Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ზერეკიძე: გმირი და ანტიგმირი


გასულ კვირაში ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავზე გამოსცადა ის, რაც აქამდე მხოლოდ ამერიკულ კინოფილმებში უნახავს:

ზუსტად ხუთ დღეში საინფორმაციო საშუალებებმა 15 წლის მოზარდისგან შექმნეს ჯერ მსხვერპლი და შემდეგ - მოძალადე, ჯერ კრავი და შემდეგ - მგელი, ჯერ გმირი და შემდეგ - ანტიგმირი. რა მოაკლო ან რა შემატა ძირითად პრობლემას - მოზარდთა აგრესიას - მასმედიის განსაკუთრებულმა ყურადღებამ?

ალბათ, ყველას გვახსოვს ამერიკული ფილმი - კოსტა-გავრასის “შეშლილი ქალაქი”, რომელშიც მოთხრობილია, როგორ აიყვანა მძევლად მუზეუმის თანამშრომელმა - ჯონ ტრავოლტას პერსონაჟმა - მუზეუმის დასათვალიერებლად მოსული ბავშვები, როგორ მოექცა ეს მოვლენა ტელევიზიების ყურადღების ცენტრში და როგორ შეიქმნა იარაღიანი, მაგრამ ინფანტილური და კეთილი ადამიანისგან ჯერ მსხვერპლის, შემდეგ კი - მოძალადის ხატი.

საქართველოში ასევე კარგად იცნობენ მეორე ამერიკულ ფილმს - სტივენ ფრირზის “გმირს”, რომელშიც თვითმფრინავის მგზავრების გადამრჩენი ადამიანი - დასტინ ჰოფმანის პერსონაჟი - ყველასგან მივიწყებულია, ხოლო მის ნაცვლად, ტელევიზიების მეშვეობით, ეროვნულ გმირად არის გამოცხადებული სრულიად შემთხვევითი პირი, რომელსაც თვითმფრინავსა და მგზავრებთან არაფერი აქვს საერთო.

ასე იდღვიბება ერთმანეთში 90-იანი წლების ამერიკულ ფილმებში გმირისა და ანტიგმირის სახეები, რაც შესაძლებელი ხდება მხოლოდ და მხოლოდ ყოვლისშემძლე მასმედიის მეშვეობით.

ის, რაც გასულ კვირაში ქართულმა ტელეარხებმა შეძლეს, უპრეცედენტოა თავისუფალი ქართული მედიის ისტორიაში: სამ დღეში 15 წლის მოზარდისგან შეიქმნა ხატი დაჩაგრული, მართალი ადამიანისა, რომელსაც შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს და ნამდვილ რეციდივისტებთან გაამწესეს “გამოსასწორებლად”; შემდგომი ორი დღის განმავლობაში კი ამავე მოზარდისგან შეიქმნა ხატი ნერვული, კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ადამიანისა, რომელიც საკუთარ თავს “უბნის მაყურებელს” უწოდებს და რომლის იზოლირება საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესებს შეესაბამება.

ალბათ, ჩვენი რადიოს არაერთმა მსმენელმა გასულ კვირაში საკუთარ თავზე გამოსცადა მედიის ძალა. პირადად მე კვირის დასაწყისში მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც ძილი ჰქონდათ გამკრთალი გიორგი ზერეკიძის საცოდაობით, კვირის ბოლოს კი მხოლოდ ის მესმოდა, რომ თურმე ზერეკიძე, თავისი კრიმინალური ცნობიერებით, ბევრ ადამიანს უქმნიდა პრობლემას.

გასულ კვირაში დადასტურდა, რომ ქართულ ტელეკომპანიებს შეუძლიათ მეყსეული გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე და წარმართონ ის რომელიმე პირისა თუ მოვლენის სასარგებლოდ ან საზიანოდ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე დასკვნა: მიუხედავად ზერეკიძის ბედის და მოზარდთა აგრესიის მიმართ გამახვილებული ყურადღებისა, არც ერთი ტელეკომპანიის ეთერში არ ითქვა სიმართლე ბოლომდე: ვერც ერთმა სკოლის დირექტორმა, მასწავლებელმა თუ მოსწავლემ ვერ გაბედა ეთქვა, რომ თბილისის თითქმის ყველა სკოლასა და უბანს ჰყავს თავისი პატარა გიორგი ზერეკიძე - სკოლის და უბნის “მაყურებელი” ან ამგვარი პრეტენზიის მქონე პირი.

იმის გამო, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სკოლებში დისციპლინა მოირღვა, დირექტორებს მოსწავლის გარიცხვის უფლება შეეზღუდათ, საზოგადოებაში ძალადობამ იმძლავრა, ხოლო სკოლებში იერარქიამ ერთიანი, გამჭოლი ხასიათი შეიძინა - თითქმის ყველგან გაჩნდნენ მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ წესებს მთელი სკოლის მასშტაბით აწესებენ და მათ დაცვას მკაცრად აკონტროლებენ. ასეთი ადამიანი “სკოლის მაყურებელია” და იგი საკუთარ ფუნქციას მემკვიდრეობით თავისივე უმცროს თანამოაზრეს გადასცემს.

სკოლის დირექტორებისთვის მისაღებია საუბარი მოზარდთა ძალადობაზე ზოგადად, მაგრამ უხერხულია საუბარი “სკოლის მაყურებლის” ინსტიტუტზე, რადგან დირექტორების უმრავლესობა ვერ ებრძვის ამ სენს და იძულებულია, ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნოს “მაყურებელთან”, რათა ლიდერი-მოსწავლის გავლენა სკოლაში წესრიგის დასამყარებლად გამოიყენოს. სინამდვილეში კი გამოდის, რომ სკოლებს მართავენ არა დირექტორები, არამედ “მაყურებლები”.

გიორგი ზერეკიძისთვის შვიდწლიანი პატიმრობის მისჯა ამ ურთულეს პრობლემას მისხალსაც ვერ მოაკლებს. გამოვა, რომ ყველა “მაყურებლის” მაგივრად და სამაგალითოდ ზერეკიძე დაისჯება, დანარჩენები კი ძველებურ ცხოვრებას გააგრძელებენ. მასმედიამ გააშიშვლა პრობლემა, რომლის გადაჭრა ნაჩქარევი დამსჯელი ღონისძიებებით შეუძლებელია. ეს არის ნამდვილი გამოწვევა სახელმწიფოსთვის: დაანგრიოს კრიმინალური სასკოლო იერარქია და შეცვალოს ლიდერის ტიპი სკოლაში.












XS
SM
MD
LG