Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკური სანქციები ქართულ ბიზნესსა და რიგით მოქალაქეებზე


2006 წლის სექტემბრის ბოლომდე - იმ დრომდე, ვიდრე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბებოდა - ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები უკვე შემცირებული იყო.

მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 65 მილიონ აშშ დოლარზე ოდნავ მეტს შეადგენდა, ხოლო იმპორტი - 365 მილიონს. როგორ აისახება ამ არცთუ შთამბეჭდავი მოცულობის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტა რიგით მოქალაქეებსა და ქართულ ბიზნესზე?

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ ტრაგედიას ვერ ხედავენ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტაში და ამბობენ, რომ რუსული პროდუქციის ნაკლებობა დეფიციტის მიზეზი ვერ გახდება:

[ნათია თურნავას ხმა] ”რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ზეგავლენა ბაზარზე, ფასებზე, მომხმარებელზე ნამდვილად არ იქნება. ავტომატურად ჩაენაცვლება კონკურენტული პროდუქცია რუსულ პროდუქციას. დეფიციტი არ გაჩნდება.”

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი. იგი დასავლურ პროდუქციას რუსეთიდან იმპორტირებული სურსათის ალტერნატივად არ მიიჩნევს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”თუნდაც იმავე ნატახტარისა და ყაზბეგის ლუდის კონკურენტი არ გახლავთ ბავარიული და ირლანდიური ლუდი, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა კლასებია. და მომხმარებელი არჩევანს ამ ორ კატეგორიას შორის არ აკეთებს, მაშინ როდესაც რუსულ და ქართულ პროდუქტს შორის რეალური არჩევანი არსებობდა.”

სწორედ ამიტომ დაბალი მსიყდველობითი უნარის მქონე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა რუსული პროდუქციის გაუჩინარებით:

[მოქალაქეთა ხმა] ”...ფასები გაიზარდა სამომხმარებლო საქონელზე და, ამ გაგებით, აისახა. კი, დეფიციტი არის, მე მგონი. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ძნელად ხელმისაწვდომი არის, ალბათ.”

[მოქალაქეთა ხმა] ”ეს უფრო ადრე იგრძნობოდა. უკრაინამ შეცვალა თავისი პროდუქციით რუსეთი. მე კიდევ რუსულს ვამჯობინებ, იმიტომ რომ ხარისხით სჯობია.”

რიგითი მოქალაქეების მსგავსად, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტით მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან მცირე თუ მსხვილი ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთში ექსპორტით იყვნენ დაკავებულნი.

ასეთებს განეკუთვნება ავიაბილეთებით მოვაჭრე ტურისტული სააგენტოები. მე ერთ-ერთი მათგანის - ”იტა ჯორჯიას” - მფლობელს, ავთანდილ ჭოლოკავას, გავესაუბრე:

[ავთანდილ ჭოლოკავას ხმა] ”ჩემი აზრით, სადღაც 45 პროცენტი რუსეთის მიმართულების ბილეთები იყიდებოდა. 45 პროცენტი კატასტროფაა. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, ეს ბიზნესის დახურვას გამოიწვევს.”

ამ ბიზნესმენს იმედი აქვს, რომ ვითარება მალე შეიცვლება და საკუთარი საქმის გადარჩენას შეძლებს. თუ ავიაბილეთების ბიზნესი მომავლის იმედადაა დარჩენილი, ზარალის ასანაზღაურებლად იმ მსხვილ ქართულ კომპანიებს, რომლებიც რუსეთში ფეროშენადნობებისა და ელექტროხელსაწყოების ექსპორტით იყვნენ დაკავებულნი, სასამართლოში ჩივილი მოუწევთ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა კი მათ წარმოების გადასარჩენად სხვა ბაზრების ათვისებას ურჩევს:

[ნათია თურნავას ხმა] ”არის გარკვეული დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე, მაგრამ ეს არ არის იმ ტიპის საქონელი, რომელიც არ გაიყიდება ანალოგიურ ბაზრებზე - უკრაინასა ან შუა აზიაში.”

რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძეს მიაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტა ქართულ ეკონომიკას წინ წასვლის საშუალებას მისცემს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ეს მოხდა იმავე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ჩამოკიდებული იყვნენ რუსეთზე. ეს იყო 15-13 წლის წინ. ასევე ძალიან უმტკივნეულოდ გადაიტანეს. შედეგად ამას რაც მოჰყვება, არის ის, რომ თუ ეკონომიკა არის რეფორმირებული და არის საბაზრო ეკონომიკა, მაშინ ქვეყანა ამას იოლად გადალახავს და კიდევ უფრო მეტს გააკეთებს.” (სტილი დაცულია)

ამ ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებით, პესიმისტურადაა განწყობილი ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი. იგი საქართველოში ინფლაციური პროცესების გაღრმავებას ვარაუდობს, რადგან რუსეთში საქართველოს ათიათასობით მოქალაქის შევიწროება რუსეთიდან შემოდინებული ფულის მასის შემცირებას გამოიწვევს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”უკიდურესად ეცემა ასეთ შემთხვევაში მთლიანად ბაზრის მსყიდველობითუნარიანობა და იგივე უცხოური პროდუქტების იმპორტიორებიც ანგარიშს გაუწევენ ამას. თუ ბაზრის მსყიდველობითუნარიანობა სისტემატურად კლებულობს, გასაგებია, რომ იქ პროდუქტს არავინ შეიტანს....”(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლების პროგნოზით კი, ეს ფაქტორები საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მხოლოდ მცირე მასშტაბით მოახდენს და ეკონომიკის ზრდას მხოლოდ 1,5 პროცენტით შეაფერხებს.
XS
SM
MD
LG