რომელიც, დეპუტატების თანხმობის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეცვლის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის მოქმედ წესს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ, ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში, მთავრობა ხელყოფს საქართველოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით მინიჭებულ საკუთრების უფლებას, რომელიც ქვეყნის ძირითადი კანონის 21-ე მუხლითაა გარანტირებული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლები ოპოზიციის განგაშს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივას სათანადო არგუმენტებითაც ამართლებენ. რა შემთხვევაში აქვს სახელმწიფოს კერძო საკუთრების ჩამორთმევის უფლება?
საქართველოში "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესი“ 1997 წელს მიღებული ორგანული კანონით განისაზღვრება, თუმცა 9 წლის წინ მიღებულმა ამ კანონმა საზოგადოების ყურადღება მხოლოდ ახლა მიიპყრო, როცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დეპუტატებს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით მიმართა. ცვლილებების პროექტმა დეპუტატების ნაწილი დააბნია, ნაწილი კი აღაშფოთა.
[კახა კუკავას ხმა] „მაგალითად, შენ გაქვს რესტორანი „ბანძი“, ვიღაც კი აშენებს ფეშენ-რესტორანს. იტყვის, რომ ეს შენი რესტორანი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და უნდა დაინგრესო. მოგცემენ ადეკვატურ ქონებას.“
[გოჩა ჯოჯუას ხმა] “საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ქონება რა რის, ეს თუა განსაზღვრული?”
აი, ასე არჩევდნენ პარლამენტის დერეფანში გამოსული დეპუტატები კახა კუკავა და გოჩა ჯოჯუა პრეზიდენტის აპარატის მიერ მომზადებულ ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმადაც, ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ უნდა გაიცეს კომპენსაცია, სათანადო ფულადი თანხის ან შესაბამისი საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების სახით. ამ ცვლილების მიღმა ფრაქცია “მრეწველების“ წევრი გია ცაგარეიშვილი ხელისუფლების ვერაგულ ზრახვას ხედავს:
[გია ცაგარეიშვილის ხმა] „შემოდის ძალიან უცნაური დებულება, რომ ქონების სანაცვლოდ ფული კი არ უნდა იყოს გადახდილი, არამედ ქონების სანაცვლოდ სთავაზობენ ქონებას, ანუ თქვენ შეიძლება ჩამოგართვან სახლი ვაკეში და შეიძლება უფრო დიდი ფართობი მოგეცეთ გლდანში ან მცხეთაში.“(სტილი დაცულია)
კონსერვატორი კახა კუკავა კი მთავრობის კონკრეტულ გეგმაზე ლაპარაკობს:
[კახა კუკავას ხმა] „რამდენადაც მე ვიცი, ეკონომიკის ახალ მინისტრს აქვს გეგმა, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე ყველა მუზეუმი, შემოქმედებითი კავშირის ოფისი და კერძო დაწესებულების შენობა ჩამოერთვას მესაკუთრეებს და გადაეცეს ოლიგარქიულ ოჯახებს. ამ კანონის მიხედვით, ეს კანონდება.“
თუმცა მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი განმარტავს, რომ, კანონის თანახმად, გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევა ისეთი ვითარება, რომლის დროსაც ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის, ეპიზოოტიის გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უშიშროებას და, კიდევ:
[გია ხუროშვილის ხმა] „თუ გადის გზა, ნავთობის ან გაზის მაგისტრალი და ასე შემდეგ, ანუ როცა არის სახელმწიფოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის შემთხვევები, მაშინ მიიღებს სახელმწიფო გადაწყვეტილებას, მაგრამ კანონში შედის ერთადერთი ცვლილება: ჩამორთმული სახლის სანაცვლოდ ადრე სახელმწიფო იძლეოდა მხოლოდ ფულს, ახლა სახლის სანაცვლოდ, შესაძლოა, მისცენ სხვა სახლი. ეს არის და ეს.“
გია ხუროშვილის თქმით, ქონების ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს და წყვეტს საქალაქო სასამართლო; დაზუსტებულია იმ სუბიექტთა წრე, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი, განმარტავს:
[პავლე კუბლაშვილის ხმა] „კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ საკუთრების უფლება არის ხელშეუხებელი, რომ მისი ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ გარკვეული კომპენსაციით, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. საკითხს გადაწყვეტს სასამართლო კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ანუ იმის გათვალისწინებით, რა საზოგადოებრივი აუცილებლობა არსებობს და, ამავდროულად, შეუფარდებს ამ საზოგადოებრივ აუცილებლობას საკუთრების მფლობელის მიდგომას ამ ქონებისადმი. შესაბამისად, თუ იქნება რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა, მაშინ ან კომპენსაცია იქნება შედარებით მაღალი, ან, შესაძლოა, სულაც უარი ეთქვას საჯარო ინტერესს.“
საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისელები? რამდენად არიან ისინი მზად საზოგადოებრივი ინტერესების სანაცვლოდ დათმონ კერძო საკუთრება?
[ქალბატონის ხმა] „დავთმო კერძო ბინა? რომელიც მამაპაპისეულია? მიუღებლად მიმაჩნია. თუმცა მე იურისტი არ გახლავართ, მაგრამ ჩემთვის მისაღები არ იქნება.“
[მამაკაცის ხმა] „ორი ასპექტია. პირველი: თუ მართლა სახელმწიფო აუცილებლობის საკითხი დგას - იქნება ეს თავდაცვა თუ სხვა რამ... მეორე საკითხია - კერძო საკუთრების დაცვის უფლება. კარგად უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ და რა გვინდა. სახელმწიფო დგას კერძო საკუთრების უფლების დაცვაზე და თუ ამ პრინციპს მოვშლით, რაღა საფუძველი დაგვრჩება?“
კანონის თანახმად, გადაწყვეტილებას საკუთრების ჩამორთმევის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულება ან ის ადგილობრივი მმართველობის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება საკუთრების ობიექტი, თუმცა ყველა შემთხვევაში საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო ობიექტის საფასური მესაკუთრეს საკუთრების ჩამორთმევამდე მიეცემა.