Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”რეპორტიორები უსაზღვრებოდ”: უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში 2006-მა წელმა ჟურნალისტებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლი მოიტანა


1994 წლის შემდეგ, 2006-მა წელმა ჟურნალისტებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლი მოიტანა: დაიღუპა 81 ჟურნალისტი და მედიის სფეროში მომუშავე კიდევ 32 ადამიანი.

ეს და სხვა მონაცემები, წლის შემაჯამებელი ანგარიშის სახით, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა პარიზში განთავსებულმა ორგანიზაციამ ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ”. ამ ანგარიშის შესახებ უფრო დეტალურად მინდა გესაუბროთ.

2006 წლის განმავლობაში პროფესიულ საქმიანობას ან საკუთარი აზრის გამოხატვას, სულ მცირე, 81 ჟურნალისტი ემსხვერპლა 21 ქვეყანაში. ეს ყველაზე დიდი რიცხვია 1994 წლის შემდეგ, როდესაც რუანდაში, ალჟირსა და ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე კონფლიქტებს 103 ჟურნალისტი შეეწირა. ჟურნალისტების გარდა, 2006-მა წელმა მედიის სფეროში მომუშავე კიდევ 32 ადამიანის სიკვდილი მოიტანა: დაიღუპნენ მძღოლები, თარჯიმნები, მცველები. 2005 წელს ეს მაჩვენებელი 5 ადამიანი იყო.

ასე იწყებს 2006 წლის შეჯამებას პარიზში განთავსებული ორგანიზაცია ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ”. ორგანიზაციის თანახმად, უკვე მეოთხე წელია, რაც ერაყი მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნად რჩება. მხოლოდ გასულ წელს ერაყში მედიის 64 წარმომადგენელი დაიღუპა. სულ კი, 2003 წელს ომის დაწყების შემდეგ, ამ ომს 139 ჟურნალისტი ემსხვერპლა, რომელთა 90 პროცენტი ერაყელი იყო. ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას: ერაყში 2003 წლიდან დღემდე მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა ორჯერ და მეტჯერ აჭარბებს ვიეტნამის 20-წლიანი ომის დროს დაღუპული ჟურნალისტების რიცხვს.

ორგანიზაციის ევროპისა და პოსტსაბჭოთა პროგრამების ხელმძღვანელი ელზა ვიდალი, რომელსაც ჩვენ პრაღიდან დავუკავშირდით, ამ ფაქტორს ასე ხსნის:

[ვიდალის ხმა] ”ამ ორი ომის ერთმანეთთან შედარება ძალიან რთულია, დროის სხვაობის გათვალისწინებით. ვფიქრობ, ვიეტნამის ომთან შედარებით, ერაყში ჟურნალისტები სრულიად განსხვავებულად მუშაობენ. ბევრი კონფლიქტის თანამედროვე მეთოდებით გაშუქებას ცდილობს ისე, რომ, შესაძლოა, მიმაგრებულიც არ იყოს ამა თუ იმ საჯარისო ნაწილთან. ერაყში, ზოგის შეფასებით, სამოქალაქო ომია, ვიეტნამის ომისგან განსხვავებული კონტექსტია და, ალბათ, ჟურნელისტებს შორის მსხვერპლის რაოდენობაც ამით აიხსნება.”

ერაყის გარდა, ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” ჟურნალისტების სიცოცხლისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად მექსიკასა და ფილიპინებს ასახელებს. ამ ქვეყნებში 2006 წელს, შესაბამისად, ცხრა და ექვსი ჟურნალისტი მოკლეს.

პოსტსაბჭოთა სივრცეზე საუბრისას ელზა ვიდალი შემდეგ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას:

[ვიდალის ხმა] ”პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან ბევრი პრობლემაა. რუსეთში გასულ წელს სამი ჟურნალისტი მათი საქმიანობის გამო მოკლეს. ყველას ახსოვს მოსკოვში 7 ოქტომბერს მომხდარი ანა პოლიტკოვსკაიას დრამატული მკვლელობა; მაგრამ ამ შემთხვევამდე წლის განმავლობაში რუსეთში კიდევ ორი ჟურნალისტი იყო მოკლული. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ეს ვითარება და, ვფიქრობთ, არჩევნების მოახლოების გამო, ჟურნალისტებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ რუსეთში მუშაობა.”

2006 წლის შემაჯამებელ ანგარიშში ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” აღნიშნავს, რომ პრესის თავისუფლების მხრივ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა თურქმენეთში, სადაც სექტემბერში რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი ოგულსაფარ მურადოვა ციხეში, ბუნდოვან ვითარებაში, გარდაიცვალა. ორგანიზაცია ანგარიშში აღნიშნავს, რომ, ევროკავშირის მოთხოვნის მიუხედავად, თურქმენეთის მთავრობას მურადოვას სიკვდილი არ გამოუძიებია. ელზა ვიდალის თქმით, რთული ვითარებაა უზბეკეთშიც:

[ვიდალის ხმა] ”პრობლემებია შუა აზიაშიც - უზბეკეთსა და თურქმენეთში ვითარება უარესდება; დამოუკიდებელი ჟურნალისტები, პრაქტიკულად, იქ ვერ მუშობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.”

წლის შემაჯამებელ დოკუმენტში ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” პრესის თავისუფლების ხარისხის მიხედვით ქვეყნების კლასიფიკაციას არ ახდენს - ამას ორგანიზაცია წლის განმავლობაში გამოშვებულ სხვა ანგარიშში აკეთებს. წლევანდელი მონაცემებით, 168 ქვეყნისგან შემდგარი სიის პირველი ადგილი 4-მა ქვეყანამ გაიყო: ფინეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ და ჰოლანდიამ. ყველაზე ცუდი ვითარება ჩრდილოეთ კორეაში აღინიშნა. მის შემდეგ კი, ბოლო ადგილებზე, შესაბამისად, თურქმენეთი, ერიტრეა, კუბა, ბირმა, ჩინეთი და ირანი არიან.

რაც შეეხება საქართველოს, წლის შემაჯამებელ ანგარიშში ორგანიზაცია ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” საქართველოზე და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე არ წერს. ოქტომბერში გამოშვებულ კლასიფიკაციაში კი ორგანიზაციამ საქართველოს 168 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი მიანიჭა და სიაში ტანზანიასა და გვატემალას შორის მოაქცია. 2005 წელს საქართველო 99-ე ადგილზე იყო - ამდენად, წლევანდელ სიაში ქვეყანამ ათი ადგილით გაიუმჯობესა მაჩვენებელი.

ჩვენთან საუბრისას ელზა ვიდალმა კავკასიაში არსებული ვითარება ასე შეაფასა:

[ვიდალის ხმა] ”კავკასიას რაც შეეხება, - და მე აქ არ ვგულისხმობ ჩეჩნეთს, სადაც, მოგეხსენებათ, ძალიან რთული მდგობმარეობაა, - კავკასიაში ყველაზე საგანგაშო ფაქტი აზერბაიჯანში შექმნილი ვითარებაა. ხელისუფლება, პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში, იქ დამოუკიდებელ პრესაზე მძლავრ ზეწოლას ახორციელებს. სომხეთსა და საქართველოში ვითარება უკეთესია, თუმცა გასულ წელს ჩვენ საქართველოში ჟურნალისტებზე 7 თავდასხმის და მედიაზე ცენზურის განხორციელების 3 შემთხვევა აღვრიცხეთ.”

ჟურნალისტთა დაღუპვის შემთხვევების აღრიცხვის გარდა, წლის შემაჯამებელ ანგარიშში ორგანიზაციას სხვა მაჩვენებლებიც მოჰყავს: 2006 წელს მსოფლიოს გარშემო დააპატიმრეს მინიმუმ 871 ჟურნალისტი; თავს დაესხნენ, სულ მცირე, 1472-ს და გაიტაცეს 56 ჟურნალისტი. ამასთან, ორგანიზაციამ გასულ წელს მედიაზე ცენზურის განხორციელების 912 შემთხვევა აღრიცხა მსოფლიოში - იქნებოდა ეს პრესა, ტელე-რადიომაუწყებლობა თუ ინტერნეტი.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG