Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი თვის წინ ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს: ამერიკელი ჟურნალისტები რუს კოლეგას იხსენებენ


თუ ჩეჩნეთში კონფლიქტის მთელს სისასტიკეზე რამე იციან დასავლეთში, ეს, პირველ რიგში, ანა პოლიტკოვსკაიას დამსახურებაა.

რუსი ჟურნალისტის არაერთი პუბლიკაცია თუ წიგნი ინგლისურადაც ითაგმნებოდა, თვით პოლიტკოსვსკაია ხშირად იყო მიწვეული შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში მოხსენების წასაკითხად, თუ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად. ამ კვირაში პოლიტკოვსკაიას ამერიკელი მეგობრები ნიუ-იორკში შეიკრიბნენ და გაიხსენეს ადამიანი, რომლის შესახებაც უკვე მთელმა მსოფლიომ შეიტყო მას შემდეგ, რაც ის 8 ოქტომბერს მოსკოვში, საკუთარი ბინასთან მოკლეს.

ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ნიუ-იორკში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ნიკოლა კრასტევიც მივიდა და უწინარეს ყოვლისა იმ ადამიანების შეფასებებით დაინტერესდა, ვინც პირადად იცნობდა ანა პოლიტკოვსკაიას. თუ საერთო შეიძლება გამოინახოს მათ მონათხრობში, ეს უდავოდ არის ეპითეტი “გაბედული”. თუმცა, ჯობია მათვე მოვუსმინოთ...

კატრინა ვანდენ ჰოიველი, ლიბერალურ ჟურნალ “ნეიშენის” რედაქტორი და გამომცემელი: [ჰოიველის ხმა] “მისი მანერა, ხშირად - სიჩუმე, ხშირად- გაუბედაობა, მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა მისი - იმ ჟურნალისტის გამბედაობასა და შეუპოვრობასთან, რომელიც აღშფოთებული იყო უსამართლობითა და კორუფციით. მან სახელი გაითქვა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა ხელყოფისა და დანაშაულთა შესახებ გაბედული რეპორტაჟებით. და დავიწყებას მიეცა ის, რომ ანა პოლიტკოვსკაიამ ჟურნალისტად მუშაობა დაიწყო ბავშვთა სახლებისა და ხანდაზმულთა მძიმე მდგომარეობის აღწერით. და ის იყო ქალი, რომელიც -ჩემი ერთი რუსი მეგობრის თქმის არ იყოს (...) - იცავდა მსვხერპლს და ტანჯულებს. მან სიკვდილს გადაარჩინა ბევრი ადამიანი გროზნოში, ის წერდა იმას, რასაც მას სამართლიანობის გრძნობა კარნახობდა და არაფერი ესაქმებოდა ე.წ. პოლიტიკურ ინტერესებთან”.

ასე გაიხსენა ანა პოლიტკოვსკაია ნიუ-იორკში გამართულ შეკრებაზე ამერიკულ ჟურნალ “ნეიშენის” გამომცემელმა კატრინა ვანდენ ჰოიველმა. შეკრებაზე მისული იყო პოლ ხლებნიკოვის ქვრივიც: ხლებნიკოვი იყო ამერიკულ ჟურნალ “ფორბსის” რუსული გამოცემის რედაქტორი. ის მოსკოვში მოკლეს 2004 წელს. მისი ქვრივი, მუზა ხლებნიკოვიც იცნობდა პოლიტკოვსკოაიას: [მუზა ხლებნიკოვის ხმა] “როცა შარშან შევხვდი ანას, ის გაკვირვებული ჩანდა, რომ ცოცხალი იყო. “მე ისეთ რამეს ვაკეთებ, რომ სასწაულია, დღემდე ცოცხალი რომ ვარო”. ის კარგად ხვდებოდა, რა რისკზეც მიდიოდა, მაგრამ არ ჩერდებოდა. ანას ჰქონდა შინაგანი მოთხოვნილება, დაკავშირებოდა იმათ, ვინც სრულიად უდანაშაულოდ იტანჯება. ანას სურდა, რომ ამ ადამიანების შესახებ სხვებსაც შეეტყოთ. ეს იყო მისი დიდი ჰუმანისტური იმპულსი”.

აქვე უნდა ითქვას, რომ მუზა ხლებნიკოვას ქმრის, პოლ ხლებნიკოვის მკვლელობა ჯერ არ გაუხსნიათ.

ნიუ-იორკში გამართული შეკრების კიდევ ერთმა მონაწილემ, ავტორიტეტიან ჟურნალ “ნიუ იორკერის” რედაქტორმა დევიდ რემნიკმა ყურადღება გაამახვილა კონტრასტზე, რომელიც პოლიტკოვსაკიას მიმართ დამოკიდებულებაში იყო რუსეთსა და უცხოეთში. [რემნიკის ხმა] “ბედის ირონიით, რაც მოულოდნელი არ ყოფილა მოცემულ გარემოებებში, მას ყველანაირი ჯილდო აქვს მიღებული, რაც კი - რამდენადაც ვიცი - დასავლეთში არსებობს, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. (...) პოლიტკოვსკაია ჩამოდიოდა საუკეთესო სასტუმროებში ნიუ იორკში, პარიზში, ან ლონდონში, სადაც პრემიებს ანიჭებდნენ მისი გაბედულების, (...) მისი თავდადების აღიარების ნიშნად. მერე კი შინ ბრუნდებოდა და საკუთარი მთავრობის მიერ იდევნებოდა”.

ჟურნალ “ნიუ იორკერის” რედაქტორმა დევიდ რემნიკმა ასე აღწერა კონტრასტი რუსეთსა და უცხოეთში ანა პოლიტკოვსკაიასადმი დამოკიდებულებაში. ცნობილი რუსი ჟურნალისტი ქალი, რომელიც ორი თვის წინ მოკლეს მოსკოვში, რიგით 43-ე ჟურნალისტია, რომელიც რუსეთში იქნა მოკლული 1993 წლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG