Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენჯელბერტ ჰამპერდინკი


1967 წელს, “ბიტლზის” პოპულარობის პიკზე,

შოუბიზნესის სამყაროში მოულოდნელი რამ მოხდა: ხუთი კვირის განმავლობაში ბრიტანულ ჰიტპარადს სათავეში ედგა არა ამ ჯგუფის, არამედ ერთ-ერთი ნაკლებად პოპულარული მომღერლის სიმღერა “Release Me“ (“გამათავისუფლე”). უფრო მეტიც, ვინაიდან ეს სიმღერა მსოფლიო ჩარტებში პირველ ნომრად 56 კვირის მანძილზე ირიცხებოდა, გინესის ახალი რეკორდიც დამყარდა. 11 ქვეყანაში ერთ თვეში რამდენიმე მილიონი გრამფირფიტა გაიყიდა.

ესტრადის ახალ კერპს უცნაური ფსევდონიმი – ენჯელბერტ ჰამპერდინკი ჰქონდა. ამ ფსევდონიმის წარმოშობა კომპოზიტორის და პროდიუსერის გორდონ მილსის სახელთან იყო დაკავშირებული. სწორედ მილსი შეიძლება ჩაითვალოს ახალგაზრდა მომღერალ არნოლდ დორსის ნათლიად. არნოლდ ჯორჯ დორსი 1936 წლის 2 მაისს ინდოეთში, მადრასში, ბრიტანელი ოფიცრის ოჯახში დაიბადა. სკოლა ინგლისში, ქალაქ ლესტერში დაამთავრა, შემდეგ კი საინჟინრო კომპანიაში დაიწყო მუშაობა. უქმე დღეებში ჭაბუკი ადგილობრივ პაბებში მღეროდა. გარდა ამისა, მას პაროდირების ნიჭიც აღმოაჩნდა და ესტრადაზე წარმატებით ბაძავდა ცნობილ ამერიკელ კომიკოს ჯერი ლუისს. ჯარში სამსახურის შემდეგ მან მუსიკალური კარიერის დაწყება სცადა. აი, როგორ იხსენებს იმ პერიოდს თვითონ მომღერალი:

[ენჯელბერტ ჰამპერდინკის ხმა]: “ორი წლის მანძილზე ჯერი დორსის სახელით გარკვეულ წარმატებას მივაღწიე, მერე კი ტუბერკულოზით დავაავადდი. შოუბიზნესში ასეთ ავადმყოფებთან ურთიერთობა არ სურთ და გამოჯანმრთელების შემდეგ ესტრადაზე დაბრუნება გამიჭირდა. მადლობა უფალს, იმ დროს ბევრმა ადამიანმა გამომიწოდა დახმარების ხელი. 1965 წელს Gგორდონ მილზმა ფსევდონიმზე გადასვლა შემომთავაზა. უკვე ენჯელბერტ ჰამპერდინკის სახელით, პირველი ჰიტი ჩავწერე და მცირე ხნის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი გარდატეხაც მოხდა.”

მუსიკალური ჩანართი [I’ll Walk Alone ]

როგორც დავრწმუნდით, არნოლდ დორსის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ტომ ჯონსის პროდიუსერმა, შოუბიზნესის ცნობილმა მოღვაწემ გორდონ მილსმა ითამაშა. მილსმა არაორდინარული ხერხი იხმარა – ახალგაზრდა შემსრულებლისთვის ძნელად წარმოსათქმელი ფსევდონიმი შეარჩია. ეს იყო მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი კომპოზიტორის, ენგელბერტ ჰამპერდინკის სახელი და გვარი. მილსმა აგრეთვე ხმის ჩამწერ ფირმა “Parrot”-თან დადო კონტრაქტი. ამ ფირმასთან იმ დროს ტომ ჯონსი თანამშრომლობდა. სწორედ იქ ჩაიწერა ჰამპერდინკის პირველი ჰიტიც, ამერიკული რიტმ-ენდ-ბლუზის ბალადის “Release Me” ქავერვერსია. სამოციანი წლების ბოლომდე ჰამპერდინკის კიდევ რამდენიმე ჰიტი გამოვიდა. ასე დაიწყო შოუბიზნესში მომღერლის პროფესიული კარიერა.

აღსანიშნავია, რომ ჰამპერდინკი თავის თავს ე.წ. “სტილისტებს” მიაკუთვნებს. მომღერლის აზრით, მას, ტომ ჯონსის და როდ სტუარტის მსგავსად, სიმღერაში საკუთარი მყარი, განუმეორებელი სტილი აქვს. ენჯელბერტის თქმით, ძველი დროის გამოჩენილ “სტილისტ” ფრენკ სინატრასთან შედარებით, მათი ხმების ვოკალური მოცულობა თითქმის ორჯერ მეტია. თუმცა ჩვენ, სამოციანი წლების თბილისის მელომანები, ჰამპერდინკს ყოველთვის სწორედ სინატრას მემკვიდრედ მივიჩნევდით.

მუსიკალური ჩანართი [Embraceable You]

ენჯელბერტი სამართლიანად ამაყობს იმით, რომ რამდენიმე “გრემის” მფლობელია და ოქროს 68 და პლატინის 18 დისკი აქვს ჩაწერილი. ასეთი წარმატების საიდუმლო, მომღერლის აზრით, რომანტიკული ბალადის მიმართ მსმენელის სიყვარულით აიხსნება. სოლიდური ასაკის და ჰიტპარადებიდან გაუჩინარების მიუხედავად, ჰამპერდინკი დღემდე ტრადიციული ესტრადის ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე შემსრულებლად რჩება. ამჟამად აქტიურ საგასტროლო გამოსვლებს ის, ძირითადად, ლას-ვეგასში და გერმანიაში განაგრძობს. საინტერესოა, რომ გერმანიაში, არასასურველი ასოციაციების გამოსარიცხავად, ის ფსევდონიმის მხოლოდ ნაწილს იყენებს და ენჯელბერტის სახელით გამოდის.

მუსიკალური ჩანართი [My Foolish Heart]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG