Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთი: რა ელის ქვეყანას ნიაზოვის სიკვდილის შემდეგ?


თურქმენეთის პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის სიკვდილი ამ ქვეყნისთვის ცვლილებების დასაწყისს მოასწავებს.

ხელისუფლების შეცვლა თურქმენეთს ახალ შესაძლებლობებს უჩენს - თუმცა, ამავე დროს, ამ პროცესს თან საფრთხეებიც სდევს, იქნება ეს შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები თუ ცვლილებები საგარეო პოლიტიკაში. რა პრობლემების წინაშე დგას თურქმენეთი დღეს?

პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვს თურქმენეთის მედია ”თურქმენბაშის”, ყველა თურქმენის დიად ლიდერს, უწოდებდა. წლების განმავლობაში ყველას ესმოდა, რომ მისი შეცვლა რთული ამოცანა იქნებოდა - საერთოდ შეუძლებელი თუ არა. და, ალბათ, ძალიან ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ნიაზოვის პირველივე შემცვლელი საზოგადოებისთვის უცნობი კბილის ექიმი იქნებოდა.

გურბანგული ბერდიმუხამედოვს - თურქმენეთის დროებით ლიდერს - ნიაზოვის გარდაცვალებამდე ქვეყანაში თითქმის არავინ იცნობდა. მშრალი ბიოგრაფიული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ის ქვეყნის მმართველისთვის საჭირო კვალიფიკაციით არ გამოირჩევა: 1979 წელს მან კბილის ექიმის დიპლომი მოიპოვა და 1997 წლამდე, ანუ ჯანმრთელობის მინისტრად გახდომამდე, ამ სფეროში პრაქტიკოსი ექიმი იყო, 2001 წელს კი ბერდიმუხამედოვმა ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა.

იმ პერიოდში, როდესაც ბერდიმუხამედოვი ჯანდაცვის მინისტრად მსახურობდა, ქვეყნის რეგიონებში დაიხურა სამედიცინო ცენტრები, ქვეყანაში გაჩნდა მედიკამენტების დეფიციტი, შემცირდა ექიმებისა და სამედიცინო დარგთა სტუდენტების რაოდენობა.

ქვეყნის დროებით ლიდერად ქცევის პირველ საათებში ბერდიმუხამედოვს ბევრი განცხადება არ გაუკეთებია და, ძირითადად, ასეთი შინაარსის კომენტარებით შემოიფარგლა:

[ბერდიმუხამედოვის ხმა] ”როგორც იცით, დღეს თურქმენეთის უშიშროების საბჭო, მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბნენ. განხილვა შეეხო იმ საორგანიზაციო საკითხებს, რომლებიც დღის წესრიგში დადგა ჩვენი ძვირფასი თურქმენბაშის, თურქმენი ხალხის დიადი, საყვარელი შვილის, მოულოდნელ გარდაცვალებასთან დაკავშირებით.”

როგორც ჩანს, ბერდიმუხამედოვი მართლაც დროებითი ლიდერი იქნება. 26 დეკემბერს თურქმენეთის სახალხო საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები დასახელდება და თარიღი დადგინდება. სავარაუდოდ, არჩევნები მარტში გაიმართება.

გაურკვეველია, ვისი გადაწყვეტილებით შეირჩა ბერდიმუხამედოვი ქვეყნის დროებით ლიდერად. საყურადღებოა, რომ პირს, რომელსაც ამ ფუნქციას კონსტიტუცია აკისრებდა, - პარლამენტის სპიკერს, ოვეზგელდი ატაევს, - გავრცელებული ცნობებით, ნიაზოვის სიკვდილის გახმაურებიდან ძალიან მალე სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს. სავარაუდოდ, პირებმა, რომლებმაც თურქმენეთის დროებით ლიდერად ბერდიმუხამედოვი დაასახელეს, ატაევის პოლიტიკური სფეროდან საერთოდ ჩამოშორება არჩიეს.

ანალიტიკოსთა ვარაუდით, ახალი პრეზიდენტის შერჩევისას გადამწყვეტი სწორედ ამგვარი კულუარული პოლიტიკა იქნება. მოსალოდნელია, რომ ამ პროცესზე გადამწყვეტ გავლენას ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გელდი-მუხამედ აშირმუხამედოვი და შინაგან საქმეთა მინისტრი ახმამედ რახმანოვი მოახდენენ.

ნიაზოვის მმართველობის პერიოდში ქვეყანაში გაბატონებული ტოტალიტარიზმი სწორედ ამ ორ უწყებაზე - ეროვნული უშიშროების კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროზე - იყო დამყარებული. ეს ინსტიტუტები დაუმორჩილებლობის თუ პროტესტის სულ მცირედ გამოვლინებასაც კი მაშინვე ახშობდნენ და ქვეყანაზე ნიაზოვის უპირობო ბატონობას უზრუნველყოფდნენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც თურქმენეთს აქვს, საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. ნიაზოვმა თურქმენეთი მთელი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოაქცია - ქვეყანას რეალური მოკავშირეები არ ჰყავს; არსებობენ მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორები, რომელთა ინტერესსაც თურქმენეთის ენერგეტიკული რესურსები წარმოადგენს. ნიაზოვის პერიოდში ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევების გამო, თურქმენეთს დასავლეთთან კავშირები არ ჰქონდა; პარალელურად, თურქმენბაშს განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა არც რუსეთთან ჰქონია - ქვეყანასთან, რომელიც იმ სადენების უმეტესობას აკონტროლებს, რომლითაც თურქმენული ნავთობი და გაზი დასავლეთში გადის.

ენერგეტიკული ფაქტორების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, რუსეთი ინტენსიურად შეეცდება თურქმენეთში განვითარებულ პროცესებზე გავლენა მოახდინოს.

პარალელურად, უცხოეთში მცხოვრები თურქმენეთის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელიც მათ ნიაზოვის სიკვდილის გამო მიეცათ. აი, რა უთხრა რადიო “თავისუფლების” თურქმენულ სამსახურს ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ჩარი იშანიაზოვმა:

[იშანიაზოვის ხმა] ”დადგა დრო, როდესაც თურქმენეთის ოპოზიციური ძალები, რომლებიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობენ, უნდა დაბრუნდნენ თურქმენეთში.”

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანთა უმეტესობა უკვე დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობს, რთულია განისაზღვროს, რამდენად წარმატებული იქნება მათი გეგმები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.

თურქმენეთიდან მოსული ცნობების თანახმად, ქვეყანაში, ძირითადად, სიმშვიდეა - მოსახლეობა ჩვეულებრივ ცხოვრებას განაგრძობს. ანალიტიკოსების აზრით, ნიაზოვის მიერ შექმნილი შიშის კულტის მოშლა ადვილი არ იქნება. ის, თუ როგორ განვითარდება თურქმენეთში პოლიტიკური პროცესები დიად ლიდერად წოდებული პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის, სიკვდილის შემდეგ, ალბათ, უკვე მალე გამოჩნდება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG