Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის „რესტიტუციის შესახებ“ კანონის მიღება


საქართველოს პარლამენტში თითქმის ნახევარი წლის წინ შევიდა კანონპროექტი "ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაზარალებულ პირთა საცხოვრებელი ფართისა და ქონების რესტიტუციის შესახებ", რომელიც იუსტიციის სამინისტროში მომზადდა და რომელმაც 2006 წლის გაზაფხულზე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ექსპერტთა მოწონება დაიმსახურა.

კანონპროექტის თანახმად, განსაზღვრულია საკითხები და პროცედურები, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონების რესტიტუციას, ანუ სამართლებრივი და ქონებრივი მდგომარეობის აღდგენას, უკავშირდება. ასევე გათვალისწინებულია პარიტეტულ საწყისებზე სპეციალური კომისიის შექმნა. რას შეცვლის და როგორ წაადგება კაონფლიქტის მოგვარებას „რესტიტუციის შესახებ“ კანონის მიღება?

ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა, რომლის აქტიური ფაზა 1989 წლიდან 1992 წლამდე გაგრძელდა, ასობით ადამიანი შეიწირა, ხოლო ათასობით ოჯახი იძულებული გახადა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. კონფლიქტის შედეგად, დევნილებად იქცნენ როგორც ოსები, ასევე ქართველები, თუმცა, როგორც სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, დევნას განიცდიდნენ კონფლიქტის ზონის მიღმა მცხოვრები ეთნიკური ოსებიც:

[სოზარ სუბარის ხმა] „ჩვენ დღეს ბევრს ვლაპარაკობთ ფაშიზმზე რუსეთში, ქსენოფობიაზე, ნაციზმზე... იგივე გვაქვს გაკეთებული ჩვენც. ჩვენს სასამართლოებში არის სამარცხვინო გადაწყვეტილებები, რომლებშიც პირდაპირ წერია, რომ გათავისუფლებულია სამსახურიდან იმის გამო, რომ ის არის ოსი! ამ სასამართლო გადაწყვეტილებებმა გაიარა ყველა სასამართლო ინსტანცია და არა მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში, არამედ მოგვიანებითაც დატოვეს ძალაში. ეს არის ჩვენი სირცხვილი და ეს უნდა გამოსწორდეს.“(სტილი დაცულია)

ექსპერტების გათვლით, კონფლიქტის შედეგად, 50-დან 70 ათასამდე ადამიანი დაზარალდა. ახალგორის რაიონში დაბადებულ მაია ჩიგოევა-ცაბოშვილს კარგად ახსოვს, თუ რა სახის პრობლემები ექმნებოდათ 15-17 წლის წინ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს:

[მაია ჩიგოევა-ცაბოშვილის ხმა] „შემიძლია გავიხსენო ის, რაც გავრცელებული იყო თბილისში და არა მარტო თბილისში, არამედ რაიონებშიც. მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ დღეს საღამოს შენ უნდა დაცალო ბინა და უნდა წახვიდეო ისე, რომ თან არაფერი წაიღო, გარდა ორი-სამი დღის სამყოფი მარაგისა.“(სტილი დაცულია)

ქალბატონი მაიაც იზიარებს სახალხო დამცველის მოსაზრებას და დარწმუნებულია, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ წინამორბედების მიერ დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწოროს. მეტიც, მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი აქტიურად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და, როგორც ექსპერტს, მონაწილეობა აქვს მიღებული "ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაზარალებულ პირთა საცხოვრებელი ფართისა და ქონების რესტიტუციის შესახებ" კანონპროექტის შედგენაში - კანონპროექტისა, რომელმაც სამართლიანობა უნდა აღადგინოს და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს შერიგებისკენ უბიძგოს. ყოველ შემთხვევაში, ორი წლის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ ოსებს ამის იმედი მისცა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მინდა მოგმართოთ, როგორც თქვენი ქვეყნის პერზიდენტმა. ბოლო თვეებში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით შერიგების ხელის გამოსაწვდენად. ყველაზე დაძაბულ სიატუაციაში ჩვენ დავიწყეთ ლტოლვილების დაბრუნება ჩრდილო ოსეთიდან საქართველოში ძველ საცხოვრებელ ადგილებზე, ხოლო ჩვენმა პარლამენტმა დაიწყო რესტიტუციის შესახებ კანონის განხილვა.“(სტილი დაცულია)

პარლამენტმა მართლაც დაიწყო რესტიტუციის შესახებ კანონპროექტის განხილვა. დეპუტატი ლევან დუჩიძე ამბობს, რომ რესტიტუციის შესახებ კანონის მიღება, კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, ბევრ რამეს შეცვლის:

[ლევან დუჩიძის ხმა] „მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი, რომელმაც შესაძლებლად უნდა გახადოს ორ ყოფილ მოწინააღმდეგეს შორის ნდობის აღდგენა და რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კონკრეტულ დაზარალებულ ადამიანებს, რათა შედარებით იოლად მოიშუშონ ის იარები, რომლებიც მათ მიიღეს საომარი მოქმედებების განმავლობაში.“(სტილი დაცულია)

კანონპროექტი პარლამენტში დაახლოებით ნახევარი წლის წინ შევიდა. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის აპარატის უფროსი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ კანონპრექტით განსაზღვრულია ის წესი, რომლის მიხედვითაც ლტოლვილთა ქონებრივი უფლებების აღდგენა მოხდება. იმას, თუ ვისი უძრავი ქონება ექვემდებარება აღდგენას და ვის ეკუთვნის კომპენსაცია, გადაწყვეტს სპეციალური კომისია, რომლის შექმნასაც ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს. ზურაბ ბენდიანიშვილის კომენტარი:

[ზურაბ ბენდიანიშვილის ხმა] „კომისია დაკომპლექტდება სამ-სამი წარმომადგენლით: სამი წევრი წარმოადგენს ქართულ მხარეს, სამი - ოსურს, სამიც - საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამ კომისიას ექნება კვაზისასამართლოს ფუნქცია, ანუ იქნება სასამართლოს ფუნქციების შემცველი სტრუქტურა, რომელიც უფრო ოპერატიული და სწრაფი ტემპით განიხილავს ყველა იმ საკითხს, რომელიც რესტიტუციასთან კავშირში იქნება.“(სტილი დაცულია0

კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განიხილავს, თუმცა, როგორც ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, 2007 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული რესტიტუციის საკმაოდ ძვირად ღირებული პროცესის დასაფინანსებლად საჭირო თანხა. არადა, პროექტის ფინანსური ექსპერტიზა იუსტიციის სამინისტროს უნდა მოემზადებინა, რაც არ გაკეთდა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? მე ამ კითხვით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს ზურაბ დეკანოიძეს მივმართე.

[ზურაბ დეკანოიძის ხმა] „მას შემდეგ, რაც პარლამენტი მეორე მოსმენით მიიღებს ამ კანონპროექტს, დადგენილი წესით, იგი წარედგინება მთავრობას და, შესაბამისად, მთავრობა იმსჯელებს კონკრეტული თანხის გათვალისწინებაზე სახელმწიფო ბიუჯეტში და ამის შემდეგ მოხდება მესამე მოსმენით მიღება და შესაბამისი ხარჯების ზუსტი ასახვა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში. ვვარაუდობთ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნება დაახლოებით 30 მილიონამდე, თუმცა ეს არ არის ის თანხა, რომელიც ამ პროცესს შეიძლება ეყოს.“(სტილი დაცულია)

ზურაბ დეკანოიძის თქმით, საჭირო თანხის დანარჩენ ნაწილს საერთაშორისო ორგანიზაციები გაიღებენ. კანონპროექტის მიხედვით, კომისიების მუშაობა 9 წელზეა გათვლილი, თუმცა სამართლიანობისა და ნდობის აღდგენა უკვე მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს, რაც სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის, თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია:
[სოზარ სუბარის ხმა] „რად გვინდა ისეთი ტერიტორია, თუკი იქ მცხოვრები ადამიანები იქნებიან ამ სახელმწიფოს და ძირითადი ეთნოსის მტრები. ამიტომაც რესტიტუცია არის პირველი ნაბიჯი, რათა დავანახვოთ ამ ხალხს კეთილი ნება და კიდევ: ეს არის ჩვენ მიერ აღებული ვალდებულება, თუკი გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG