყობს. ამ ფაქტორებს შორისაა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ქვეყნის მოდერნიზაციაზე მომუშავე
გაბედული პოლიტიკური ლიდერები, და გამარტივებული კანონები.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, ევროპის და შუა აზიის სპეციალისტი, შერილ გრეი - რომელიც ბრიუსელში გამართული სემინარის მონაწილე იყო - ამბობს, რომ კორუფცია დიდწილად ცნობიერების პრობლემაა. თუმცა ცნობიერების შეცვლა შესაძლებელია, თუ საქმეს ხელს გაბედული ლიდერები მოკიდებენ. შერილ გრეის აზრით, საქართველო ამის კარგი მაგალითია:

[გრეის ხმა]: ”საქართველოს მაგალითი რომ მოვიყვანოთ, როგორც სჩანს, იქ ცნობიერება შეიცვალა. დასაშვებად აღარ ითვლება ის, რაც ადრე ყველას ეპატიებოდა. საგადასახადო და საბაჟო სტრუქტურებიდან ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს. მთლიანად დაითხოვეს საგზაო პოლიცია, სხვა ბევრი პოლიციელიც გაათავისუფლეს და მათ, ვინც დარჩა, ხელფასები მოუმატეს. ამ პროცესებს თან გარკვეული პრობლემები ახლდა კანონიურობის თვალსაზრისით, მაგრამ მთლიანობაში, შედეგი ის არის, რომ ცნობიერება სწრაფად შეიცვალა”.

თუმცა, შერილ გრეის თქმით, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ წარმატება გრძელვადიანი იქნება. მისი თქმით, მთავარი ამოცანა, რომელიც ახლა საქართველოს წინაშე დგას, საბაზრო ეკონომიკის გაძლიერებისთვის, და კანონის უზენაესობის დამყარებისთვის აუცილებელი ინსტიტუტების განვითარებაა.

Transparency International-ის წარმომადგენელი, მიკლოშ მარშალი, რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელ ფაქტორებად შემდეგ კომპონენტებს ასახელებს:

[მარშალის ხმა]: ”მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცვლილებების მოხდენა შესაძლებელია მაკროეკონომიკური რეფორმის გატარებით, საზოგადოებრივი ადმინისტრაციის მოდერნიზაციით, ბიუროკრატიული პროცედურების შემცირებით, ეკონომიკური თავისუფლების გაზრდით, და მედიის და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით. როდესაც წარმატებული რეფორმის რომელიმე კონკრეტულ მაგალითს განვიხილავთ, ამ ელემენტების მნიშვნელობა აშკარა ხდება”.

კვლევების თანახმად, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ქვეყნებია ესტონეთი და სლოვენია. ამ ქვეყნებს ოდნავ ჩამორჩებიან ლიტვა, ლატვია და ჩეხეთი. შედარებით უარესი ვითარებაა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და მოლდავეთში. რეგიონის მასშტაბით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი შუა აზიის რესპუბლიკებშია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG