Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს ფორუმი: ამერიკელი დიპლომატი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და მოლდავეთიდან


ბრიუსელში დაიწყო ეუთოს მინისტრთა საბჭოს ორდღიანი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს

საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილის ხელმძღვანელობით. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შეხვედრის ამერიკელმა მონაწილემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ნიკოლას ბერნსმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები საქართველოსა და მოლდავეთის ტერიტორიებიდან, რადგან, ბერნსის განცხადებით, ეს ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა არასტაბილური დარჩება, სანამ გაგრძელდება სეპარატისტულ რეჟიმთა მხარდაჭერა გარედან.

როგორც ბერნსმა აღნიშნა ეუთოს წევრი 56 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სხვა ქვეყანაში ჯარების ყოლა ეწინააღმდეგება 21-ე საუკუნის ევროპის პრინციპებს.

ამ მოწოდებას შეხვედრის რუსი მონაწილე, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოემხაურა კრიტიკით, რომ საქმე ეხება “მეტისმეტად გამარტივებულ ხედვას” და რომ ეუთომ არ უნდა მიმართოს ცალმხრივ ძალისხმევას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ხანგძლივ უთანხმობათა “პოლიტიზებული გადაჭრის” მისაღწევად. საერთოდ, ეუთოს ამ შეხვედრაზე ყურადღების ცენტრშია მოქცეული “გაყინული” კონფლიქტები და ეუთოს ეფექტიანობის ზრდისაკენ მიმართული ძალისხმევა.

ეუთოს მორიგე თავმჯდომარის, ბელგიის საგაერო საქმეთა მინისტრ კარელ დე ხუხტის განაცხადებით:
[დე ხუხტის ხმა] “გაყინული კონფლიქტების საკითხში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით. ეუთომ ცხადჰყო თავისი უნარი, შეასრულოს სასარგებლო როლი, როცა ხელი შეუწყო კრიზისის განმუხტვას რუსეთსა და საქართველოს შორის. თუმცა ფაქტია, რომ ვითარება კვლავაც მოუგვარებელი რჩება”.

რუსეთ-საქართველოს შორის კრიზისის გარკვეული განმუხტვის ხელშეწყობა ეუთომ სექტემბრის მიწურულს შეძლო, როცა მისი მორიგე თავმჯდომარე დე ხუხტი თბილისს ეწვია და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრები რუსულ მხარეს გადასცა. თუმცა, თვით დე ხუხტის თქმის არ იყოს, ორი ქვეყნის ურთიერთობა ჯერაც დაძაბულია და მოუგვარებელი რჩება.

დე ხუხტმა შეხვედრის მონაწილეებს კონფლიქტების მოგვარებისაკენ მიმართული ძალისხმევის გააქტიურებისაკენ მოუწოდა: [დე ხუხტის ხმა] “არ იქნებოდა გამართლებული ისეთი შეთაბეჭდილების შექმნა, თითქოს გაყინული კონფლიქტების მოგვარება, რასაც ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდის უდიდესი ნაწილი მოვანდომეთ, აქ, ბრიუსელში იყოს შესაძლებელი. ყოველ თქვენგანს მოვუწოდებ - დაწყებული მთავარი სუბიექტებით, ისარგებლოთ ამ შეხვედრით და განაახლოთ მოლაპარაკებები, რომლებიც შეწყვეტილ იქნა”.

ეუთოს ამ, საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაზე კიდევ რამდენიმე საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის ყაზახეთის თავმჯდომარეობა 2009 წელს - ამას რუსეთი და ევროპის ზოგი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, ემხრობიან. წინააღმდეგი არიან აშშ და ბრიტანეთი - ისინი ყაზახეთს ადამიანის უფლებათა ხელყოფაში ბრალდების საფუძველზე აკრიტიკებენ.

და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ეუთოს შეხვედრაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის აზრთა სხვაობას იწვევს: ეს არის ეუთოს რეფორმირების საკითხი. საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, თუ რუსეთი სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ეუთოს გააქტიურებას მოითხოვს, აშშ მართებულად მიიჩნევს აქცენტს ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე. ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრა სამშაბათს დასრულდება და საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, ამ ფორუმში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
XS
SM
MD
LG