Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შევუშალოთ ხელი მსოფლიოში ბავშვთა ექსპლოატაციას


იცოდით თუ არა, რომ შოკოლადი, რომელიც ასე უყვარს დიდსა თუ პატარას, დიდწილად მონური შრომის, მათ შორის, ბავშვების მონური შრომის ნაყოფია?

ანდა იცოდით თუ არა, რომ ასევე მონური შრომით მზადდება თვალისმომჭრელი ინდური ხალიჩები? მრავალი პროდუქტის ჩამოთვლა შეიძლება, რომელთა დამზადებისთვის იძულებითი შრომა გამოიყენება. და იცით რატომაა შესაძლებელი ასეთი რამ 21-ე საუკუნეში? იმიტომ, რომ ამ უბედურების შესახებ მსოფლიო არასათანადოდ არის ინფორმირებული.

სწორედ ამ მოჯადოებული წრის გარღვევა დაისახეს მიზნად პრაღის საერთაშორისო სკოლის მერვეკლასელებმა. ისინი წელს შეერთებულ შტატებში მონობის ისტორიას გადიან და ამასთან დაკავშირებით დაინტერესდნენ მონური შრომით დღევანდელ მსოფლიოში.

როგორც სკოლის მასწავლებელმა, სენდი გერკინმა გვითხრა, ბავშვები პროექტში ხუთ ჯგუფად არიან გაყოფილი და თითოეული ცალკეულ თემაზე მუშაობს. ესაა შოკოლადი და მონური შრომა; ტრეფიკინგი აღმოსავლეთ ევროპაში; მონობა ინდოეთში; იძულებითი შრომის საამქროები; ბავშვი ჯარისკაცები.

[სენდი გერკინის ხმა] "პროექტში შედის ბავშვების მიერ სოციალური მოქმედების გეგმის შემუშავება. და ამ მოსწავლეების სოციალური მოქმედების გეგმა მიზნად ისახავს ამ საკითხის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რათა ყველამ გააცნობიეროს, რომ მონობა აქვე, ევროპაში, თქვენ ცხვირწინაც არსებობს."

პრობლემის გაცნობიერება არის ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. საამისოდ ბავშვები მასმედიასაც, მათ შორის ჩვენს რადიოსაც დაუკავშირდნენ.


[კაზ ესბახის ხმა] "ჩვენ დავიწყეთ ჩვენი სოციალური მოქმედების გეგმა, რის ნაწილიც არის რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებასთან საუბარი. ასევე შევადგინეთ პეტიცია. ყოველთვის, როცა კი ხელს მოაწერენ ჩვენს პეტიციას, წერილს მივწერთ ლორენს გბაგბოს, კოტ დივუარის პრეზიდენტს. წერილებით დავბომბავთ და მოვხოვთ, ბოლო მოუღოს მონობას."

ეს გახლდათ მერვეკლასელი კაზ ესბახი, რომლის ჯგუფი შოკოლადის მრეწველობაში ბავშვების მონურ შრომასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს.

რაც შეეხება კოტ დივუარს, რომელიც კაზმა ახსენა, აფრიკის ამ ქვეყანას შოკოლადის წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

მოუსმინეთ არნი ჯონსონს:

[არნი ჯონსონის ხმა] "კაკაოს პლანტაციებზე მონური შრომა ძირითადად გამოიყენება კოტ დივუარში, რომელზეც მოდის მსოფლიოში შოკოლადის წარმოების 38 პროცენტი. თქვენს უმრავლესობას არ ეცოდინება, რომ კოტ დივუარში წარმოებული შოკოლადის 90 პროცენტი მონური შრომით მოიპოვება. მსოფლიოში შოკოლადის წარმოების 21 პროცენტი მოდის მის მეზობელ ქვეყნებზე, როგორებიცაა განა, ბურკინა ფასო და მალის ნაწილი."

ყველაზე დიდი რაოდენობით მონური შრომა, მათ შორის ბავშვების მონური შრომა ინდოეთში გამოიყენება. ხშირ შემთხვევაში ისინი სამსახურის ან სკოლაში მოწყობის დაპირებით მოტყუებით მიჰყავთ დიდ ქალაქებში. იქ მონებით საგანგებო ბაზრებზე ვაჭრობენ. გაყიდულ ბავშვებს მძიმე პირობებში ცხოვრება და მუშაობა უწევთ. გასამრჯელო იმდენად მცირე აქვთ, რომ წლების მანძილზე ვერ ახერხებენ ამ კაბალური შრომისგან თავის დაღწევას.


[ანა რამიშვილი-შეფერის ხმა] "სანამ ამ პროექტს დავიწყებდით, არაფერი ვიცოდი ინდოეთში მონობის შესახებ. არ ვიცოდი, რომ მსოფლიოში 27 მილიონი მონაა და ნახევარზე მეტი, 15 მილიონი, ინდოეთზე მოდის. ამ პროექტის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს პრობლემა ცნობილი გახადოს. პროგრამა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, არის ნაწილი გეგმისა, რომელიც ამ ამოცანას ემსახურება. ასევე ჩვენ ვაგროვებთ შეწირულებებს და ბოლოს ამ თანხას შევწირავთ ინისეფს ან რომელიმე სხვა ორგანიზაციას, რომელიც მონობის წინააღმდეგ იბრძვის."

ეს ანა რამიშვილი-შეფერი გახლდათ.

მონური შრომა არალეგალური შემოსავლის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა და მასთან ბრძოლა ძალიან ძნელია. ბავშვების ექსპლოატაციის წინააღმდეგ მთელი რიგი ორგანიზაციები იბრძვიან. პირველ რიგში, გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი.

[ქიუ ჰო აანის ხმა] "ერთი პასუხი მივიღე იუნისეფიდან. ისინი ცდილობენ შეაჩერონ მონობა ინდოეთში, მაგრამ, როგორც შევიტყვე, მონებით ვაჭრობა გასაიდუმლოებულად ხდება. ამიტომ, ალბათ ძნელია ამის წინააღმდეგ რამის გაწყობა."

ამბობს კორეელი ქიუ ჰო აანი. იუნიცეფს ჩვენც დავუკავშირდით. აღმოსავლეთი ევროპის რეგიონის კოორდინატორმა იუდიტა რაიხენბახმა, რომელიც ჟენევაში მუშაობს, გვითხრა, რომ ბავშვთა ექსპლოატაცია გლობალური პრობლემაა და მისგან არ არის დაცული არც აღმოსავლეთი ევროპა. თუმცა მასშტაბები და ფორმა განსხვავებულია. მისი აზრით, საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა სერიოზულად უწყობს ხელს ამ უბედურების გავრცელებას.

[იუდიტა რაიხენბერგის ხმა] "ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოზარდთა აქტიურად ჩართვა ყველაზე კარგად შეიძლება იქ, სადაც მათი ყველაზე უკეთ ესმით. მაგალითად, სკოლა შესანიშნავი ადგილია, სადაც აქტიურად შეუძლიათ მონაწილეობა, თუკი საამისო პირობებია შექმნილი. მე შემიძლია მხოლოდ მივესალმო ამ სკოლის ინიციატივას, რომელიც თქვენ ახსენეთ."

რაც შეეხება საქართველოს, აქ, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, მთავარი პრობლემაა ტრეფიკინგი. ჩვენ დავუკავშირდით გაეროს ბავშთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს, მაია ქურციკიძეს.

[მაია ქურციკიძის ხმა] "სამწუხაროდ, საქართველოს აქვს ორმაგი ფუნქცია ტრეფიკინგთან დაკავშირებით. ეს არის როგორც დონორი ანუ მიმწოდებელი ქვეყანა ტრეფიკინგის თვალსაზრისით, ასევე სატრანზიტო ქვეყანა."


პრაღის საერთაშორისო სკოლის მოწაფეები თავიანთ თანატოლებს ასეთ რჩევას აძლევენ. კაზ ესბახს მოუსმინეთ:


[კაზ ესბახის ხმა] "ჩვენ გვაქვს იდეები იმის შესახებ, თუ თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენს საზოგადოებაში, სადაც ახლა იმყოფებით. მაღაზიაში საქონლის შეძენის წინ შეგიძლიათ იკითხოთ, არის თუ არა ეს ფეარ ტრეიდის ნაწარმი; შეგიძლიათ თქვენი საკუთარი პროგრამები წამოიწყოთ; შეგიძლიათ სცადოთ პეტიციებზე ხელმოწერები შეაგროვოთ; ფული შესწიროთ იუნიცეფს და ასე შემდეგ."

თუკი ჩვენი გადაცემის შემდეგ თქვენც გაგიჩნდებათ სურვილი, მონაწილეობა მიიღოთ ბავშვების მონური ექსპლოატაციის წინააღმდეგ კამპანიაში, შეგიძლიათ შეუერთდეთ პეტიციას, რომელიც პრაღელმა ბავშვებმა ახსენეს. გაგზავნეთ ელექტრონული წერილი შემდეგ მისამართზე: antichocolateslavery@hotmail.com subject-ში ჩაწერეთ: petition.

იმ შემთხვევისთვის, თუ პროექტში მონაწილეებთან დაკავშირება მოგინდებათ, პრაღის საერთაშორისო სკოლის მისამართია:

The International School of Prague
Nebusicka 700

16400 Prague 6
Czech Republic

Phone: + 420 220 384 111
Fax: + 420 220 384 555
XS
SM
MD
LG