Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არ მოსწონს პარლამენტს მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2007 წლის ბიუჯეტში?


საქართველოს პარლამენტში 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა დაიწყო. მომავალი წლის ფინანსური გეგმის საშემოსავლო ნაწილი 3 მილიარდ 444 მილიონ ლარს შეადგენს,

ხარჯვითი ნაწილი კი 3 მილიარდ 870 მილიონი ლარის ტოლია. ამ რიცხვებიდან ჩანს, რომ 2007 წლის ბიუჯეტის პარამეტრები მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობას აღემატება, თუმცა პროექტის მიმართ პარლამენტში განხილვისთანავე გამოითქვა შენიშვნები. რა არ მოსწონს პარლამენტს მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2007 წლის ბიუჯეტში?

მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის ბიუჯეტის პარამეტრები გაზრდილია, მთავრობამ, სხვადასხვა მუხლებთან ერთად, უშუალოდ პარლამენტის დაფინანსებაც კი შეამცირა: 29 მილიონის ნაცვლად 27 მილიონი. არადა, კანონის მიხედვით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკუთარი ბიუჯეტი უცვლელად უნდა ასახულიყო ქვეყნის საფინანსო გეგმაში.

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ”ეს 2 მილიონი ეხებოდა აპარატის მოხელეთა ხელფასების ზრდას, რის საფუძველზეც გათანაბრდებოდა მთავრობასა და პარლამენტის აპარატში ხელფასები და არის ტექნიკური ხარჯები, რომლებიც ასევე აუცილებელია.”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი დარწმუნებულია, რომ ფინანსთა სამინისტრო კანონის მოთხოვნას გაითვალისწინებს და პარლამენტის ბიუჯეტს 2 მილიონი ლარით გაზრდის.

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] ”არა, არ შეიძლება, რომ არ გაითვალისწინოს. ჩვენ ამ ვარიანტს არც ვიხილავთ.”

ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი. მის კომიტეტში ფინანსთა სამინისტროსაგან ბიუჯეტის ისე დაგეგმვა მოითხოვეს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ერთიანი სახელფასო პოლიტიკის გატარება მოხერხდეს.

სხვა შენიშვნები აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს. მას პენიტენციალური სისტემისთვის გამოყოფილი თანხა არ აკმაყოფილებს:

[ელენე თევდორაძის ხმა] ”2 ლარი და 88 თეთრი დღეში. მე მათ საჭმელს ვჭამ ხოლმე, როდესაც იქ ვართ, ვსინჯავ ხოლმე... არ არის საკმარისი, იმიტომ რომ არანაირ კალორიებზე არ იყო ლაპარაკი. არც კარაქი, არც შაქარი, არც მარილი - აი, ეს არის მათი კვება. ყველაზე ძალიან რამაც მე შემაშფოთა იქ, არის ექიმების ხელფასის გაზრდა და ნული არის მედიკამენტებზე. მაპატიეთ, რად მჭირდება მე იქ ექიმი წამლების გარეშე? ეს ისევ გადადის ოჯახის მხრებზე.”(სტილი დაცულია)

ელენე თევდორაძე ამბობს, რომ ამ და სხვა შენიშვნების გასატანად თავის კოლეგებთან ერთად ბოლომდე იბრძოლებს.

მომავალი წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება თავდაცვა და საზოგადოებრივი წესრიგი, თუმცა, როგორც არაოფიციალურად გახდა ცნობილი, საფინანსო გეგმის პარამეტრებით უკმაყოფილოა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასევე შემცირებულია თავდაცვის სამინისტროს ხარჯებიც.

[ნიკა რურუას ხმა] ”შემცირებული? ამის შესახებ მე არაფერი ვიცი. გავიგებ აუცილებლად...”

ამბობს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა რურუა. მის კომიტეტს ჯერ არ განუხილავს 2007 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი. პროექტის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე გვესაუბრება:

[ლაშა გოცირიძის ხმა] ”ეს არის საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგის უზრუნველყოფა, ეს არის ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ეს არის ინვესტიციები ჯანდაცვისა და განათლების სექტორებში და მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა.”

უფრო კონკრეტულად კი, საგრძნობლადაა გაზრდილი ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს ხარჯები - ის ერთ მილიარდ ლარს აღემატება.

თანხის ძირითადი ნაწილი საავადმყოფოებისა და სხვა სამკურნალო დაწესებულებების მშენებლობასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება. მოიმატა განათლების სისტემის დაფინანსებამაც და ის თითქმის 400 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე იზრდება გზების მშენებლობის ხარჯები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

მიუხედავად ბიუჯეტის მოცულობის ყოველწლიური ზრდისა, რიგითი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ მასზე ბიუჯეტის მატება ნაკლებად აისახება:

[მოქალაქეთა ხმა] ”არა, საერთოდ არ იგრძნობა არაფერი...
...ჯერ არა, მაგრამ შეიძლება სამომავლოდ რაღაც პერსპექტივა იყოს. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში.”
XS
SM
MD
LG