Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომელი ქვეყნები მოამარაგებენ საქართველოს ბუნებრივი აირით?


ექნება თუ არა საქართველოს

გაისად საკმარისი ოდენობის გაზი და რომელი ქვეყნები მოამარაგებენ მას? ამ შეკითხვებზე პასუხს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბაქოში და ანკარაში ეძებდნენ. თუმცა, გასული კვირის მიწურულს ნათელი გახდა, რომ მოსკოვისთვის გვერდის ავლა მაინც ვერ ხერხდება. მივყვეთ მოვლენებს.

19 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტიდან საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის გამოყოფაზე მიღწეული შეთანხმების საბოლოო გაფორმება წარმოადგენდა. ანკარაში მყოფი პრეზიდენტი სააკაშვილი ხაზს უსვამდა საქართველოსა და თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, თუმცა მას არაფერი დაუკონკრეტებია:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”საქართველოსა და თურქეთის ძალისხმევამ ენერგეტიკა აქცია ჩვენი ხალხის დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვან წყაროდ. ეს არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი, ეს არის შაჰ-დენიზის გაზის პროექტი.” (სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმის მიუხედავად, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან ბუნებრივი აირის მიღება, ჭაბურღილზე შექმნილი ტექნიკური სირთულეების გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება:

(ზურაბ ნოღაიდელის ხმა) ”რამოდენიმე დღით - შესაძლოა, რამოდენიმე კვირით - გადაიდო ამ ჭაბურღილიდან საქართველოსთვის გაზის მოწოდება. ამიტომ ჩვენ იძულებულნი ვართ, მომავალი წლის დასაწყისიდან გავაგრძელოთ რუსეთიდან გაზის მიღება. თუმცა, როცა ჭაბურღილზე მოგვარდება ეს ტექნიკური პრობლემები, ჩვენ დავიწყებთ, ბუნებრივია, ძირითადად, გაზის მიღებას - ან თავიდან ბოლომდე გაზის მიღებას - აზერბაიჯანიდან.“(სტილი დაცულია)

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 22 დეკემბერს გააკეთა და გაცხადდა ისიც, რომ საქართველოს მაინც მოუწევს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 235 დოლარის გადახდა. შექმნილი სიტუაციის ფონზე სამმა მსხვილმა ადგილობრივმა კომპანიამ თადარიგი დაიჭირა და ”გაზპრომთან” ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ დადებული კონტრაქტი სამთვიანია, ხოლო ”მტკვარი-ენერგეტიკამ” და ”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ” კონტრაქტები თითო წლით გააფორმეს. ამ სამი კომპანიის მიერ მოთხოვნილი გაზის ჯამური მოცულობა 1,1 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული აირი საქართველოს გაზის ბალანსში კვლავაც უდიდეს წილს - დაახლოებით, 60%-ს - დაიკავებს.

(დავით გამყრელიძის ხმა) “ფაქტია, რომ, იმ განცხადების მიუხედავად, რასაც აკეთებდა პრეზიდენტი, მთავრობა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომ რუსულ გაზს არ ვიყიდით და პოლიტიკურ ფასს არ გადავიხდით, მაინც ვყიდულობთ. მთავარი ახლა არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ აისახოს ტარიფში.“ (სტილი დაცულია)

გაზის სამომხმარებლო ტარიფი, რომელიც ”მემარჯვენე” ოპოზიციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ ახსენა, რუსეთიდან შემოტანილი აირის ორჯერ გაზრდილი ფასის გათვალისწინებით, აუცილებლად გაიზრდება. თუმცა რამდენით და როდის - ამის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით ვერ აკეთებენ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ დღის წესრიგში დადგა 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირება და რომ, პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის მიცემული დავალების შესაბამისად, ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროები, ასევე - გაზის საერთაშორისო კორპორაცია, ერთობლივად მუშაობენ სპეციალურ პროექტზე. პროექტი კომპანიებისა და მოსახლეობის შეღავათიან პირობებში ჩაყენებას ითვალისწინებს.

როგორც დავინახეთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ, ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ, საქართველო უპირატესობას მიანიჭებს ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან მიღებას. თუმცა ბევრი რამ ამ მხრივაც დასაკონკრეტებელი რჩება. მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი ბაქოში 25 დეკემბერს დაიწყება და მასში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩაერთვება. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საერთო ენა ყველა საკითხში გამოინახება.

ჯერჯერობით საერთო ენა ვერ გამოინახა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით. გასულ კვირაში საქართველოში ჩამოვიდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ექვსგვერდიანი დასკვნა, რომელიც სწორედ ამ პროექტს უკავშირდება. საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ ერთი და იგივე დოკუმენტი სხვადასხვაგვარად წაიკითხეს. პირველის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა სავსებით მისაღებია და მასში ცალსახად არის აღნიშნული, რომ ყველა ცვლილება სწორად არის გათვლილი. უმრავლესობა მხოლოდ ცალკეული დეტალების დაზუსტებაზე საუბრობს. ხოლო ოპოზიციის განმარტებით, დასკვნა კრიტიკულია და პროექტს ცალკეული დეტალების დაზუსტება ვერ უშველის.
საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს.

გასულ კვირაში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ასევე მწვავე კამათის თემად იქცა კერძო საკუთრება. პროცესს, რომელსაც ხელისუფლება უკანონოდ პრივატიზებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას არქმევს, პოლიტიკური ოპოზიცია კერძო მესაკუთრეთა უფლებების შელახვად აღიქვამს:

(კახა კუკავას ხმა) ”ადამიანებს უცებ - საქართველოს სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა სოციალურ ფენაში - გაუსკდათ სიყვარულის ბუშტი სახელმწიფოს მიმართ და, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, აჩუქეს ქონება სახელმწიფოს. ასეულობით საქმე - და მე გასულ კვირას გამოვაქვეყნე ეს ხელშეკრულებები - მთავრდება, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, ჩუქების ხელშეკრულებით.” (სტილი დაცულია)

ეს განცხადება დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელმა კახა კუკავამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 21 დეკემბერს გააკეთა და იქვე კერძო მესაკუთრეების უფლებათა დარღვევის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. ”დემოკრატიული ფრონტის” ამ ინიციატივას უმრავლესობის დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და ამიტომ ინიციატივის ჩარჩოებს ვერ გასცდა.

ამ საკითხთან მიმართებით გასული კვირის ერთგვარ სახედ იქცა იაკობ შამათავა, რომელიც საზოგადოებას კვირის დასაწყისში დაზარალებულად, ხოლო კვირის მიწურულს დამნაშავედ გააცნეს. 19 დეკემბერს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე შამათავა მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის წარმომადგენლებს ზეწოლაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ მას ბაბუის მიერ დანატოვარ მიწას ართმევდნენ. მას შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა: 20 დეკემბერს მცხეთის რაიონის პროკურატურამ შამათავა დააკავა, ხოლო 21 დეკემბერს, 150 ათასლარიანი გირაოს დაკისრების შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საზოგადოებამ შეიტყო, რომ შამათავამ, რომელსაც საპარლამენტო ურავლესობის წარმომადგენლები თავიდანვე გამყალბებლად და თაღლითად მოიხსენიებდნენ, ბრალი აღიარა. განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა მცხეთის გამგეობის თანამშრომელი ოთარ მარტოლეკიც. მისი დანაშაულებრივი საქმიანობის განმარტებას გენერალური პროკურორის მოადგილემ კახა კობერიძემ 22 დეკემბერს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა:

(კახა კობერიძის ხმა) ”ოთარ მარტოლეკმა, შემდგომი მისაკუთრების მიზნით, 3 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იჯარით გაცემულად გააფორმა სოფელ დიღომში მცხოვრებ იაკობ შამათავაზე, რომელიც გარდაიცვალა 2002 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ ოთარ მატროლეკმა, ისარგებლა რა იმით, რომ იაკობ შამათავას ჰყავდა შვილიშვილი, ასევე იაკობ შამათავა, დოკუმენტების გაყალბებისა და პირადი კონტაქტების გამოყენების გზით, მოახდინა ამ მიწის ნაკვეთის უკანონო პრივატიზება და იგი მიისაკუთრა. ოთარ მარტოლეკმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მან აღნიშნა, რომ ამ მიწის ნაკვეთის უკანონო პრივატიზება მას იმთავითვე განზრახული ჰქონდა. ასევე აღიარა დანაშაული იაკობ შამათავამ, რომელმაც გამოძიებას უჩვენა, რომ იგი იყო ეგრეთ წოდებული ცრუ შემცვლელი პირი.” (სტილი დაცულია)

”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენელი კახა კუკავა კვლავაც დარწმუნებულია, რომ შამათავა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ”რეკეტის” მსხვერპლია და რომ ის შეაშინეს:

(კახა კუკავას ხმა) ”ადამიანი, რომელიც, ჯერ კიდევ სამშაბათს, არ აპირებდა არაფრის ჩუქებას სახელმწიფოსათვის, რომელიც აპირებდა თავისი უფლებების დაცვას, დააპატიმრეს და, 24-საათიანი დამუშავების შემდგომ, მან მართლაც განაცხადა თანხმობა როგორც ბრალის აღიარებაზე, ასევე ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემაზე.” (სტილი დაცულია)

დემოკრატიული ფრონტის კიდევ ერთი წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მეწარმეებს მკაცრად აფრთხილებს:

(დავით ბერძენიშვილის ხმა) ”ან მომცემ ქონებას და ჩამაბარებ, ან გექნება პრობლემები... წახვალთ ოპოზიციაში? წახვალთ არასამთავრობო სექტორში? მაშინ თქვენ გექნებათ პრობლემები და ეს პრობლემები არ იქნება მხოლოდ ქონებასთან დაკავშირებული... თქვენს თავისუფლებასთან იქნება დაკავშირებული.” (სტილი დაცულია)

გასულ კვირაში თავისუფლების ერთდროულად 19 პირისთვის შეზღუდვის უპრეცედენტო ფაქტზე საუბრობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 20 დეკემბერს ვანო მერაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას ასეთი რამ შეატყობინა:

(ვანო მერაბიშვილის ხმა) ”ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ე.წ. ”ობშიაკი”, ანუ ”ტყავი”, ანუ ”ხორცი” , ანუ” საერთო” ...” (სტილი დაცულია)

დაკავებულთა შორის არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებიც. ისინი ეჭვმიტანილნი არიან იმაში, რომ ეგრეთ წოდებული ”ობშიაკიდან” ფულის ციხეში ბრუნვას უწყობდნენ ხელს. დანარჩენები კი ბრალდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით - კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა.

ლაპარაკია ადამიანებზე, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდულ სამყაროში მიღებული ეგრეთ წოდებული ”ობშიაკის ” შეგროვებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. გავრცელებული ცნობით, ამოღებულია ეგრეთ წოდებული “ობშიაკიც” - დაახლოებით, 100 000 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG