Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი მეზღვაურები პატიმრობაში რჩებიან, ლონდონი და თეირანი კი ერთმანეთს სიცრუეში ადანაშაულებენ


ლონდონის მტკიცებით, 23 მარტს ირანის მიერ დაპატიმრებული ბრიტანელი მეზღვაურები დაკავების მომენტში ერაყის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ

და, შესაბამისად, მათი დაკავება უკანონოა. თეირანი კი მიიჩნევს, რომ მეზღვაურები ირანის სასაზღვრო წყლებში იყვნენ გადასული. საინტერესოა, რომ საკუთარ პოზიციას ორივე მხარე "საბუთებით" უმაგრებს ზურგს: ბრიტანეთი კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებული სურათებით, ხოლო ირანი - თვით მეზღვაურთა "აღიარებებით". მაინც, სად იმყოფებოდნენ ბრიტანეთის ფრეგატი "კორნუოლი", როცა მისი ეკიპაჟის წევრები დააპატიმრეს?

ვინც ამ შეკითხვაზე მკაფიო და ერთმნიშვნელოვან პასუხს ელის, ახლავე უნდა გავაწბილო. საქმე ის გახლავთ, რომ ირან-ერაყის საწყლოსნო საზღვრის იმ რაიონში, სადაც ინციდენტი მოხდა, სადემარკაციო ხაზი დღემდე დაუდგენელია. მეტიც, იგი არაერთხელ ქცეულა ორ ქვეყანას შორის კონფრონტაციის მიზეზად. ეს რაიონი შატ ალ-არაბის სრუტეა, სწორედ ის ადგილი, სადაც ტიგროსი და ევფრატი სპარსეთის ყურეში ჩაედინებიან.

1980 წელს ერაყის მაშინდელმა პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა ტელეკამერების წინ დახია 1975 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის თანახმად, საზღვარი მდინარის შუაზე გადიოდა. მაგრამ საერთაშორისო სანაოსნო ორგანიზაციები მაინც იმ ხელშეკრულებას მიიჩნევენ განმსაზღვრელად, რადგან მას შემდეგ ირანსა და ერაყს რაიმე ახალი დოკუმენტი არ გაუფორმებიათ. და ბრიტანელთა მტკიცება, "კორნუოლის" მეზღვაურები ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ანუ გამყოფი ხაზის დასავლეთით დააკავესო, სწორედ 1975 წელს ხელმოწერილ დოკუმენტს ემყარება.

[ჩარლზ სტაილის ხმა] "ჩემი განცხადება მკაფიოა: ფრეგატი "კორნუოლი" და მისი ეკიპაჟი სრულიად კანონიერი მისიით იმყოფებოდა ერაყის ტერიტორიულ წყლებში - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად და ერაყის მთავრობის თანხმობით. ირანის ძალების ქმედება, რაც ჩვენი ხალხის დაპატიმრებაში გამოიხატა, გაუმართლებელი და მცდარია; და ამიტომ ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს."

ეს განმარტება დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალმა ჩარლზ სტაილმა, ჟურნალისტებს გასულ კვირაში მისცა. შეგახსენებთ: 15 ბრიტანელი მეზღვაურის დაკავება დაემთხვა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თაობაზე, რაც თეირანის ბირთვულ ამბიციებს უკავშირდება. ფრეგატ "კორნუოლის" ეკიპაჟის წევრები, რომლებსაც ერთ-ერთ კომერციულ ხომალდზე ტვირთის გეგმიური კონტროლი უნდა განეხორციელებინათ, დაკავების მომენტში რეზინის ნავებში ისხდნენ. ერთ-ერთი ნავი აღჭურვილი იყო ე.წ. GPS-ით, ანუ ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემით, რომლის მონაცემების თანახმად, მეზღვაურები ერაყის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ. მაგრამ თეირანი ამტკიცებს, რომ ბრიტანელებმა მოწყობილობა გამოცვალეს და გვთავაზობს საკუთარ მონაცემებს, რომლებიც, ბუნებრივია, საპირისპიროს გვიჩვენებს; კერძოდ კი იმას, რომ დაკავება ირანის ტერიტორიულ წყლებში მოხდა.

გარდა ამისა, ირანი აქტიურად მიმართავს პროპაგანდის იარაღს და ტელევიზიით უჩვენებს დაკავებული ბრიტანელი მეზღვაურების - როგორც თავად ამტკიცებს - "ნებაყოფლობით" ჩვენებებს.

[ფელიქს კარმენის ხმა] "დიახ, მინდა ირანელ ხალხს ვუთხრა, რომ მესმის, რატომ ხართ ასე გაგულისებული თქვენს ტერიტორიულ წყლებში ჩვენი შემოჭრის გამო."

ეს ბრიტანელი ლეიტენანტი ფელიქს კარმენი იყო. მისი ეს განცხადება ირანის სახელმწიფო ტელევიზიით 1 აპრილს გადაიცა. მანამდე კი, 28 მარტს, იმავე ტელევიზიით უჩვენეს ეკიპაჟის წევრი ერთადერთი ქალის ფეი ტერნის შემდეგი განცხადება:

[ფეი ტერნის ხმა] “აშკარაა, რომ მათ ტერიტორიულ წყლებში შევიჭერით. ისინი იყვნენ ძალიან მეგობრული, კეთილგანწყობილი, ყურადღებიანი, კარგი ხალხი. მათ აგვიხსნეს, თუ რატომ დაგვაპატიმრეს. არ გამოუვლენიათ არც აგრესია, არც ტკივილი მოუყენებიათ და არც ზიანი. ისინი ძალიან, ძალიან თანაგრძნობით იყვნენ განწყობილი.”

ლონდონი აცხადებს, რომ თეირანი ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს შეურაცხყოფს, აიძულებს რა მათ, საჯაროდ თქვან ტყუილი. ირანი კი, თავის მხრივ, დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, ნუ მოახდენს ბრიტანელი მეზღვაურების საქმის "პოლიტიზებას". არადა, ეს საქმე რომ უკვე იქცა საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილად, ცოტა ვინმეს თუ ეეჭვება.
XS
SM
MD
LG