Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დაპატიმრებული ქრისტიანი ცოლ-ქმრის ბედი გაურკვეველია


ქრისტიანული სამყარო და ადამიანის უფლებათდამცველები შეშფოთებულნი არიან ირანში დაპატიმრებული ქრისტიანი ცოლ-ქმრის, ირანელი რეზა მონტაზამისა და ფერეშტე დიბაჯის,

ბედით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ ახმაურებს მათი დაპატიმრების ოფიციალურ მიზეზებს, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ირანელი ცოლ-ქმარი ქრისტიანული სარწმუნოების გამო იდევნება. საგულისხმოა, რომ ფერეშტე დიბაჯი უმცროსი ქალიშვილია ქრისტიანი მღვდელმსახურისა, რომელიც რამდენიმე წლის წინ - სავარაუდოდ, სწორედ მისი რწმენის გამო - მოკლეს.


28 წლის ფერეშტე დიბაჯი და მისი მეუღლე, 35 წლის რეზა მონტაზამი, ქრისტეს მიმდევრები არიან და ირანის ქალაქ მაშადში დამოუკიდებელ ბაპტისტურ-ევანგელისტურ სალოცავს ხელმძღვანელობდნენ. ცოლ-ქმარი 26 სექტემბერს დააპატიმრეს ირანის უშიშროების გამომძიებლებმა, რომლებმაც სახლიდან კომპიუტერი, ქრისტიანული წიგნები და სხვა ნივთები წაიღეს. ამ დღიდან მოყოლებული, ცოლ-ქმრის ადგილსამყოფელი უცნობია, უცნობია მათ მიმართ წაყენებული ბრალეულობაც. ფერეშტეს ძმამ, ისა დიბაჯიმ, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ ისინი მათი ქრისტიანული სარწმუნოების გამო იდევნებიან, რამდენადაც დაპატიმრებამდე ხშირად ემუქრებოდნენ.

[ისა დიბაჯის ხმა]“ხელისუფლებამ გააფრთხილა ისინი, რომ სახლში არ მოეწყოთ მლოცველების შეკრება. მაგრამ როგორ შეიძლება ეს? როგორც მუსლიმებს აქვთ მთელ მსოფლიოში უფლება შევიდნენ და ილოცონ მეჩეთებში, იგივე უფლება უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებსაც – ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი მათი დაპატიმრებისა ისაა, რომ ისინი მუქარის შემდეგაც აგრძელდებდნენ შეკრებებს.”

ირანელი რეზა მონტაზამი ქრისტიანულ რჯულზე 20 წლის ასაკაში მოექცა, მისი ცოლი ფერეშტე კი ქრისტიანულ-ევანგელისტური ეკლესიის მღვდლის, ცნობილი მეჰდი დიბაჯის, ქალიშვილია. მეჰდიმ 9 წელიწადი გაატარა საპყრობილეში და 1993 წელს მას სარწმუნოების გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. საქმე ისაა, რომ ისლამის კანონი, რომელიც ირანში მოქმედებს, ამბობს, რომ ირანელი, რომელიც სხვა სჯულს მიიღებს, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთების გამო, მეჰდი დიბაჯი საპატიმროდან გაათავისუფლეს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ქრისტიანი მღვდელი მოკლული იპოვეს. როგორც რადიო “თავისუფლებას” დაპატიმრებული ფერეშტე დიბაჯის ძმამ განუცხადა, ხელისუფლებაში მაჰმუდ აჰმადინეჟადის მოსვლის შემდეგ ირანში ქრისტიანების დევნა გაძლიერდა:


[ისა დიბაჯის ხმა]“ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის მოსვლის შემდეგ, ზეწოლა უპრეცედენტოდ გაძლიერდა. 1994-სა და მომდევნო წლებში განხორციელებულ მკვლელობათა სერიის შემდეგ მგავსი ზეწოლა არ ყოფილა - ქრისტიანები შედარებით მშვიდად ცხოვრობდნენ. მაგრამ ბოლო წლებში ზეწოლა გაძლიერდა. ზოგჯერ ქრისტიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ, არის მუქარები, დაჭერები.”

ქრისტიანების დევნა ირანში 1979 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო. იქიდან მოყოლებული, ირანში საგრძნობლად შემცირდა სომხების რაოდენობა, ამ ყველაზე მრავალრიცხოვანი ქრისტიანული თემისა. ადამიანის უფლებათა დამცველები და ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები ჩივიან იმ შეურაცხყოფისა და დევნის გამო, რასაც ირანში ქრისტიანები განიცდიან. რელიგიის თავისუფლების შესახებ წლიურ ანგარიშში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადანაშაულა ირანის მთავრობა, რომელიც ლოცვას უკრძალავს ევანგელისტ ქრისტიანებს, ხურავს მათ სალოცავებს და აპატიმრებს ქრისტეს სჯულზე მოქცეულ მუსულმანებს. ანგარიშის თანახმად, 2005 წლის ნოემბერში უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს ირანელი, რომელიც 10 წლის წინ ქრისტიანად მოინათლა. საკუთრივ ირანელები, რომლებიც ქრისტიანებად მოინათლნენ, იძულებულნი არიან, სარწმუნოებას მალულად მისდიონ, რათა არ გახდნენ დევნის საგანი და არ გაიზიარონ ერთი კვირის წინ მათი რწმენის გამო დაპატიმრებული ირანელი ცოლ-ქმრის, ფერეშტე დიბაჯისა და რეზა მონტაზამის, ბედი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG