Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო გადამწყვეტი სიტყვის სათქმელად ემზადება


უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ბოლო არ უჩანს. ვიდრე კიევსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ხალხმრავალ მიტინგებს მართავენ ცალკე პრეზიდენტ იუშჩენკოსა და ცალკე პრემიერ-მინისტრ იანუკოვიჩის მომხრეები,

საკონსტიტუციო სასამართლო გადამწყვეტი სიტყვის სათქმელად ემზადება. ხვალ, 11 აპრილს, სასამართლომ უნდა დაიწყოს მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად კანონიერი იყო პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. საქმეს ისიც ართულებს, რომ ჯერ ერთი, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია, საკონსტიტუციო სასამართლოს არავითარი ვერდიქტი არ გამოუტანია; და მეორეც: მისი წევრი 18 მოსამართლიდან ხუთმა უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე - პოლიტიკური ზეწოლის საბაბით. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკონსტიტუციო სასამართლოების შექმნა ძირითადად იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ სახელმწიფო ძლევამოსილების წინაშე ლამის უძლური ინდივიდის უფლებები დაეცვა. სინამდვილეში კი ბევრგან მივიღეთ ვითარება, როცა სასამართლოები ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავენ და იცავენ კიდეც. უკრაინის მაგალითზე შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილი რთული ვითარება ზუსტად ასახავს პარლამენტში არსებულ ჩიხურ მდგომარეობას.

ამ თემაზე სალაპარაკოდ რადიო "თავისუფლება" დაუკავშირდა ვოიცეხ სადურსკის, ფლორენციის ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორს, რომლის კალამსაც ეკუთვნის ნაშრომი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოებზე.

[ვოიცეხ სადურსკის ხმა] "საკონსტიტუციო სასამართლოები აღიქმება, როგორც გამაწონასწორებელი ძალა, როგორც შემარბილებელი ინსტრუმენტი პარლამენტის ისეთი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ხშირად კონსტიტუციას, კერძოდ კი საკონსტიტუციო უფლებებს ეწინააღმდეგება."

მთელს მსოფლიოში საკონსტიტუციო სასამართლოების ფუნქციაა, ადგენდეს, რამდენად შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას ან კონსტიტუციურად დამკვიდრებულ უფლებებსა და თავისუფლებებს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები თუ პრეზიდენტის ბრძანებულებები. როგორც წესი, სასამართლოებს გამოაქვთ დასკვნები დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ან საერთაშორისო ხელშეკრულებებში გაწევრიანების შესახებ.

არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოების ორი ყველაზე გავრცელებული მოდელი. ერთია აშშ-ის მოდელი, სადაც ნებისმიერ ფედერალურ სასამართლოს შეუძლია, ბათილად სცნოს კანონი, თუკი მას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს; და მეორეა ევროპული მოდელი ერთი, სპეციალიზებული სასამართლოთი; იქ მხოლოდ ეს სასამართლოა უფლებამოსილი, გადაწყვიტოს, რომელი კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და რომელი - არა.

კომუნიზმის დამხობის შემდეგ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმრავლესობამ - მათ შორის საქართველომაც - არჩევანი ევროპულ მოდელზე შეაჩერა. ევროპული მოდელი მოქმედებს უკრაინაშიც. ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 18 მოსამართლისგან, რომელთაგან ექვსს პრეზიდენტი ნიშნავს, ექვსს - პარლამენტი და ექვსსაც - მოსამართლეთა დამოუკიდებელი საბჭო. მოსამართლეებს ცხრა წლის ვადით ნიშნავენ.

[ვოიცეხ სადურსკის ხმა] "თუ უკრაინაზე ვსაუბრობთ, იქ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ცხრა წლის ვადით ნიშნავენ. ეს არის ერთჯერადი ცხრაწლიანი ვადა, რომელიც მოსამართლეებს თავისუფლად მოქმედების საშუალებასა და დამოუკიდებლობის გარკვეულ ხარისხს ანიჭებს; შესაძლებლობას აძლევს, გამუდმებით არ ფიქრობდნენ თავიანთ პოლიტიკურ დამრიგებლებზე, თუკი ასეთი მოეპოვებათ."

პროფესორ სადურსკის თქმით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საკონსტიტუციო სასამართლოების საქმიანობა არაერთ სირთულეს აწყდება.

[ვოიცეხ სადურსკის ხმა] "ჯერ ერთი, რამდენად ემყარება მოსამართლეების შერჩევა მათს პროფესიულ ღირსებებს და რამდენად - პოლიტიკურ მოსაზრებებს? მეორე: რამდენად ხელეწიფება სხვა პოლიტიკურ ძალას, გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგოს საკონსტიტუციო სასამართლოს? ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი, რომელიც ამ სასამართლოების საფუძველშია ჩადებული, ის არის, რომ ისინი თვითონ ვერ ამოქმედდებიან - საამისოდ აუცილებლად სჭირდებათ გარედან შემოსული ინიციატივა."

პროფესორი სადურსკი კიდევ ერთ საყურადღებო ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას: აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოები თავად იქცნენ აქტიურ პოლიტიკურ მოთამაშეებად, რაც არამც და არამც არ არის მათი ფუნქცია.
XS
SM
MD
LG