Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის საკითხზე კონსულტაციებმა პარლამენტში გადაინაცვლა


საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“

ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას ითვალისწინებს. დოკუმენტს ჯერ კანონპროექტის ჩამოყალიბებული სახე არ მიუღია. მის ცალკეულ დეტალებზე საუბარი კი 2 აპრილს დეპუტატთა მხოლოდ ერთი, ვიწრო ჯგუფისთვის გახდა შესაძლებელი. პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ჯერ კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს ესაუბრა, შემდეგ კი ბიუროს. ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულის ფუნქციების განსაზღვრა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მმართველი და ოპოზიციური ფრაცქიების სრული კონსენსუსის პირობებში მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა წერილობითი სახით პარლამენტის დეპუტატებსაც დაურიგდათ - ყოველ შემთხვევაში, მათ ერთ ნაწილს მაინც. ამ დეპუტატთა რიცხვშია კონსერვატორი კახა კუკავა, რომელიც შენიშნავს, რომ ინიციატივას ჯერჯერობით მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი აქვს და მის კონცეპტუალურ მახასიათებლებზე საუბარი ძნელია.
დეპუტატი კახა კუკავა აღიარებს, რომ ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში ადმინისტრაციული ერთეულის შექმნაში თავისთავად ნეგატიური არაფერია, თუმცა ეს მაინც არ არის სტრატეგიულ–პოლიტიკური ნაბიჯი. კახა კუკავას აზრით, სეპარატისტებთან კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელია არა ეთნიკური ადმინისტრაციების შექმნის გზით, არამედ პირდაპირი დიალოგითა და რუსეთის ხელის შემშლელი ფაქტორის განეიტრალებით. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ჩვენ მზად ვართ ვესაუბროთ როგორც კოკოითის, ასევე სანაკოევის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კონფლიქტი პოლიტიკურად და მშვიდობიანი გზით დარეგულირდეს.“

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულს პირობითად ოლქი დაერქმევა. რაც შეეხება „დემოკრატიული ფრონტის წევრის“ კახა კუკავას სკეპსისს, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე თავისი რადიკალური შეხედულებებით იგი უმცირესობაშია - მათ შორის, ოპოზიციის რიგებშიც კი. მაგალითად, საპარლამენტო ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციის შექმნის მიზანი კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება უნდა იყოს და თანაბრად ითვალისწინებდეს როგორც ეთნიკური ქართველების, ისე ოსების ინტერესებს. ფრაქციის წევრს, მანანა ნაჭყებიას მოუსმინეთ:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] “ავტონომიის აღდგენაზე საუბარი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ პრეზიდენტს, მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ გარკვეული ტერიტორია, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, ის, რომელიც ჩვენ მიერ კონტროლირდება, გამოიყოფა როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, საგანგებო. გარკვეულწილად, ეს იქნება მთელი აპარატი, თავისი ადმინისტრაციული სტრუქტურებით, რომელიც წარმართავს ამ რეგიონში საქმიანობას.“

უმრავლესობის განმარტებით, კონფლიქტურ რეგიონებში დროებითი ადმინისტრაციების შექმნის მიზანი სტატუსის ან საზღვრების დადგენა არ არის. რაც შეეხება კონკრეტულად ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონას, ცხინვალში ახალი ადმინისტრაციული ერთეული პოლიტიკური კონსენსუსის გზით ჩამოყალიბდება და მისი უმთავრესი ფუქცია რეგიონში ეკონომიკური პროექტების განხორციელება იქნება. იმ პირობებში კი, როდესაც სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტის დიმიტრი სანაკოევის ხელისუფლებას, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, თბილისი არ ცნობს, საჭიროა ახალი სტრუქტურა, რომელიც მთელ რიგ პროექტებს უხელმძღვანელებს.

[დავით ბაქრაძის ხმა]“ ჯერჯერობით ეს სამუშაო სტადიაშია, ამიტომ ნაადრევი და ნაჩქარევი იქნება რაიმე კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა, თუმცა ძირითადი იდეა ამ ინიციატივისა არის ის, რომ ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას ადგილობრივი მოსახლეობის უფრო ფართოდ წარმოდგენის გზით.“

ამბობს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. საკითხისადმი საქართველოს ხელისუფლების მიდგომა კი ემთხვევა იმ პოზიციას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობასთან მანამდე იყო შეთანხმებული. პოზიციათა ეს თანხვედრა ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ დაადასტურა:

[მეთიუ ბრაიზას ხმა]“მე ზუსტად არ ვიცნობ დეტალებს, თუ რას გულისხმობს ახალი ადმინისტრაციული ერთეული სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ჩემი შეხვედრებიდან, რომლებიც მქონდა პრეზიდენტთან და სხვებთან, გავარკვიე, რომ მათი დამოკიდებულება ემთხვევა იმ მიდგომებს, რომლებიც ჩვენი მთავრობის წარმომადგენლების მიერ თქვენს ლიდერებთან განიხილებოდა ბოლო წლების განმავლობაში, ასახავს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს რეკომენდაციები გულისხმობდა იმას, რომ თბილისში საქართველოს მთავრობას კავშირი ჰქონოდა სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ყველა ადამიანთან, გამოეყენებინა წამახალისებელი ფაქტორები ეკონომიკის, კულტურის, პოლიტიკის სფეროში, ახალი სამუშაო ადგილები შეექმნა. ეს ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უკან მოზიდვას საერთო ქართულ სახლში, საქართველოს ყველა სხვა მოქალაქესთან ერთად.“

განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ თბილისში ყოფნის დროს. საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კი, ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულის შექმნის საკითხზე დეპუტატების საგანგებო სხდომაზე 5 აპრილს იმსჯელებენ.



XS
SM
MD
LG