Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული 7 დღე


გასული შვიდი დღე

პოლიტიკური თვალსაზრისით მეტად დატვირთული გამოდგა. საქართველოსთვის საყურადღებო მოვლენები განვითარდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. საქართველოს შესახებ მსჯელობდნენ როგორც ნიუ იორკში - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ასევე სტრასბურგში - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე. ახლა უფრო დაწვრილებით გასული კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე.

გასული კვირა პოზიტიური მოვლენით, საქართველოში რუსეთის სრულუფლებიანი ელჩის დაბრუნებით დაიწყო. რუსი მზვერავების დაკავებასთან დაკავშირებით, 2006 წლის სექტემბერში მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაწვეული ვიაჩესლავ კოვალენკო თბილისში ერევნის გავლით 22 იანვარს ჩამოვიდა, მუშაობას კი 23 იანვრიდან შეუდგა. განმუხტავს თუ არა ელჩის დაბრუნება ორი ქვეყნის უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობას? პოლიტოლოგმა არჩილ გეგეშიძემ ამ კითხვას ასეთი პასუხი გასცა.

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”ჩვენ უნდა ვნახოთ, ელჩის ჩამოსვლას სხვა რა ნაბიჯები მოჰყვება - მოჰყვება თუ არა სანქციების გაუქმება. მთავარია, პოლიტიკურ ჭრილში აღმოიფხვრას პრობლემები ორი ქვეყნის ურთიერთობაში, თორემ დიდი შანსია კვლავ იჩინოს თავი ამგვარმა დაძაბულობამ.

პოლიტოლოგების მსგავსად, რუსეთის ელჩის თბილისში დაბრუნება არც ქართველმა პოლიტიკოსებმა აღიქვეს ოფიციალური მოსკოვის საგარეო პოლიტიკის კარდინალურ ცვლილებად. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ რუსეთი უფრო შელახული იმიჯის გამოსწორებას ესწრაფვის, ვიდრე სქართველსთან თანაბარი და კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას.

[დავით ბაქრაძის ხმა] ”ამ შემთხვევაში რუსეთი მოქმედებს კლასიკური საბჭოური დიპლომატიის გზით. ჯერ თვითონ ქმნის პრობლემებს და მერე ამ პრობლემების მოხსნით ცდილობს აჩვენოს ყველას, რომ ის კონსტრუქციულია.“

მართალია, რუსეთის კონსტრუქციულობისა არ სჯერათ ქართველ დეპუტატებს, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ მათი კოლეგები ევროპის საბჭოდან. საქმე ის არის, რომ რუსეთის ელჩის საქართველოში დაბრუნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობის ნიშნად შეფასდა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც ასევე გასულ კვრაში გაიმართა და, რომელზეც დეპუტატებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, მონიტორინგის კომიტეტის მოხსენების საფუძველზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო, რამაც საქართველოს დელეგაციის წევრის ელენე თევდორაძის უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, საბოლოო ჯამში საქართველოს დელეგაციამ იმას მაინც მიაღწია, რომ მისი წევრების თხოვნით მონიტორინგის კომიტეტმა საიდუმლოების გრიფი მოხსნა მონიტორინგის კომიტეტის რეპორტირების მიერ მომზადებულ ინფორმაციას, რომელშიც აღწერილია დეპორტირებული ქართველების შეურაცხყოფისა და დამცირების არაერთი შემთხვევა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის გიგა ბოკერიას კომენტარი.

[გიგა ბოკერიას ხმა] „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იქნას აღქმული, როგორც რუსეთის საწინააღმდეგო ნაბიჯი. ეს არის რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისა და „გაზპრომის“ საწინააღმდეგო ნაბიჯი. იმისათვის რომ ცივილიზებული გახდეს ურთიერთობა, ევროპა ერთიან პოლიტიკას უნდა აწარმოებდეს, უნდა იყოს მკაცრი და გამჭვირვალე თამაშის წესები და უნდა მოხდეს პოლიტიკური და სხვაგვარი ინვესტიცია ალტერნატიულ გზებში“.

სტრასბურგის გარდა, გასულ კვირაში საქართველოსა და რუსეთის გზები ჟენევაშიც გადაიკვეთა. სწორედ შვეიცარიაში გამართა რუსეთისა და საქართველოს მთავრობათა წარმომადგენლების მოლაპარაკება, თუმცა როგორც ყველა წინა შემთხვევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე თბილისი და მოსკოვი ვერც ამჯერად შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, თბილისი, თანხმობის სანაცვლოდ, მოსკოვისგან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი რეგიონების საზღვრებზე - მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბთან - არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივ გაკონტროლებას მოითხოვს. თამარ კოვზირიძე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თბილისი შეუძლებელს არაფერს ითხოვს.

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”ამგვარი რამ ხორციელდება უკრაინისა და მოლდოვას საზღვარზე, უფრო კონკრეტულად, უკრაინისა და დნესტრისპირეთის საზღვარზე. დნესტრისპირეთი თავისი პრობლემატიკით საკმაოდ ჰგავს ჩვენს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონის, სიტუაციას. ამ შემთხვევაში არის ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის მისია, რომელსაც აკისრია მონიტორინგის ფუნქცია, მაგრამ ორივე ქვეყნის მებაჟეები ერთობლივად ახორციელებენ საბაჟო ადმინისტრირებას. ”(სტილი დაცულია)

გასულ კვირაშივე გაირკვა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდი თებერვალში გაიმართება და მასზე ოფიციალური მოსკოვი იმ დოკუმენტებით გამოცხადებას გეგმავს, რომლებიც ადასტურებენ, რომ რუსეთის საზღვრებზე სავაჭრო-საბაჟო ურთიერთობები ლეგალურად და კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება, თუმცა იმ ინფორმაციამ, რომელიც ასევე გასულ კვირაში გაცხადდა და, რომელიც ასევე რუსეთ-საქართველოს ურითერთბას შეეხება, შესაძლოა, მოლაპარაკების პროცესი კიდევ უფრო გაართულოს. საქმე ის არის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორიოდე დღის წინ, 25 იანვარს, ფარდა ახადა რუსეთიდან ცხინვალის რეგიონის გავლით რადიაქტიური ნივთიერებების უკანონოდ გატანის სქემას.

[შსს წარმომადგენლის ხმა] „ეს ურანი მოდიოდა რუსეთიდან, შემოიტანა რუსეთის მოქალაქემ. ხინჩაგოვი 100 გრამ ურანში 1 მილიონ დოლარს ითხოვდა და ამბობდა, რომ კიდევ შეეძლო მოტანა“.

ოფიციალური ინფორმაციით, ურანის კონტრაბანდისათვის სასჯელს საქართველოს ორი და რუსეთის ერთი მოქალაქე იხდის. გასული წლის თებერვალში გამოვლენილი ამ იშვიათი დანაშაულის გახმაურებას რუსეთში პოლიტიკური სარჩული მოუძებნეს. გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ურანის კონტრაბანდის თაობაზე ინფორმაციის ერთი წლის თავზე გახმაურებით თბილისი შეეცადა უპირატესობა მოეპოვებინა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობაში. პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო საკითხის პოლიტიზირებას არ აპირებს და მომხდარს არ განიხილავს საქართველოში სხვა სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელებულ ქმედებად. გელა ბეჟუაშვილმა ყურადღება უკონტროლო ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეზე გაამახვილა.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] „მეტი კონტროლია საჭირო ამ ტერიტორიებზე, რადაგანც ისინი წარმოადგენე საფრთხეს არამარტო ჩვენთი არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც. ამას ჩვენ დიდი ხანია ვიძახით. ჩვენ გვჭირდება მეტი კონტროლი და მეთი თანამშრომლობა ამ საკითხთან მიმართებაში“.

ბეჟუაშვილის თქმით, მეტი კონტროლი და თანამშრომლობაა ასევე საჭირო კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში, აფახზეთში, რომლის შესახებაც გასულ კვირაში გაეროს უშიშროების საბჭომ იმსჯელა. გენერალური მდივნის წარმომადგენლის შუალედური მოხსენებიდან ცნობილი გახდა, რომ გალის რაიონის ტერიტორიაზე ძალადობის ესკალაციას, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომ რეგიონში სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები.

თუმცა ადამიანის უფლებების დარღვევაზე მხოლოდ გალში მცხოვრები ადამიანები როდი ჩივიან. 25-26 იანვარს ქართველმა ვეტერანებმა პალამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქციები გამართეს და სოციალური დახმარებების ახალი სისტემის - შეღავათების მონეტიზაციის გაუქმება მოითხოვეს.

[ვეტერანის ხმა] „...იქ კომუნალური გადასახადი იყო, იქ ტელეფონის გადასახადი... ამ უსინდისოებმა მგზავრობა, რომელიც 20 თეთრი ღირს, გაგვიყვეს და ათ თეთრს გვახდევინებენ... თქვან თუ ასე ძალიან უჭირთ და იქნებ მთელ პენსიას ვუთმობთ“

[ვეტერანის ხმა] „თვითონ 5 ათასიანი მანქანები იუკადრისეს და 35 ათასიანები იყიდეს და საწყალი, გაჭირვებული ხალხისთვის 20 თეთრიანი ავტობუსები მოსპეს. ეს მთავრობაა?“

მთავრობამ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ლადო ჭიპაშვილის სახით ვეტერანებს ასეთი ახსნა-განმარტება მისცა.

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] „ვეტერანები წარმოადგენენ პენსიონერთა პრივილეგირებულ ჯგუფს, რომლებიც იღებნ 3-4-ჯერ მეტ პენსიას, ვიდრე ჩვეულებრივი პენსიონერები და გარდა ამისა, ჩვენ მათ ახალი პოლიტიკის მიხედვით ვაძლევთ საკმაოდ სერიოზულ დანამატს მონეტიზაციის სახით. უარს ვამბობთ შეუზღუდავი შეღავათების არსებობაზე და ამ კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გადავდივარ მონეტიზაციის პრინციპზე, რაც მიღებულია მთელ ციპილიზებულ მსოფლიოში“.

მთელი ცივილიზებული მსოფლიოსათვის არა, მაგრამ საქართველოსთვის გასული კვირა იმათაც იყო გამორჩეული, რომ 25 იანვარს სამი წელი შესრულდა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან. მიხეილ სააკაშვილმა განვლილი პერიოდი სიღნაღში შეაჯამა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ მივაღწიეთ ბევრად მეტს, ვიდრე ეს წარმედგინა ბევრს და მათ შორის ჩემს თანაგუნდელს და ბევრად ნაკლებს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება“.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილს არაფერი უთქვამს პოლიციელების მიერ მოკლულ სანდრო გირგვლიანზე, რომლის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. 27 იანვარს შარდენის ქუჩაზე მკვლელების დასჯის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმპროვიზირებული საპროტესტო აქცია გამართეს. მოკლულის დედა ირინე ენუქიძე და ოჯახის ადვოკატი, შალვა შავგულიძე კი ერთი წლის შემდეგაც ამტიკებენ, რომ მკვლელობის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან.

[შალვა შავგულიძის ხმა] „ხელისუფლების თითქმის ყველა შტო: აღმასრულებელიბ საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთად ცდილობს დანაშაულის დაფარვას და დამნაშავე პირებისათვის პასუხისმგებლობის აცილებას“.

[ირინე ენუქიძის ხმა] „მე ბრძოლას არ ვწყვეტ! ვიმედოვნებ, რომ 2007 წელს ყველას დავსჯი“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG