Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოუხსნიან თუ არა ბეჭდვით მედიას საგადასახადო შეღავათებს?


2007 წლის 1 იანვარს იწურება ბეჭდვითი მედიისათვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათების ვადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის დეკემბერში საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით დააწესა.

ორი წლის წინ ხელისუფლებამ, პრესის თავისუფლებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების მიზნით, ბეჭდვითი გამოცემები მოგების, ქონებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისაგან გაათავისუფლა. შედეგად, როგორც მედიის ექსპერტები განმარტავენ, შეღავათიანმა რეჟიმმა ქართულ გაზეთებს, რომლებიც, როგორც წესი, მაღალი ტირაჟით არ გამოირჩევიან, გადარჩენისა და განვითარების საშუალება მისცა. თუმცა 2007 წლის ბიუჯეტის მიღების წინ ირკვევა, რომ ბეჭდვით მედიას შეღავათების გაუქმება ისევ აშინებს. საინტერესოა, ისარგებლებს თუ არა ბეჭდვითი მედია საგადასახადო შეღავათებით უახლოესი წლების განმავლობაში.

გაზეთი „გურია-ნიუსი“ 1991 წლიდან შესაშური რეგულარობით გამოდის და, ქართული მასშტაბით, ტირაჟიც საკმაოდ მაღალი აქვს, თუმცა, როგორც გაზეთის გამომცემელი ია მამალაძე ამბობს, შეღავათიანი რეჟიმის მოხსნა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ლოკალურ, ანუ რეგიონალურ, მედიასაშუალებებს ჩააგდებს:

[ია მამალაძის ხმა] „ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენთვის იქნება სტამბების მომსახურების გაძვირება. დამატებული ღირებულების, ქონების, მოგების გადასახადის შემოღება და სრულად დაწესება იქნება, ფაქტობრივად, გადაულახავი ზღვარი რეგიონული გაზეთებისთვის. მე არ მეგულება რეგიონული გაზეთი, რომელიც ამგვარ დარტყმას გაუძლებს. ეს აუცილებლად გააძვირებს გაზეთებს და, ალბათ, ყველა დადგება დახურვის წინაშე.“(სტილი დაცულია)

ია მამალაძე ამბობს, რომ, შეღავათების წყალობით, გამომცემლებმა ფასების ზრდის შეჩერება შეძლეს, რამაც, თავის მხრივ, შესაბამისი ასახვა გამოცემათა ტირაჟებზეც პოვა. ყოველ შემთხვევაში, ქალბატონი თამარი, რომელიც ჟურნალ-გაზეთების გაყიდვით ირჩენს თავს, მკითხველის ნაკლებობას არ უჩივის:

[ქალბატონ თამარის ხმა] „გაზეთები ნორმალურად იყიდება... “ასავალ-დასავალი” ლარი ღირს, “კვირის პალიტრა” და “ალია” - 60-60 თეთრი, „ახალი თაობა“ - 30 თეთრი... არა უშავს, იყიდება ჯერჯერობით.“

ქალბატონი თამარი გაზეთებს პარლამენტის შენობის წინ ყიდის. სწორედ პარლამენტის გადასაწყვეტია, მოუხსნას თუ არა ბეჭდვით მედიას საგადასახადო შეღავათები. ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე გამოხატავს მთელი საპარლამენტო ოპოზიციის აზრს, როცა პრესისთვის შეღავათიანი რეჟიმის გაგრძელებაზე ლაპარაკობს:

[მამუკა კაციტაძის ხმა] „ალბათ, ორი წელი არ არის ის ვადა, რომელიც შეღავათებისთვის იქნებოდა საკმარისი და ამ პარლამენტმა, რომელმაც თავის დროზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, უმჯობესია თავისი უფლებამოსილების განმავლობაში შეუნარჩუნოს ბეჭდურ მედიას ეს შეღავათები და ახალმა ხელისუფლებამ 2008 წლის შემდგომ გადაწყვიტოს, რა ტიპის შეღავათები შეიძლება არსებობდეს მედიასთან დაკავშირებით.“ (სტილი დაცულია)

თუმცა, ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს. საინტერესოა, რას ფიქრობენ დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის გაგრძელებაზე უმრავლესობის, ანუ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“, წევრები. გიგი წერეთლის კომენტარი:

[გიგი წერეთლის ხმა] „დისკუსია მიმდინარეობს ამ საკითხზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. თუ ჩავთვალეთ, რომ ამ შეღავათებმა გარკვეული როლი შეასრულა მედიის ფეხზე დაყენებაში, მაშინ ვიფიქრებთ სხვა რეჟიმის დაწესებაზე, თუმცა მე მაინც მგონია, რომ მთელი მოცულობით არა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებული რეჟიმი მაინც ჰქონდეს მედიას.“

ანუ პარლამენტის უმრავლესობა შესაძლებლად მიიჩნევს ბეჭდვითი მედიისათვის შეღავათიანი რეჟიმის გაგრძელებას. მოვლენების ამგვარი განვითარების შესაძლებლობას არც მედიის ექსპერტი ზვიად ქორიძე გამორიცხავს, თუმცა მას საკუთარი ვარაუდის გასამყარებლად სულ სხვა არგუმენტები მოაქვს:

[ზვიად ქორიძის ხმა] „პრეზიდენტმა რამდენჯერმე თქვა, რომ ის გაზეთებს არ კითხულობს, ანუ რაც უნდა მაღალი იყოს მედიის პოლიტიკური თავისუფლების ხარისხი, ეს არ აინტერესებს ხელისუფლებას. ჩვენ კარგად ვიცით საქართველოს ხელისუფლების მართვის მექანიზმი: თუ არ კითხულობს პრეზიდენტი, მაშინ არავინ კითხულობს ამ გაზეთებს. შესაბამისად, არ არის არანაირი რეაგირება მათი მხრიდან. მათ არ აინტერესებთ, რას წერს გაზეთი.“

ზვიად ქორიძის თქმით, ხელისუფლება არ უწევს ანგარიშს ბეჭდვით მედიას. ტირაჟისა და, შესაბამისად, გავლენის სიმცირის გამო, არ აინტერესებს, რა იბეჭდება გაზეთების ფურცლებზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით კი, არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტმა კვლავ გაიღოს მოწყალება და ბეჭდვითი მედია ერთი ხანობა კვლავ გაათავისუფლოს მთელი რიგი გადასახადებისაგან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG