Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჭიროა თუ არა საქართველოში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება?


როგორც ცნობილია, ერთი კვირის წინ აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა ჰენრი ობერინგმა განაცხადა,


რომ ვაშინგტონს სურს კავკასიაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტები განათავსოს. მას არ დაუკონკრეტებია კავკასიის რომელ სახელმწიფოზეა საუბარი - სომხეთზე, აზერბაიჯანსა თუ საქართველოზე. მიუხედავად ამისა საქართველოში ფიქრობენ, რომ ლაპარაკი სწორედ ჩვენს ქვეყანას შეეხება. საჭიროა თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება, რა სარგებელსა და საფრთხეებს შეიცავს ის? ამ კითხვების შესახებ სხვადასხვა მხარეთა არგუმენტებს გაგაცნობთ.

საქართველოს ხელისუფლებას კავკასიაში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის კომპონენტთა განლაგების შესახებ ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გამოუქვეყნებია. ეს იმიტომ, რომ ვაშინგტონს დღემდე არ მიუმართავს თბილისისთვის რაკეტსაწინააღმდეგო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტს ჰენრი ობერინგს სწორედ საქართველო ჰქონდა მხედველობაში, როდესაც კავკასიაზე ლაპარაკობდა.

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] ”ამ განცხადებამ ძალიან შეგვაშფოთა, იმიტომ რომ ეს საქართველოს ეხება, რადგან აშშ სომხეთში ვერავითარ სამხედრო ობიექტს ვერ განალაგებს, იმიტომ რომ იქ რუსეთის სამხედრო ბაზაა. აზერბაიჯანშიც გამორიცხულია, რადგან ჩვენ კარგად ვიცით აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიცია.”(სტილი დაცულია)

ეს განცხადება საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ 7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის საქართველოში განლაგების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვების ინიციატივითაც გამოვიდა.

მართლაც, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება, თუ ვაშინგტონი თბილისს რაკეტების ამომცნობი სარადარო სისტემების მშენებლობის თხოვნით მიმართავს? საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას კომენტარი:

[ნიკა რურუს ხმა] ”ეს არის წინადადება, რომლის მიღებაც შესაძლებელია. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად მოხდება დაახლოება საქართველოსა და დასავლური თავდაცვის სისტემების, მით უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის.”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ოდნავ განსხვავებულ პოზიციას გამოხატავს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიისათვის მიცემულ ინტერვიუში:

[გელა ბეჟუაშვილი] ”ჩვენ უკვე განვაცხადეთ იმის შესახებ, რომ ჩვენ არც ასეთი გეგმები გვაქვს და არც ასეთი თხოვნა გამოჩენილა. ამიტომ მე არ ვილაპარაკებ რაღაც თეორიული შანსების შესახებ, მე პრაქტიკოსი ადამიანი ვარ. ვნახოთ. საჭიროა ნებისმიერი თხოვნის შესწავლა.”

საქართველოს მთავრობის წევრის ამ განცხადების მიუხედავად, მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებას დასთანხმდება:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] ”თუ საქართველოში ამდაგვარი ობიექტი შეიქმნა, პირველი დარტყმის ობიექტი ირანის მხრიდან აღმოჩნდება საქართველო, რომ ეს რადარები მოსპოს. საქართველოს აქამდე ამდაგვარი საფრთხე არ ჰქონია.”

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილის აზრით, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებაში საშიში არაფერია:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”ეს ასე არ ხდება, რომ, აი, აიღო შენს თავზე. ეს არ არის ქუჩის ჩხუბი, როცა მარტოკა შეიძლება დარჩე და ყველა გაიქცეს აქეთ-იქით. ეს არის სისტემა, რომელიც ნიშნავს, რომ ეს არის ზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება. რა არის ამაში საშიში? თუ ასე ილაპარაკე, მაშინ არ უნდა გქონდეს არმია, არ უნდა გქონდეს საზღვრები, არ უნდა მოინდომო არაფერი არც ერთი მეზობლის მიმართ და მაშინ ყველაფერი წყნარად იქნება, არ იქნები, უბრალოდ.”(სტილი დაცულია)

აქვე შეგახსენებთ, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკისა და პოლონეთის თანხმობა აზრთა სხვადასხვაობისა და კამათის მიზეზი გახდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც.
XS
SM
MD
LG