Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები 2006 წელს ჟურნალისტებისთვის ყველაზე სისხლიან წლად მიიჩნევენ


პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დამცველი რამდენიმე ორგანიზაციის განცხადებით, 2006-მა წელმა ჟურნალისტებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლი მოიტანა.

პრესის წარმომადგენლებისთვის ყველაზე საშიში ქვეყანა ერაყი იყო, თუმცა მექსიკა, ფილიპინები და რუსეთიც რისკის ზონად გამოცხადდა. რამდენიმე დღის წინ უკვე გიამბეთ იმ შემაჯამებელი ანგარიშის შესახებ, რომელიც გამოაქვეყნა პარიზში განთავსებულმა ორგანიზაციამ ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ”, დღეს კი უკვე რამდენიმე ორგანიზაციის ანგარიშების შეჯერებას შევეცდები.

მთელ მსოფლიოში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის 2006 წელი საფრთხისა და სიკვდილის წელი იყო.

პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ წლის შემაჯამებელი ანგარიშები გამოაქვეყნა. წლის განმავლობაში დაღუპული ჟურნალისტების რიცხვი ამ ანგარიშებში 55-დან 155-მდე მერყეობს, თუმცა ყველა ორგანიზაცია თანხმდება, რომ 2006 წელი მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე სისხლიანი წელიწადი იყო.

შეერთებულ შტატებში განთავსებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი თავის ანგარიშში აცხადებს, რომ 2006 წელს პროფესიული საქმიანობის წარმოებისას 55 ჟურნალისტი დაიღუპა, კიდევ 27 კი ბუნდოვან და საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

პარიზში განთავსებულმა ორგანიზაციამ ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” 81 ჟურნალისტის და მედიის სფეროში მომუშავე კიდევ 32 ადამიანის სიკვდილი აღრიცხა. ორგანიზაციის თანახმად, უკვე მეოთხე წელია, რაც ერაყი ჟურნალისტებისათვის ყველაზე სისხლიან ადგილად რჩება: 2006 წელს იქ 64 ჟურნალისტი მოკლეს. 2005 წელს ეს რიცხვი 29 იყო.

ორგანიზაციის წარმომადგენელი, თალა დოულათშაჰი, ამბობს, რომ ერაყში ექსტრემისტებს ესმით, რომ მედიის წარმომადგენლის გატაცება ან მკვლელობა ეფექტური საშუალებაა ყურადღების მისაპყრობად:

[დოულათშაჰის ხმა] ”წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, ახლა საქმე გვაქვს ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართულად განხორციელებულ თავდასხმებთან. და აქ მხოლოდ ვიწრო ჟურნალისტურ პროფესიას არ ვგულისხმობ - ეს ეხება აგრეთვე თარჯიმნებს, მძღოლებს, შტატგარეშე თანამშრომლებს... ყველას, ვისაც საომარ ზონებში მომუშავე კორესპონდენტებთან აქვს შეხება, თავდასხმის და მკვლელობის მწვავე საფრთხე ემუქრება.”

თალა დოულათშაჰის თქმით, რისკის გამწვავების გამო, დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები ერაყში საკუთარი კორესპონდენტების გაგზავნას ერიდებიან და ადგილობრივ, ერაყელ ჟურნალისტებთან თანამშრომლობენ. შესაბამისად, თავდასხმები ყველაზე ხშირად სწორედ ამ ერაყელებსა და მათი ოჯახის წევრებზე ხდება. დოულათშაჰის თქმით, ბევრი თავდასხმა აღრიცხულიც კი არ არის.

ჟურნალისტებისთვის სარისკო ადგილებს წარმოადგენს ბევრი ისეთი ქვეყანაც, სადაც ომი არ არის. თალა დოულათშაჰი განსაკუთრებით მექსიკასა და რუსეთს გამოყოფს:

[დოულათშაჰის ხმა] ”ჟურნალისტები, რომლებიც მთავრობისათვის აშკარად არახელსაყრელ სიტუაციებს აშუქებენ - ჟურნალისტები, რომლებიც ისეთ ქვეყნებში მოღვაწეობენ, როგორიც არის მექსიკა, სადაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ბევრი ჟურნალისტი მოკლეს იმის გამო, რომ ნარკოტიკების კარტელთან მთავრობის წარმომადგენელთა კავშირებზე დაწერეს. რუსეთში კლავენ ჟურნალისტებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მთავრობას და მის მიერ ჩეჩნეთში განხორციელებულ ქმედებებს აკრიტიკებენ.”

ჩინეთში, დოულათშაჰის თქმით, ჟურნალისტებს ქუჩიდან იტაცებენ, აშინებენ და მთავრობის გაკრიტიკებისთვის ხშირად 20 წლით აპატიმრებენ.

2006 წელს მედიის 155 წარმომადგენლის სიკვდილს აღრიცხავს ბრიუსელში განთავსებული ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია და გასულ წელს ”უპრეცედენტო სისასტიკის წელიწადს” უწოდებს.

პრობლემად რჩება მთავრობის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობისთვის ხელის შეწყობა ან მისი იგნორირება. ამ პრობლემას განსაკუთრებული სიმწვავე შესძინა ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას, მკვლელობამ და რადიო “თავისუფლების” თურქმენული სამსახურის კორესპონდენტის, ოგულსაფარ მურადოვას, ციხეში გარდაცვალებამ.

მურადოვას საქმეზე საუბრისას, ჟურნალისტთა ფედერაციის წარმომადგენელი რეიჩელ კოენი ამბობს, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლის იარაღად მთავრობები ხშირად მიმართავენ ბრალდებების შეთითხვნის პრაქტიკას:

[კოენის ხმა] ”ხშირად ხდება, რომ ჟურნალისტებს მათი საქმიანობის გამო სდევნიან, თავს ესხმიან ან მოულოდნელად ბრალდებებს უყენებენ - ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან გვაშფოთებს და ვშიშობთ, რომ სიტუაცია გაუარესებისკენ მიდის.”

2006 წლის 23 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც კონფლიქტურ ზონებში ჟურნალისტებზე განხორციელებულ მიზანმიმართულ თავდასხმებს გმობს. მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა, როლან ბლესმა, ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ეს რეზოლუცია საჭირო და აუცილებელი დოკუმენტია. ის ხაზგასმით წარმოაჩენს საშიშროებას, რომელიც ჟურნალისტებს ემუქრება და მთავრობებს შეახსენებს, რომ მათ მედიის წარმომადგენელთა დაცვას საერთაშორისო შეთანხმებები ავალდებულებს. თუმცა, ბლესის თქმით, ამ შეთანხმებების მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი რჩება:

[ბლესის ხმა] ”ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს ბევრ ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის ატმოსფერო. ჟურნალისტებს არა მხოლოდ კლავენ, მათ სდევნიან და ფიზიკურად ავიწროებენ. და ამისათვის არავინ ისჯება. ზოგიერთ გარემოში ჟურნალისტების დევნა მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ ამას ძალიან ვეწინააღმდეგებით. ეს მხოლოდ რუსეთს არ ეხება - იყო პერიოდი, როდესაც ასეთი რამ სამხრეთ ევროპაში აღინიშნებოდა, თუმცა ახლა ვითარება იქ ოდნავ გაუმჯობესდა. ჟურნალისტების დევნის შემთხვევები დასავლეთის ქვეყნებშიც გვაქვს და, ამდენად, ხელს მხოლოდ ერთი მიმართულებით არ უნდა ვიშვერდეთ.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG