Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”აფხაზეთი არჩევნების წინ” - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში გაზეთი ”24 საათი” იმ ვითარებაზე მსჯელობს,

რომელიც სეპარატისტულ რეგიონში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ფონზე შეიქმნა. გაზეთი გვატყობინებს, რომ, აფხაზი და ქართველი ექსპერტების შეფასებით, ”პოლიტიკურ ძალებს შორის ამჯერად დაძაბულობა და მწვავე დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის.” თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ, 4 მარტს დანიშნული არჩევნების შედეგად, აფხაზეთში, შესაძლოა, პრორუსული პოლიტიკური ძალების გავლენა გაიზარდოს. ”24 საათის” ინფორმაციით, თბილისში ქართველებისა და სომხების დისკრიმინაციის ნიშნებზე საუბრობენ.

აფხაზეთში მცხოვრები სომხების ამ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი საგანგებო მსჯელობის საგნად რჩება. ”24 საათი” ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთ აზერბაიჯანულ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის სომხები ხელისუფლებისგან პარლამენტში 5-ადგილიან კვოტას ითხოვენ. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში სომხებისთვის არაოფიციალური კვოტების არსებობაზე და მათი რიცხვის 3-დან 5-მდე გაზრდის შესაძლებლობაზე საუბრობს არნოლდ სტეფანიანიც, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”მრავალეროვანი საქართველოსთვის”. სტეფანიანი ამბობს იმასაც, რომ ”გარკვეული ძალები აფხაზეთში სომეხ ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას ცდლობენ. ”24 საათში” ვკითხულობთ მის სიტყვებს: ”ამ ძალების წარმომადგენლები სომხებით დასახლებულ რაიონებში დადიან და მოსახლეობას მოუწოდებენ, ხმა აფხაზებს მისცენ.” სტეფანიანის მტკიცებით, ”აფხაზეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიური ანტისომხური კამპანია მიმდინარეობს.”

გაზეთი ”რეზონანსი” კი იმ გაღიზიანებაზე მსჯელობს, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ სომხებში დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. სერგეი ბაღაფშს, რომელიც თურქეთში გამგზავრებას აპირებს, ეთნიკური სომხები სომხურ-თურქული არასახარბიელო ურთიერთობის გათვალისწინებას ურჩევენ.

ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარება კვლავაც რჩება თბილისის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტად. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფალთა განცხადებები სწორედ ამაზე მეტყველებს. როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ”ახალ ვერსიასთან” საუბრისას აღნიშნავს, წელს თბილისის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია, მათ მოგვარებაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა და სამშვიდობო ოპერაციების ამჟამად მოქმედი ფორმატის შეცვლა. ბაქრაძის ინფორმაციით, საკუთარ ხედვას, დოკუმენტებს, ინიციატივებსა და ერთწლიან კონკრეტულ პროგრამას საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას სულ მალე ოფიციალურად წარუდგენს.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG