Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“Blue Note”-ის იუბილე


ამ დღეებში ნიუ-იორკმა ლეგენდარულ

ჯაზ-კლუბ “ბლუ ნოუტთან” თავისი ვერცხლის ქორწილი აღნიშნა. “გრინვიჩ ვილიჯი” ან, უბრალოდ, “ვილიჯი” მრავალი მიზეზის გამო მეგაპოლისის განსაკუთრებული რაიონია. ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ 1981 წლის შემოდგომაზე მე-3 Street-ის და მე-6 Avenue-ს კუთხეში, პოპულარული პაბის პირდაპირ, ჯაზური კლუბი “Blue Note” (“ცისფერი ნოტი”) გაიხსნა. განვლილი 25 წლის მანძილზე, მიუხედავად მეპატრონეების შემადგენლობის ცვლილებისა, მე-3 ქუჩაზე მდებარე ეს მუსიკალური რესტორანი ქალაქის სახელოვან ჯაზურ ღირსშესანიშნაობად იქცა. ნიუ-იორკის ერთ-ერთ მეგზურში “Blue Note”-ს იმ ნიჭიერ ბავშვს ადარებენ, რომელმაც რამდენიმე კლასი გამოტოვა და პირდაპირ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. დიდი ხანია დაიხურა თავის დროზე პოპულარული ჯაზური კლუბი “Sweet Basil jazz”, ვერ გაუძლო კონკურენციას და ნიუ-იორკიდან ლას-ვეგასში გადავიდა სახელგანთქმული “სიბი-ჯიბი”, მაგრამ “ბლუ ნოუტის” ნეონის ცისფერ რეკლამასთან დღესაც დგას რიგი. პირველი შოუ საღამოს 8 საათზე იწყება. კლუბი 25 წლის წინათ დენი ბენსუსანმა დააარსა. რესტორნის ბიზნესში წარმატების მიღწევის შემდეგ მან საკუთარი ნიჭი ჯაზის კლუბების აღორძინებას მოახმარა. საქმე ისაა, რომ ოთხმოციან წლებში, რეიგანის ადმინისტრაციის პერიოდში, ჯაზი ნიუ-იორკში თანდათანობით თმობდა პოზიციებს. მან ცენტრიდან პერიფერიაზე, სარდაფებში გადაინაცვლა. არსებული სიძნელეების მიუხედავად, დენიმ გადაწყვიტა ჯაზი ქალაქის ცენტრში მდებარე პატარა კლუბებში დაებრუნებინა. დასაწყისში “ბლუ ნოუტი” გაჭირვებით ფუნქციონირებდა. წარმატება კლუბში ჯაზის საუკეთესო მუსიკოსების გამოსვლებს მოჰყვა. დენი ბენსუსანი მალე მიხვდა, რომ ბიზნესთან ერთად ხელოვნების პოპულარიზაციისთვის უნდა მოეკიდა ხელი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიეცემოდა კლუბს შესაძლებლობა თავის სცენაზე მაღალი კლასის მომღერლები – ვთქვათ, სარა ვონი ან ლათინოამერიკული მუსიკის მეფე ტიტო პუენტო – გამოეყვანა. ამ საქმეში ბენსუსანს დიდი დახმარება გაუწია მისმა მეგობარმა, შესანიშნავმა ჯაზურმა პიანისტმა ლარი ბრაუნმა. გასაკვირი არ არის, რომ ბრაუნს ხშირად “ბლუ ნოუტის” ნათლიას უწოდებენ. სარა ვონისა და ტიტო პუენტოს გარდა, განვლილი 25 წლის მანძილზე კლუბში უამრავი გამოჩენილი ჯაზური მუსიკოსი გამოდიოდა: ოსკარ პიტერსონი, რეი ჩარლზი, ჩიკ კორია, დიზი გილესპი; “ბლუ ნოუტში” თავის სერენადებს მღეროდნენ სტივი უანდერი, ტონი ბენეტი, სტინგი, ბრაზილიის სუპერვარსკვლავი გეილ კოშტა – ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. ბევრი მათგანი ამჟამად, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მათი ჩანაწერები საჩუქრების ადგილობრივ მაღაზიაში დღესაც იყიდება.

მუსიკალური ჩანართი [მღერის ტონი ბენეტი]

გამუდმებით დადის ხმები, თითქოს “ბლუ-ნოტი” დიდი ხანია იაპონელებმა იყიდეს. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხმებია: კლუბის მთავარ მეპატრონედ დღემდე ბენი ბენსუსანი რჩება. სწორედ მისი ხელშეწყობით გაიხსნა “ბლუ ნოუტის” ჯაზური კლუბები იაპონიაში – ტოკიოსა, ოსაკასა და ნაგოიაში. ასეთი კლუბი 2003 წელს მილანშიც დაარსდა. ბენსუსანის საბოლოო მიზანი მთელ მსოფლიოში მსგავსი კლუბების გახსნაა. როგორც ამ საქმეში გათვითცნობიერებული ადამიანები ამტკიცებენ, დენი ამას არა საკუთარი ბიზნეს-კომპანიის, არამედ ჯაზის განვითარებისთვის აკეთებს.


მუსიკალური ჩანართი [უკრავს სკოტ ჰამილტონი]

რატომ ეწოდა ჯაზურ კლუბს “ბლუ ნოუტი”? ჩვენს მსმენელს, ალბათ, ასეთი კითხვა დაებადა. ვეცდები მოკლედ ვუპასუხო ამ კითხვას. საერთოდ, ბლუზი, როგორც აფრო-ამერიკელების საერო მუზიცირების გარკვეული სახე, მუსიკაში ჯაზზე ბევრად ადრე გაჩნდა. ის, ფაქტობრივად, ბალადის ანალოგს წარმოადგენდა – იმ ბალადისა, რომელიც ამერიკაში ევროპიდან გადმოსახლებულებმა თან ჩამოიტანეს. შტატებში ამ ჟანრმა მკვეთრად გამოკვეთილი აფრო-ამერიკული თვისებები შეიძინა. თვით სიტყვა “blue” მრავალმნიშვნელოვანია: ცისფერი, მელანქოლიური, სევდიანი და ა.შ. თავის მხრივ, “Blues” ინგლისურ “blue devils”-ს უკავშირდება, რაც ნაღვლიანს ნიშნავს. ე.წ. ”ბლუზის ნოტები” სინამდვილეში მაჟორული წყობის დაქვეითებულ საფეხურებს წარმოადგენს. ჯაზის და პოპულარული მუსიკის ინტონაციური და რიტმული აღნაგობა, გარკვეულწილად, სწორედ “ბლუზმა” განაპირობა. ამიტომ ბუნებრივია, დღევანდელი გადაცემა ამ ჟანრის ნაწარმოებით დავასრულოთ.

მუსიკალური ჩანართი [უკრავს მეინარდ ფერგიუსონის “ბიგ-ბოპ ბენდი”]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG