Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პოლიტიკოსები და სასულიერი პირები განათლების სისტემაში დანერგილი ტესტის წინააღმდეგ გამოდიან


ირანის საგანმანათლებლო თუ კულტურულ ცხოვრებაში სკანდალია - პარლამენტარები და კონსერვატორი სასულიერო პირები აღაშფოთა მთავრობის მიერ დაფინანსებული ტესტის შემოღებამ.

მათი აზრით, ტესტი, რომელიც მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი, წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფას აყენებს. ირანის განათლების მინისტრმა უკვე მოიხადა ბოდიში, თუმცა, როგორც ჩანს, ტესტით აღშფოთებულებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სასულიერო პირები ტესტის ავტორების დასჯას ითხოვენ, პარლამენტარებს კი სურთ, ზოგიერთი პირი თანამდებობიდან მოიხსნას. ყოველივე ამას ბევრი უკვე დასავლეთის მედიაში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვით გამოწვეულ სკანდალს ადარებს.

სკანდალს საფუძვლად დაედო 40 შეკითხვა, რომელიც თეირანის პროვინციაში მომუშავე მასწავლებლებისთვის იყო განკუთვნილი.

როგორც თეირანში მცხოვრებმა განათლების ექსპერტმა შირზად აბდოლაჰიმ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, შეკითხვები ცნობილი ფილოსოფოსის, ისლამის სპეციალისტის წიგნიდან იყო აღებული:

[აბდოლაჰის ხმა] ”ეს შეკითხვები აღებულია ალამეჰ ტაბატაბაის წიგნიდან ”წინასწარმეტყველის ტრადიციები”. როგორც ამბობენ, ის წიგნი წინასწარმეტყველის ცხოვრებაზე ბევრ დეტალს შეიცავს. წიგნს ცენზურა გავლილი აქვს და ის თავისუფლად იშოვება.”

თუმცა, ამის მიუხედავად, ტესტში მოყვანილი ზოგიერთი შეკითხვა იმდენად შეურაცხმყოფელად იყო აღქმული, რომ გაზეთებმა მათ დაბეჭდვაზე უარი განაცხადეს. დანარჩენი შეკითხვები ინტერნეტშია გამოქვეყნებული.

რამდენიმე შეკითხვა მუჰამედის გარეგნობაზეა აგებული - მისი თმის და წვერის ფერის ჩათვლით. გვხვდება შეკითხვები, რომლებიც წინასწარმეტყველის ძილს და კვების რეჟიმს ეხება. ერთგან გამოსაცდელ პირს ეკითხებიან, როგორ შეადარა მუჰამედმა საკუთარი თავი წინასწარმეტყველ იოსებსო. სავარაუდო პასუხები იმის განსაზღვრას ითვალისწინებს, ვის უწოდა მუჰამედმა უფრო ”ლამაზი”, თავის თავს თუ იოსებს. ერთ-ერთი შეკითხვა ასე ჟღერს: - მამლის მახასიათებელი რომელი თვისება არ ჰქონდა წინასწარმეტყველსო. სავარაუდო პასუხები შეიცავს პუნქტუალურობას, მამაკაცურ სიამაყეს, დაუცხრომლობას, საკვების ძიებას და სწრაფ სიარულს.

აბდოლაჰის აზრით, სკანდალი სწორედ შეკითხვების ამგვარად ფორმულირებამ გამოიწვია:

[აბდოლაჰის ხმა] ”ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ პირმა, ვინც ეს შეკითხვები ჩამოაყალიბა, განზრახ თუ შემთხვევით, წიგნიდან ოთხი სავარაუდო პასუხი ისე აიღო, რომ მათ შეურაცხმყოფელი ელფერი მიიღეს. პრობლემა სწორედ პასუხების ფორმულირებაშია. ასეთი ტიპის კითხვარებში სწორია ერთი პასუხი, დანარჩენი სამი კი მცდარია. ამიტომაც მათი ერთმანეთის გვერდით განთავსება, ალბათ, შეურაცხმყოფელია.”

რამდენიმე ირანელი პარლამენტარის თქმით, შეკითხვები უხეში და უხამსია და მუჰამედს ჩრდილს აყენებს. ისლამი კი წინასწარმეტყველ მუჰამედის დაცინვას ან მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას სერიოზულ დანაშაულად მიიჩნევს.

პარლამენტართა ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ყველაფერზე განათლების მინისტრმა მაჰმუდ ფარშიდიმ უნდა აგოს პასუხი. ფარშიდიმ უკვე მოიხადა ბოდიში სასულიერო პირებისთვის გაგზავნილ წერილში - თქვა, რომ პირი, ვისაც უშუალოდ ეხებოდა ტესტის შედგენა, პოსტიდან გათავისუფლებულია. განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, ტესტი განზრახ ქმედების შედეგი იყო თუ უცოდინრობისა.

რამდენიმე სასულიერო პირმა ტესტი დაგმო. რადიო “თავისუფლების” ირანული სამსახურის ცნობით, აიათოლა მუჰამედ ფაზელ ლანკარანიმ განაცხადა: ”ამაზე ყველა ადამიანმა უნდა მოახდინოს რეაგირება, ვინაიდან ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფააო”.

აღშფოთება გამოხატეს რეფორმისტულად განწყობილმა ჯგუფებმაც. ბევრი კონსერვატორებს პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებზე თვალის დახუჭვაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც, მათი თქმით, კონსერვატორები ხშირად აკრიტიკებენ უწინდელ, რეფორმისტულ, მთავრობას.

თუმცა არსებობენ ისეთი ძალებიც, რომლებიც ამგვარი რელიგიური საკითხების პოლიტიკის სფეროში გადატანის წინააღმდეგნი არიან.

ბევრს მიაჩნია, რომ განათლების სამინისტრო ისედაც სულ უფრო მეტად დოგმატური და ფარისევლური ხდება. განათლების ექსპერტი შირზად აბდოლაჰი ფიქრობს, რომ ამ კონკრეტული ტესტის ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა შეიძლება მალე ჩაცხრეს, თუმცა, სავარაუდოდ, ქვეყნის განათლების სისტემაში არსებული იდეოლოგიური დაპირისპირება ამით არ გადაწყდება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG