Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თაღლითობაში ბრალდებულ იაკობ შამათავას საქმეს ოპოზიცია კვლავაც დიდი ეჭვით უყურებს


იაკობ შამათავას საქმე, რომელიც კვირის დასაწყისში დიდი ხმაურით დაიწყო, ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

კერძო მესაკუთრე, რომელიც მცხეთა-მთიანეთის რაიონის პროკურატურას ზეწოლასა და ბაბუისგან მემკვიდრეობით მიღებული მიწის წართმევაში ადანაშაულებდა, თავად აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე და მხოლოდ გირაოს დაკისრების შემდეგ გათავისუფლდა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შამათავამ თაღლითობაში მონაწილეობა აღიარა, ხოლო სახელმწიფომ არაკანონიერად პრივატიზებული მიწის ნაკვეთი დაიბრუნა. დაკავებულია მცხეთის გამგეობის თანამშრომელი, რომელსაც დოკუმენტების გაყალბება ედება ბრალად. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენლი კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ იაკობ შამათავა სამართალდამცავებმა ”კარგად დაამუშავეს” და აღიარებითი ჩვენება ამ გზით ჩამოართვეს. ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების გამო კუკავა ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების დოკუმენტების გაყალბებაში ბრალდებული იაკობ შამათავა სასამართლო დარბაზიდან 21 დეკემბერს გაათავისუფლეს. ეს მოხდა იმ პირობით, რომ შამათავა 150 ათას ლარს გირაოს გადაიხდის და სამართალდამცავებთან ითანამშრომლებს. სამაგიეროდ, განსასჯელის სკამზე რჩება მცხეთის გამგეობის თანამშრომელი ოთარ მარტოლეკი, რომლის დანაშაულზეც გენერალური პროკურორის მოადგილე კახა კობერიძე 22 დეკემბერს სპეციალურ ბრიფინგზე საუბრობდა:

[კახა კობერიძის ხმა] ”ოთარ მარტოლეკმა, შემდგომი მისაკუთრების მიზნით, 3 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იჯარით გაცემულად გააფორმა სოფელ დიღომში მცხოვრებ იაკობ შამათავაზე, რომელიც გარდაიცვალა 2002 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ ოთარ მარტოლეკმა, ისარგებლა რა იმით, რომ იაკობ შამათავას ჰყავდა შვილიშვილი, ასევე - იაკობ შამათავა, დოკუმენტების გაყალბებისა და პირადი კონტაქტების გამოყენების გზით, მოახდინა ამ მიწის ნაკვეთის უკანონო პრივატიზება და იგი მიისაკუთრა. ოთარ მარტოლეკმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მან აღნიშნა, რომ ამ მიწის ნაკვეთის უკანონო პრივატიზება მას იმთავითვე განზრახული ჰქონდა. ასევე აღიარა დანაშაული იაკობ შამათავამ, რომელმაც გამოძიებას უჩვენა, რომ იგი იყო ეგრეთ წოდებული ცრუ შემცვლელი პირი.” (სტილი დაცულია)

”ცრუ შემცვლელ” პირად ხსენებულ იაკობ შამათავას, რომელიც, გამოძიების მიხედვით, მარტოლეკმა თაღლითური მიზნების განსახორციელებლად გამოიყენა, თავი ძალადობის მსხვერპლად ჯერ კიდევ 19 დეკემბერს მიაჩნდა. თუმცა მაშინ ის მოძალადედ არა ოთარ მარტოლეკს, არამედ მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის წარმომადგენლებს ასახელებდა და ამბობდა, რომ მას ბაბუის დანატოვარ მიწას ართმევენ.

”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენელი კახა კუკავა კვლავაც დარწმუნებულია, რომ შამათავა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ”რეკეტის” მსხვერპლია და რომ ის შეაშინეს:

[კახა კუკავას ხმა] ”შამათავას საქმე არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ სამშაბათს არ აპირებდა არაფრის ჩუქებას სახელმწიფოსათვის, რომელიც აპირებდა თავისი უფლებების დაცვას, დააპატიმრეს და, 24-საათიანი დამუშავების შემდგომ, მან მართლაც განაცხადა თანხმობა როგორც ბრალის აღიარებაზე, ასევე ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემაზე.” (სტილი დაცულია)

ვიდრე იაკობ შამათავა ბრალს აღიარებდა, კახა კუკავა და “დემოკრატიული ფრონტის” სხვა წარმომადგენლები გაცილებით მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ და, მათ შორის, არაერთი მაღალჩინოსნის მისამართით. სწორედ ამ განცხადებებთან დაკავშირებით, უმრავლესობის წარმომადგენელმა ბიძინა ბრეგაძემ 22 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე ერთი ასეთი წინადადება წამოაყენა:

[ბიძინა ბრეგაძის ხმა] ”ბატონმა კახამ და იმ ადამიანებმა, რომლებიც საკმაოდ მძაფრ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ სხვადასხვა თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, ბოდიში უნდა მოიხადონ.” (სტილი დაცულია)

ბრეგაძის მოწოდების მიუხედავად, კუკავა ბოდიშის მოხდას არ აპირებს. დეპუტატი შამათავას ფაქტთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლავ ძველ პოზიციაზე რჩება. ამასთან, კუკავას თქმით, ”დემოკრატიული ფრონტისთვის” ცნობილია სახელმწიფოს მხრიდან კერძო მესაკუთრეების შევიწროების კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG