Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის გაზეთებში მთავარი თემა ბუნებრივი აირის მოსალოდნელი გაძვირებაა


კვირის დასაწყიში ქართული პრესა აქტიურად გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ კომპანია ,,გაზპრომმა” ცხინვალის მიმართულებით გაზსადენის მშენებლობა დაიწყო.

ამის გამო ექსპერტებმა საქართველოს ხელისუფლებას, სამხედრო რიტორიკის ნაცვლად, აქტიური ეკონომიკური მოქმედებისკენ მოუწოდეს. ,,გაზპრომი” მთავარ თემად იქცა კვირის განმავლობაშიც, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსულმა კომპანიამ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის 110-დან 230 დოლარამდე გაძვირება გადაწყვიტა.

გაზეთ ,,ახალ თაობასთან” საუბრისას ენერგეტიკის საკითხთა ექსპერტი დავით ებრალიძე აღნიშნავს, რომ ,,რუსეთის მიერ შემოთავაზებული წინასწარი ფასი, 230 დოლარი, დიდი ალბათობით, ძალაში დარჩება.” ამ ვარაუდს ექსპერტი იმით ასაბუთებს, რომ შარშან საქართველომ ირანიდან გაზი 233 დოლარად იყიდა, რაც მთავრობამ მხოლოდ მოსახლეობას დაუმალა, რუსეთისთვის კი ეს კარგად იყო ცნობილი. დავით ებრალიძის პროგნოზით, თუ ,,გაზპრომის” მიერ დასახელებული ფასი არ შეიცვლება, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი 55 თეთრამდე გაძვირდება.

,,რეზონანსის” წინასწარი ინფორმაციით, გაზის ახალი ტარიფი 50 თეთრი იქნება. გაზეთი, მის მიერვე ჩატარებული მცირე გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, წერს: ,,ჩვენდა გასაკვირად, ადამიანები ერთსულოვნად აცხადებენ, რომ ურჩევნიათ კიდევ ერთი ცივი ზამთარი გადაიტანონ, ვიდრე რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩნენ.”

გაზეთი ,,24 საათი” კი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ჯერჯერობით არა აქვს პასუხი შეკითხვაზე, თუ რამდენით გაძვირდება რუსული გაზი. ,,პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ,,გაზპრომი” დსთ-ის ქვეყნებს გაზის ფასის საერთაშორისო ტარიფთან გათანაბრებით დაემუქრა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს,” - წერს ,,24 საათი” და დასძენს, რომ, ბუნებრივი აირის ტარიფის გაორმაგების შემთხვევაში, საქართველოში პროდუქტი 15-20 პროცენტით გაძვირდება.

გაზეთი ,,ალია” კი წერს, რომ მას შემდეგ, რაც სამთავრობო უწყებებისგან მეტ-ნაკლებად რეალური პროგნოზი ვერ მოისმინა, თავად იანგარიშა მომავალი ფასები იმ შემთხვევისთვის, თუ ,,გაზპრომის” მიერ დასახელებული ტარიფი, 230 დოლარი, არ შეიცვლება. ,,ალიას” გათვლით, კომუნალური გაზი 59 თეთრი ეღირება, პური კი - 70.

პურის გაძვირების პროგნოზს აქვეყნებს გაზეთი ,,რეზონანსიც:” ,,დღეს მცირე და საშუალო მეწარმეებს მთავრობის ეშინიათ და ნემსის ყუნწში ძვრებიან, რომ პური არ გააძვირონ. პურის ის საცხობი, რომელიც დაბალ ფასად ყიდის პურს, ან თაღლითია, ან სამთავრობო ლობთან არის შეკრული, რადგან სხვაგვარად პურის ძველი ფასის შენარჩუნება შეუძლებელია,” - დაასკვნის ,,რეზონანსი.”

მაქინაციების თემა საპარლამენტო სფეროდან ქართულ პრესას ყურადღების გარეშე არც ამ კვირაში დარჩენია. საუბარია გია ნუცუბიძეზე, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა ერთი კვირის წინ შეუჩერა. ,,რეზონანსი” მკითხველს შეახსენებს, რომ ,,გია ნუცუბიძე პარლამენტში გია კენჭაძის ადგილმონაცვლედ შევიდა. კენჭაძე პირველი იყო, ვინც ყველაზე რისკიანი აღმოჩნდა და პარლამენტარად გახდომიდან სულ ცოტა ხანში სცადა კანცელარიაში დაუდგენელი ვანოსთვის საკუთარი ქრთამიდან წილი მიეტანა. დღეს უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ნუცუბიძე ნაციონალების სიაში წინასაარჩევნოდ პარტიისთვის 20 ათასი დოლარის გადარიცხვით მოხვდა. პარლამენტში კი კენჭაძის ადგილი მას შემდეგ დაიკავა, რაც კენჭაძეს კორუფციული გარიგებისთვის მანდატიც დაატოვებინეს და ერთწლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. ახლა კი მისი ბედი მისმა ადგილმონაცვლემაც გაიზიარა,” - წერს “რეზონანსი” და დასძენს, რომ თავის დროზე გია ნუცუბიძისთვის არავის უკითხავს, საიდან მოიტანა ნაციონალური მოძრაობისთვის ,,შესაწირი” 20 ათასი.

ამავე თემის განხილვისას, გაზეთი “ალია”, ნაციონალების წარმომადგენლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ირწმუნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში შიშის სინდრომია: ,,ბოლო დროს უმრავლესობამ თავისი ბუდიდან სამი ბარტყი გადააგდო - ,,შპიონი” კობა ბექაური, გორის ტელევიზიის მეპატრონე ბადრი ნანეტაშვილი და ,,მესაფლავედ” ცნობილი გია ნუცუბიძე. აქედან ორს მხოლოდ იმუნიტეტი მოუხსნეს, მესამე კი ციხეში გაისტუმრეს. რატომ იქნება გოჩა ჩახვაძე ნაციონალების ბუდიდან გადაგდებული კიდევ ერთი ბარტყი?” - კითხულობს ,,ალია” და ვარაუდის რამდენიმე საფუძველი მოჰყავს: მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩახვაძისთვის მის მეუღლეს არ უსვრია, თავად დეპუტატი ცრუ დასმენისთვის ჯერჯერობით არ დასჯილა. დეპუტატის ყოფილი მეუღლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ,,ალია” იმასაც წერს, რომ გოჩა ჩახვაძეს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს ე.წ. კანონიერ ქურდებთან და ვარაუდობს, რომ ამ დეპუტატის ,,სკანდალური საქმე მხოლოდ დროებით მიიჩქმალა.”
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG