Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადგა თუ არა საქართველოსთვის ოპტიმალური მომენტი დსთ-ის დასატოვებლად?


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, როგორც ერთიანი ორგანიზმის, არაეფექტიანობაზე ხშირად საუბრობენ არა მარტო საქართველოში

- სადაც ამ გაერთიანებას კარგა ხანია, ალმაცერად უყურებს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც - არამედ თვით იმ ქვეყნებშიც, თანამეგობრობის "ბურჯებად" რომ ითვლებიან. შეცვლის თუ არა რაიმეს მინსკის სამიტი, რომელში მონაწილეობის მისაღებად ხვალ მიხეილ სააკაშვილიც გაემგზავრება?

ნიშანდობლივია მინსკის სამიტის ოფიციალური თემის სათაური: "თანამეგობრობის ეფექტიანობის, მისი განმტკიცების საკითხები". თვით ეს სახელწოდებაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ თანამეგობრობის არასაკმარის ქმედითუნარიანობას მისი მესვეურებიც მშვენივრად გრძნობენ.

ბოლო წლებში თანამეგობრობის უმაღლესი დონის შეხვედრები იშვიათად თუ ქცეულა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ასპარეზად. უკეთეს შემთხვევაში, ესა თუ ის ლიდერი მას საკუთარი სატკივრის გამოსათქმელ ტრიბუნად იყენებდა. საქართველო, უკრაინასა და მოლდავეთს არაერთხელ მიუნიშნებიათ (ზოგჯერ კი პირდაპირაც განუცხადებიათ), რომ თანამეგობრობას დატოვებდნენ.

რუსეთი, როგორც წესი, ცდილობს, ამგვარ განცხადებებს წაუყრუოს, ისე მოიქცეს, თითქოს გაერთიანების წევრთა შორის უთანხმოებები მხოლოდ უმნიშვნელო საკითხებზე არსებობს. ამის მაგალითად გამოგვადგება თუნდაც სერგეი ივანოვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომელიც მან ამ რამდენიმე დღის წინ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გააკეთა:

[სერგეი ივანოვის ხმა] "ჩემი აზრით, ნაადრევია საუბარი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს გარდაცვალებაზე. თავდაცვის მინისტრთა საბჭო ცოცხალი უფროა, ვიდრე მკვდარი. საბჭოში ჩნდება თანამშრომლობის ახალი სფეროები, რომელთა განხილვა არ მომხდარა ამ საბჭოს არსებობის 15 წლის მანძილზე. ასე რომ, რეალური ცხოვრება თანამშრომლობის ახალ თემებს გვკარნახობს."

ერთ-ერთი სიახლე, რომლის შემოღებას დაჟინებით მოითხოვს, მაგალითად, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ასეთი გახლავთ: გადაწყვეტილებების მიღებისას, მეტი წონა მიენიჭოს ენერგომატარებლების მწარმოებელ ქვეყნებს. ცხადია, თანამეგობრობის ამგვარ რეფორმას მოწინააღმდეგეები ჰყავს იმ სახელმწიფოების სახით, რომლებიც ენერგომატარებლებს არ აწარმოებენ.

თანამეგობრობისადმი ამა თუ იმ ქვეყნის დამოკიდებულების ინდიკატორად შეიძლება გამოგვადგეს სამიტებზე ლიდერთა დასწრება-არდასწრება. მაგალითად, თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურად ნიაზოვი სამიტებს ხშირად უგულებელყოფს და, სხვათა შორის, არც მინსკში ჩასვლას აპირებს. მისგან განსხვავებით, მინსკში მიემგზავრება მიხეილ სააკაშვილი, თუმცა საქართველოს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ თანამეგობრობის "ბურჯების" რიცხვს. სააკაშვილს მინსკში სრულიად კონკრეტული ამოცანა აქვს: შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს; ხოლო თუ ეს არ გამოუვა, მთელს მსოფლიოს დაანახოს, რომ თბილისი მზად არის მოსკოვთან სალაპარაკოდ, ეს უკანასკნელი კი მას ზურგს აქცევს.

თუმცა, რუსეთის ოფიციალური პირებს დროდადრო ცდილობენ, ეს შთაბეჭდილება გააქარწყლონ. ამ ორიოდე დღის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ ფრადკოვმა იმაზე ისაუბრა, რომ სწორი არ იქნებოდა თანამეგობრობის რომელიმე წევრის გარიყვა (პრემიერმა, ცხადია, საქართველო იგულისხმა).

[მიხაილ ფრადკოვის ხმა] "არ ვაპირებთ, თანამეგობრობის ფარგლებში "ვინმეს წინააღმდეგ" მეგობრობას. გვინდა, საერთო რესურსი დავუმატოთ ჩვენი ქვეყნების კონკურენტუნარიანობას - როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე მთლიანად - თანამეგობრობისა."

მინსკიდან მიღებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად, 12 ლიდერიდან სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს სამი. ერთ-ერთი მათგანია ზემოთ უკვე ნახსენები საფარმურად ნიაზოვი. მეორე, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკოა. მესამის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება თანამეგობრობაში საქართველოს დარჩენა-არდარჩენის საკითხს, ოპოზიციის ლიდერები დაჟინებით მოითხოვენ მისი რიგებიდან გასვლას. თუმცა, პარლამენტი ამ საკითხის განხილვისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი, ფიქრობს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლისთვის ახლა ოპტიმალური მომენტია. რას ემყარება მისი ეს მოსაზრება?

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის ყველაზე გაუარესებული მდგომარეობაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ხელოვნურად გაუარესებული მდგომარეობა დიდხანს ვერ გრძელდება სახელმწიფოებს შორის. ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ ფორმით, ასეთი წერტილიდან იწყება ყოველთვის ურთიერთობების გაუმჯობესება. ანუ, უნიკალური შანსი გვაქვს ჩვენ, რუსეთთან დავიწყოთ ხელახლა, ახალი ფურცლიდან, საერთოდ ახალი ურთიერთობები. საუკუნეების შემდეგ, შეიძლება ითქვას, პირველად იწყება ასეთი სახელმწიფოთაშორისი თანასწორი ურთიერთობები. და ჯობია, მინიმუმზე დავიყვანოთ ყველა ის უარყოფითი კონტექსტი, რამაც შეიძლება მომავალში ხელი შეგვიშალოს. დსთ-დან გამოსვლა იქნება ერთ-ერთი სერიოზული კონტექსტი, რომელიც ხელახლა ხელს შეგვიშლის რუსეთთან ურთიერთობისას. როდის იქნება ეს, ერთი წლის შემდეგ იქნება თუ ორი წლის შემდეგ იქნება, ჩვენ მაინც აუცილებლად უნდა გამოვიდეთ დსთ-დან. ნატოში და დსთ-ში ერთდროულად ვერ ვიქნებით. ამიტომ ჯობია, დღეიდან დავიწყოთ გამოსვლა - გამოსვლა დავიწყოთ, ეს არ ნიშნავს, რომ გამოვიდეთ - ერთ დღეში ვერ გამოვალთ. გამოსვლა დავიწყოთ და აი, ამ კონტექსტში დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება თუ რუსეთთან ახალი ურთიერთობების შენება. მერე რუსეთი ისევ, ხელახლა დაგვიჯენს ძვირად დსთ-დან გამოსვლას. ისევ დაიწყება ბლოკადა, ისევ დაიწყება ჩვენს წინააღმდეგ გამოსვლები, რათა შეაფერხონ საქართველოს გასვლა დსთ-დან. და კიდევ მოგვიწევს ამ წერტილიდან, ნულიდან დაწყება ურთიერთობებისა."
XS
SM
MD
LG