Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის და რა ფორმით მიიღებს საქართველოს პარლამენტი ლუსტრაციის შესახებ კანონს


საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ მიერ შემუშავებული ლუსტრაციის,

უფრო ზუსტად კი, „ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა. ბევრისთვის მოულოდნელად, დეპუტატების უმრავლესობამ ოპოზიციონერი კოლეგების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, „დემოკრატიულ ფრონტში“ დაწერილი კანონპროექტის ჩავარდნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანო უარს ამბობს ლუსტრაციის კანონის მიღებაზე.

„დემოკრატიულმა ფრონტმა“ კანონპროექტი, რომელიც სულ ექვსი მუხლისგან შედგება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავა. დეპუტატ კახა კუკავას თქმით, პირველ მუხლში გადმოცემულია ლუსტრაციის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმადაც, საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის, ეგრეთ წოდებული „კა-გე-ბეს“, ოფიცრები ვეღარ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობებს დამოუკიდებელი საქართველოს ვერც აღმასრულებელ და ვერც საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში. რაც შეეხება საბჭოთა სპეცსამსახურის საიდუმლო აგენტებს, კანონპროექტში მათთვის ცალკე ჩანაწერია გაკეთებული.

[კახა კუკავას ხმა] „ჩვენ ვაძლევთ ყველას საშუალებას, რომ თვითონ განაცხადოს იმის შესახებ, თუ რა პოზიცია ეკავა მას 1991 წლის 9 აპრილამდე, ანუ დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებამდე და ასეთ შემთხვევაში კანონი და სახელმწიფო ყველა ადამიანს აძლევს მისი მონაცემების საიდუმლოების გარანტიას და არანაირი სიების გამოქვეყნება ამ კანონის მიღების შემთხვევაში დაგეგმილი არ არის. პირიქით, კანონი აწესებს სასჯელს ინფორმაციის არასანქცირებული გახმაურებისათვის.“(სტილი დაცულია)

კახა კუკავას თქმით, ლუსტრაციის კანონის მიღებით, ანუ რეპრესიული და დანაშაულებრივი რეჟიმის შეფასებით, ქართული საზოგადოება თავს დააღწევს საბჭოთა მემკვიდრეობას, რომლის ტვირთისგან გათავისუფლებას რიგითი თბილისელებიც ითხოვენ.

[მამკაცის ხმა] „ვისაც თანამდებობა უკავია, იმას უნდა შეეხოს, რიგით ადამიანებს თავი უნდა დაანებონ. მათმა კი, ვინც თანამდებობაზე იმყოფებიან, უნდა იცოდნენ, რომ ორმაგი თამაში არ შეიძლება.“(სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] „ლუსტრაციის კანონი მისაღებია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის. ვის უნდა შეეხოს, არ ვიცი. ალბათ, ყოფილ ჩინოვნიკებს.“

და მართლაც, უნდა შეეხოს თუ არა საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლებს ლუსტრაციის კანონი? არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტმა“ 21 თებერვალს ლუსტრაციის ხედვის საკუთარი კონცეფცია წარმოადგინა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ლუსტრაცია უნდა ვრცელდებოდეს საბჭოთა პერიოდის როგორც პოლიტიკურ ლიდერებზე, ასევე სადამსჯელო აპარატის წარმომადგენლებსა და იდეოლოგიური ფრონტის მუშაკებზე:

[აკაკი მინაშვილის ხმა] „ლაპარაკია იდეოლოგებსა და სატელიტ ორგანიზაციებზე, რომლებშიც შედიან ისეთი პროფესიული ან შემოქმედებითი კავშირების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ საბჭოთა რეჟიმის ლიდერები და აპოლოგეტები; ასევე, ცნობილი „წითელი პროფესორები.“(სტილი დაცულია)

გარდა ამისა, აკაკი მინაშვილის აზრით, ლუსტრაციის კანონის მოქმედება არ უნდა შეიზღუდოს დროში და იგი უნდა გადასწვდეს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდსაც. კერძოდ, კანონი უნდა გავრცელდეს ნებისმიერ პირზე, რომელიც ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდა ან იდეურად მხარს უჭერდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევას, კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივებას. და კიდევ:

[აკაკი მინაშვილის ხმა] „და მეორე კატეგორია ადამიანებისა. ესენი არიან: მოქმედი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც ექნებათ რაიმე სახის კონტაქტი იმ სახელმწიფოს მოქალაქეებთან, რომელთა ჯარებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ და რომლის პოლიტიკაც არის: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივება. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს, რომ მას ჰქონდა რაიმე სახის კომუნიკაცია ამ სახელმწიფოს მოქალაქეებთან.“(სტილი დაცულია)

აკაკი მინაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში „თავისუფლების ინსტიტუტი“ საკუთარი ხედვის საფუძველზე კანონპროექტის დაწერას აპირებს. მაგრამ, ცხადია, ვიდრე დოკუმენტს დღის სინათლე არ უხილავს, ძნელი სათქმელია მოიწონებენ თუ არა მას დეპუტატები. დაბოლოს: საინტერესოა რას ფიქრობს ხელისუფლება საბჭოთა წარსულთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, კომენტარი:

[გიგა ბოკერიას ხმა] „მიიღებს თუ არა ამ მოწვევის პარლამენტი დოკუმენტს საბჭოთა წარსულის შეფასებასთან დაკავშირებით? მე მაქვს იმედი და სურვილი, რომ აუცილებლად მიიღებს და იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით იქნება კონსენსუსი მომავალში. და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო: საბჭოთა წარსულის შეფასებასთან დაკავშირებით ხელისუფლებაში არანაირი სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.“(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG