Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი ქართული პრესა ფართოდ აშუქებს საქართველოს მიერ ნატოსკენ გადადგმულ კიდევ


დღევანდელი ქართული პრესა ფართოდ აშუქებს საქართველოს მიერ ნატოსკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელიც ”ინტენსიურ დიალოგზე” გადასვლას გულისხმობს.

მიმოხილვას დავიწყებ ”24 საათში” გამოქვეყნებული ინტერვიუთი, რომელშიც საქართველოს პირველი ელჩი ნატოში, ზურაბ აბაშიძე, იხსენებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ ჩვენი ქვეყნის პირველ ნაბიჯებს 90-იანი წლების დასაწყისში: ”1993 წელს ჩვენ შევუერთდით ნატოში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების თანამშრომლობის პირველ მექანიზმს. მას ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო ერქვა და ის ერთობლივ სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობას ითვალისწინებდა... ” მერე ”შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შესთავაზა პროგრამა ”პარტნიორობა მშვიდობისათვის”. შესაბამისად, მასში ჩვენც გავწევრიანდით. სემინარების გარდა, პროგრამა კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკულ თანამშრომლობასაც ითვალისწინებდა. მაშინ დაიწყო განხორციელება ერთობლივმა სამხედრო წვრთნებმა”. ყოფილი ელჩი საქართველოსადმი ნატოს ამჟამინდელ მზარდ ინტერესს კასპიის ნავთობის ფაქტორს უკავშირებს და კიდევ - ვარდების რევოლუციას, რომელმაც, ზოგადად, მსოფლიოში საქართველოსადმი ინტერესი გააძლიერა. ”ინტენსიური დიალოგის” ფორმატზე გადასვლა ნიშნავს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალურ კანდიდატად განიხილავენ. თუმცა, ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს ”თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ნატოში უახლოეს მომავალში გაწევრიანდება. როგორც წესი, - ამბობს ის, - ინტენსიური დიალოგის დაწყებიდან პრაქტიკულ გაწევრიანებას ქვეყნები რამდენიმე წელიწადს ანდომებენ.”

”ინტენსიური დიალოგის დამტკიცება ძალიან ძლიერი სიგნალია ყველასთვის, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს დემოკრატიის განვითარებისთვის და ამ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა აქვს, - აცხადებს ”რეზონანსთან” საუბრისას ”საქართველოს სტრატეგიისა დ საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი და განაგრძობს, - გარდა ამისა, ეს იქნება სიგნალი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს მტრობენ, რომ საქართველო საფრთხეების წინაშე მარტო აღარ იქნება”. ამასთან, პოლიტოლოგი მოელის, რომ ხსენებული ”საფრთხეები გაძლიერდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - ქვეყნის გარეთ. ”გაჩნდა ძალიან ბევრი საფრთხე, რადგანაც იმ მთავრობისთვის, რომლის ხელშიც ქვეყანა ნატოში შევა, ეს იმხელა პლუსი იქნება, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებს ხელისუფლებასთან წარმატებით ოპონირების ძალიან ცოტა შანსი დარჩებათ. უფრო მეტი საფრთხე კი გარე აგრესიიდან არის მოსალოდნელი... პოლიტიკური ძალები, როგორც - შიდა, ასევე - გარე, გააქტიურდებიან, რათა ინიციატივა ხელში ჩაიგდონ.” - უსიამოვნო პროგნოზს ასე აყალიბებს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი.

”შეიძლება ითქვას, რომ ინტენსიური დიალოგი, რომელიც ნატომ საქართველოს შესთავაზა, ჩვენი ქვეყნის განვითარების ფონზე სერიოზული მიღწევაა ,” - ვკითხულობთ ”ახალი ვერსიის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. ავტორის თქმით, ”ნატოსთან ინტენსიური დიალოგი განიხილება როგორც ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში მიწვევის წინაპირობა, რაც, თავის მხრივ, ნატოს წევრობისკენ პირდაპირი გზაა. თუმცა არც ერთი ამ საფეხურის გავლა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება”. ”ნატოს წევრობამდე საქართველოს ჯერ კიდევ რთული გზა აქვს გასავლელი,” - მიიჩნევს გაზეთ ”ახალ ვერსიაში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG