Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი თვითმმართველობები – სად გადის ზღვარი ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ მმართველობას შორის


საზოგადოება დიდი ინტერესით მოელის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ინტერესს ამ ეტაპზე, ძირითადად, პოლიტიკური ინტრიგა განაპირობებს.

თუმცა არანაკლებ საინტერესოა მთავარი საკითხი – რა ტიპის თვითმმართველობები ჩამოყალიბდება არჩევნების შემდეგ და რამდენად მოწოდებულნი იქნებიან ისინი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მისაღებად.

5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოში საგრძნობლად მცირდება თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა. სტატისტიკური სურათი ასეთია: აქამდე არსებული პირველი დონის 1004 ერთეულის ნაცვლად, რაიონული დონის 65 თვითმმართველი ორგანო იქმნება. ამას ემატება 4 რაიონულ დონესთან გათანაბრებული და 5 დიდი ქალაქის თვითმმართველობა. თვითმმართველი ერთეულების გამსხვილებას საქართველოს მმართველი ხელისუფლება დემოკრატიისაკენ წინგადადგმულ ნაბიჯად მიითვლის და კატეგორიულად ემიჯნება მათ, ვინც ფიქრობს, რომ თვითმმართველობის რეფორმას დეცენტრალიზების კურსი არ უდევს საფუძვლად. საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ვანო ხუხუნაიშვილს მოუსმინეთ.

[ვანო ხუხუნაიშვილის ხმა]“ეს არის დეცენტრალიზებული, რა თქმა უნდა. ვინც ამბობს, რომ ეს არის ცენტრალიზაციის რაღაცა გამოხატულება, უნდა თქვას კონკრეტულად სად, როდის, რაში გამოიხატება ეს. მოიშალა პრაქტიკა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება მონაწილეობდა საკადრო პოლიტიკაში, საკადრო საკითხებში. ეს აღარ არის. ვერც ერთ პირს, ვერც ერთ თანამდებობის პირს ვერ დანიშნავს და ვერ ჩაერევა ცენტრალური ხელისუფლება ადგილზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.“

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, თვითმმართველობის ერთეულის პირველი პირი თბილისში ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მერი, რომელსაც რაიონის საკრებულოს შემადგენლობიდან ირჩევენ. თბილისის გარდა, მერი საქართველოს არც ერთ ქალაქს აღარ ეყოლება. რაიონულ დონეზე თვითმმართველობის ხელმძღვანელია რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე, აღმასრულებელ ფუნქციას კი შეასრულებს გამგებელი, რომელსაც საკრებულოს ბიურო კონკურსის წესით შეარჩევს.

[ირაკლი კობახიძის ხმა] “ეს არის საჯარო კონკურსი. ნებისმიერს შეუძლია განაცხადის შეტანა. და, კანონით, ეს არის სამეურნეო თანამდებობა. კანონით ის არის განსაზღვრული, რომ საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს ხელმძღვანელი თვითმმართველობის, მაგრამ რეალური სიტუაცია როგორი იქნება, ანუ რამდენად მოხდება ამ დებულების ცხოვრებაში გატარება, რამდენად იქნება თვითმმართველობის პირველი პირი რეალურად პოლიტიკური ლიდერიც ამ თვითმმართველობის, პოლიტიკური განვითარება გვაჩვენებს.“(სტილი დაცულია)

შეინარჩუნებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე რაიონის ხელმძღვანელი პირის გავლენას და გახდება თუ არა გამგებელი პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკური საკითხია, – მიიჩნევს ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმების ცენტრის იურისტი ირაკლი კობახიძე. მისი აზრით, თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამგებლის შერჩევის პრინციპი თავისთავად პოზიტიურია. სხვა საკითხია, რა როლს ითამაშებს კანდიდატის მოწონების დროს მისი პარტიულობა. თუმცა არის სხვა არანაკლებ მტკივნეული საკითხებიც. თვითმმართველობის ექსპერტი დავით ლოსაბერიძე, მაგალითად, აქცენტს, უმთავრესად, თვითმმართველობათა ფინანსურ უზრუნველყოფაზე აკეთებს:

[დავით ლოსაბერიძის ხმა]“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, იმიტომ რომ... შედარებისათვის: შევარდნაძის დროს ეს იყო ბიუჯეტის მესამედი, უფრო მეტიც, როდესაც 600 მილიონი გააჩნდა სახელმწიფოს კონსოლიდირებული ბიუჯეტი, 200–250 მილიონი მიდიოდა როგორც საკუთარი შემოსავლები, ისე ტრანსფერებით ადგილობრივ ხელისუფლებაზე და რაიონების ქვედა დონეზე. დღეს საუბარი არის მიზნობრივ ტრანსფერზე, სულ რაღაც 70 მილიონზე. ეს იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი 600 მილიონიდან გაიზარდა 3 მილიარდამდე.“ (სტილი დაცულია)

დავით ლოსაბერიძე არ გამორიცხავს, რომ ამა თუ იმ რაიონისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფის საკითხი იმის შესაბამისად გადაწყდეს, ცენტრალური ხელისუფლებისთვის რამდენად სასურველი პირები იქნებიან ადგილობრივი საკრებულოსა და გამგეობის სათავეში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ცენტრალიზებული მართვის საფრთხეზე მიუთითებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. რესპუბლიკური პარტიის წევრ თენგიზ შერგელაშვილს მოვუსმინოთ.

[თენგიზ შერგელაშვილის ხმა]“გავაუქმეთ ყველა სოფელში, დაბაში, ქალაქში თვითმმართველობა, ამოვიდა ეს ყველაფერი რაიონებში, ანუ 1000–ის ნაცვლად გვყავს 65 თვითმმართველობა, ანუ ჩაიკარგება ამ არჩევნების მერე სოფლების, კონკრეტული ქალაქების ინტერესები, მოსახლეობის კავშირი მნიშვნელოვნად შეფერხდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, შესაბამისად, ბევრი ინტერესი, რომელიც ბიუჯეტის განაწილებას თუ მიწებისა და საკუთრების თემას შეეხება, მათი გადაწყვეტის მექანიზმი იქნება გაცილებით რთული. იმიტომ რომ გვექნება ერთი დიდი რაიონის სახით ეს სტრუქტურა.“(სტილი დაცულია)

თენგიზ შერგელაშვილი ფიქრობს, რომ თვითმმართველობის ახალი სტრუქტურა მმართველმა პარტიამ საკუთარ ინტერესებს მოარგო და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიის მთავარი ღირებულებების დაცვასთან.
XS
SM
MD
LG