Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


გასული კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენები, დიდწილად,

დაუკავშირდა 11 მარტს ზემო აფხაზეთში მომხდარ ინციდენტს, როდესაც დაბომბვის ობიექტი კოდორის ხეობის რამდენიმე სოფელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს, დსთ–ს სამშვიდობო ძალების, საქართველოსა და აფხაზეთის ფაქტების დამდგენმა ერთობლივმა ჯგუფმა უკვე დაასრულა გამოძიება. გამოძიების შედეგები, როგორც ჩანს, საჯარო განხილვის საგანი უახლოეს დღეებში გახდება. მანამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის ინფორმაციის თანახმად, 2007 წლის 11 მარტს, დაახლოებით 22 საათსა და 10 წუთზე, ზემო აფხაზეთის სოფლები დაიბომბა სამხედრო ვერტმფრენების მიერ, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩრდილოეთის მხრიდან შემოიჭრნენ.

[ნიკა რურუას ხმა]“ რუსეთის ტერიტორიიდან, ყაბარდოს მხრიდან, შემოფრინდა სამი სამხედრო–შემტევი ტიპის მფრინავი აპარატი. მათ გააკეთეს ერთი წრე ზემო აფხაზეთის სოფლების თავზე, დაბრუნდნენ წრეზე და მეორე შემოფრენისას ჩამოაგდეს 20–მდე უმართავი ტიპის რაკეტა.“

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა მომხდარში ცალსახად რუსეთს ადანაშაულებს. დაბომბვის შედეგად, დაზიანდა სოფელ ჩხალთაში განლაგებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფისი და სხვა შენობები, ასევე ადგილობრივი ინფრაქსტრუქტურა, განსაკუთრებით სოფლებში: აჟარა, ქვაბჩარა და პტიში. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. რეგიონის საჰაერო დაბომბვის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების მიღებისთანავე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მეორე მხრივ კი, გაეროს გენერალურ მდივანს. გზავნილების პათოსი ორივე მიმართულებით ერთნაირი იყო: საქართველო მომხდარს აფასებს როგორც სერიოზულ მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს ზემო აფხაზეთში ამ ბოლო დროს მიმდინარე სტაბილიზაციისა და აღმშენებლობის პროცესებისთვის ხელის შეშლას და მიღწეული პოზიტიური შედეგების გაუფასურებას.ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფაქტზე საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო შეხვედრა გაიმართა, გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ კი პრესკონფერენცია გამართა.

[ირაკლი ალასანიას ხმა]“საქართველო გმობს მომხდარს და, მისი შეფასებით, ეს არის სერიოზული მცდელობა სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის პროცესის შეფერხებისა, ზემო აფხაზეთში უკანასკნელი პერიოდის დადებითი პროცესების გაუფასურებისა. სრულიად აშკარაა, რომ გარკვეული ძალები ასეთ პროვოკაციებს გამოიყენებენ რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისათვის, რაც საფრთხეს უქმნის მყიფე სტაბილურობას, და იმისთვის, რათა ხელი შეუშალონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ნებისმიერ წინსვლას, როგორიცაა, კერძოდ, 2007 წლის თებერვალში ჟენევის მოლაპარაკებებში მხარეების კვლავ ჩართვა.“ (სტილი დაცულია)

ეს განცხადება გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ ნიუ–იორკში 14 მარტს საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. მიმდინარე კვირაში საქართველო და მისი სამხედრო უსაფრთხოება ამერიკაში, ჟურნალისტების გარდა, შეერთებული შტატების კონგრესის მსჯელობის საგანიც გახდა. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, წარმომადგენლობითი პალატის შემდეგ, ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს, უკრაინის, ალბანეთის, ხორვატიისა და მაკედონიის ნატოში შესვლას. სენატორ რიჩარდ ლუგარის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ხელმოწერის შემდეგ შევა. კანონპროექტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის ხელშესაწყობად ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, საქართველო 10 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, მაკედონია - სამ მილიონ ექვსასი ათასს, ალბანეთი - სამ მილიონ ორასი ათასს, ხოლო ხორვატია - სამ მილიონ ამერიკულ დოლარს. საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა კი - ძირითადად, საპარლამენტო პარტიებმა - თავის მხრივ, ნატოსკენ სავალ გზაზე წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა: 12 მარტს საქართველოს პარლამენტში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს საპარლამენტო ძალების ერთიან მიდგომას, ერთიან პოზიციას საქართველოს ერთ–ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიზანთან დაკავშირებით–გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი.

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ ჩვენი ხალხის არჩევანის მთავარი მიმართულება არის საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ეს არის ის პრიორიტეტი და ის მიმართულება, რომელშიც ჩვენ ყველანი - სახელისუფლებო თუ ოპოზიციური ძალები - ვართ ერთიანნი.“(სტილი დაცულია)

ეს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალის წინ განაცხადა. მემორანდუმის ხელმოწერას პარლამენტის დადგენილების თითქმის ერთხმად მიღება მოჰყვა, რაც, საქართველოში ანტინატოს მოძრაობის მეტ–ნაკლები გააქტიურების მიუხედავადაც კი, ლოგიკურია. ერთ–ერთი ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ლიტვის საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის კომპანიამ ჩაატარა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, საზოგადოების 83 პროცენტი უჭერს მხარს.

„ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიზანთან მიმართებით საპარლამენტო ძალების ერთიანობის დემონსტრირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღეს, როდესაც ადგილი ჰქონდა სერიოზულ პროვოკაციას ზემო აფხაზეთში“, –შენიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და მას მხარი მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმაც აუბეს.

[დავით გამყრელიძის ხმა]“ ეს არის გზავნილი ჩვენგან, რომ საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ძალა, რომელიც წავა მათთან თანამშრომლობაზე და იმ ბინძურ გარიგებებზე, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს.“(სტილი დაცულია)

განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ. თუმცა მიმდინარე კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მმართველი ძალისა და ოპოზიციის ფრაგმენტულ ერთსულოვნებას, უმთავრესად, საგარეო პოლიტიკა კვებავს. რაც შეეხება საშინაო საქმეებს, დაპირისპირებულთა ერთიანობის თეორია აქ, ძირითადად, უძლურია.

[გიგა ბოკერიას ხმა]“ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ, რომ ჩვენი დემოკრატიის მთავარი სისუსტე არის პოლიტიკური ოპოზიციის სრული კრახი. ეს, მართლაც, დიდი მინუსია ნებისმიერ ჩამოყალიბებულ ლიბერალურ დემოკრატიაში. პოლიტიკური ოპოზიცია თუ ძალიან სუსტია, როგორც ეს ჩვენთან არის, ეს ავტომატურად არის მინუსი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა.“(სტილი დაცულია)

განაცხადა საპარლამენტო ურავლესობის წევრმა გიგა ბოკერიამ პლენარულ სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტის ყოვეწლიური საანგარიშო მოხსენების შემდეგ ფრაქციათა გამოსვლებს დაეთმო. პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენებას, როგორც კვირის ერთ–ერთ მთავარ პოლიტიკურ მოვლენას, ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით. მანამდე კი შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო ტრიბუნა პრეზიდენტის მოხსენების გასაკრიტიკებლად პრაქტიკულად არ გამოიყენა და ერთადერთი გამოსვლით შემოიფარგლა. ოპოზიციას პრეზიდენტთან დიალოგი სურდა. ერთადერთი, ვინც მონოლოგზე უარი არ თქვა, ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარე დავით ზურაბიშვილი იყო.

[დავით ზურაბიშვილის ხმა]“ როდესაც ხელისუფლება, სახელისუფლებო ჯგუფი თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს, ეს აუცილებლად გადაიზრდება პიროვნების ღირსებისა და თავმოყვარეობის გრძნობის ფეხქვეშ გათელვაში, ადამიანის ბოროტი ინსტინქტების სტიმულირებაში.“(სტილი დაცულია)

განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. რომელმაც, პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენების პასუხად, ქვეყანაში ზოგადი მდგომარეობა შეაფასა. რაც შეეხება თავად მოხსენებას, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე საათნახევრიანი მოხსენებით 15 მარტს წარდგა და სხდომათა დარბაზი მოხსენების დასრულებისთანავე დატოვა. საანგარიშო მოხსენებაში ამჯერადაც აქცენტები, უმეტესწილად, წარმატებებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]“2003 წელს, როდესაც ხალხმა ამ დარბაზში შენოგვიყვანა, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იყო 600–670 მილიონი ლარი. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 800 დოლარი. წელს ჩვენი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 1 მილიარდზე მეტი, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2000 დოლარამდე გაიზრდება. საქართველოს 2010 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მინიმუმ 8 მილიარდამდე უნდა იყოს. წლის ბოლოს საქართველო გადავა ღარიბი ქვეყნების კატეგორიიდან საშუალოშემოსავლიან ქვეყანათა კატეგორიაში.“

პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენების ძირითადი აქცენტები ისეთ მიღწევებს შეეხო, როგორიცაა: წელში გატეხილი კორუფცია და ქურდული სამყარო, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი გაზრდილი ნდობა, მართვის ახალი სისტემების მოქნილობა, აღმავლობა არმიის მშენებლობაში და სხვა. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლა ამომწურავი იყო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების საჯარო გამოსვლების თანახმად კი, პრეზიდენტის გამოსვლაში სურვილი სჭარბობდა რეალობას, საზოგადოება კი მისგან მეტ გულახდილობას იმსახურებდა.
XS
SM
MD
LG