Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლახან სამხრეთ კავკასიის


ახლახან სამხრეთ კავკასიის

დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ასოციაციამ, რომელსაც შემოკლებით ”იფასკი” ჰქვია, რეგიონის კინობაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. შედეგები უაღრესად საინტერესოა და, გარკვეული თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის კინოხელოვნების რეალურ სურათს ქმნის: ვინ დადის კინოთეატრებში და ვის ურჩევნია კინოს ყურება ტელევიზორში, რას ელის ხალხი კინოხელოვნებისგან და როგორ კინოს ანიჭებს უპირატესობას. ასეთი გამოკითხვა იმ მხრივაცაა მნიშვნელოვანი, რომ დღესდღეობით სამხრეთ კავკასიაში არ არსებობს სადისტრიბუციო კომპანია - ლიცენზირებული და არალიცენზირებული პროდუქცია რუსეთიდან შემოდის. დასავლეთი კი სერიოზულადაა დაინტერესებული ამ ბაზრით - პროდიუსერებს, კინოგამქირავებლებს სურთ იცოდნენ, შეიძლება თუ არა ფულის დაბანდება სამხრეთ კავკასიის კინოხელოვნებაში. ”იფასკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესიით იურისტი თაკო ტატიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს: მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში სისტემატურად ტარდება სხვადასხვა სახის კვლევები, კინოწარმოებას მნიშვნელოვანი ყურადღება არ ეთმობა, არადა, სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკები ოდესღაც ამაყობდნენ იმით, რომ კინო აქ ლამის ყველაზე პოპულარული ხელოვნება იყოო.

[თაკო ტატიშვილის ხმა] ”იდეა ჩვენი იყო, რადგან ვთვლით, რომ ეს საქმე ვიღაცამ უნდა დაიწყოს - სხვანაირად სადისტრიბუციო ბაზაზე საუბარი, უბრალოდ, შეუძლებელია, თუკი მარკეტინგული ანალიზი არ გაკეთდა. ამიტომ გადავწყვიტეთ პირველი ნაბიჯი ჩვენ გადავდგათ, თუმცა მარკეტინგული კვლევა იმ კომპანიამ უნდა აწარმოოს, რომელიც სპეციალიზდება ამ მიმართულებით.”

”იფასკის” მესვეურთა ინიციატივით, გამოკითხვაში ჩაერთვნენ ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი სოციოლოგები და მარკეტის სპეციალისტები. კვლევა
5 მიმართულებით ჩატარდა: ფესტივალები, სადისტრიბუციო ქსელი, მწარმოებელი კომპანიები, კინოთეატრები და საპროდიუსერო ცენტრები. კვლევისთვის
სამი ქალაქი შეარჩიეს - თბილისი, ერევანი, ბაქო.
45 წუთიანი ინტერვიუ ჩაუტარდა საპროდიუსერო კომპანიებს და იმ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომელთაც კინოხელოვნების განვითარება ევალებათ - მაგალითად, ეროვნულ კინოცენტრებს. თითო ქალაქში ასი ადამიანი გამოიკითხა და მერე დასკვნებიც გაკეთდა. თუმცა, თაკო ტატიშვილის თქმით, მთავარი მაინც მაყურებლის გამოკითხვა იყო:

[თაკო ტატიშვილის ხმა] ”შემდეგი მიმართულება იყო აუდიტორიის კვლევა. 500 რესპონდენტი, გადანაწილებული ასაკობრივად - 20-დან 60 წლამდე ასაკის - და სოციოლოგიური ტაქტიკით - ისეთ უბნებში, რომლებიც ყველაზე კარგად გამოხატავს ქალაქის რეალურ მაჩვენებელს... იყო ათი პროცენტი კინოთეატრებიდან გამოსული, იყვნენ დიასახლისები... ეს ადამიანები გამოიკვლიეს და შემდეგ გაკეთდა ანალიზი.”

შედეგი არცთუ ისე სასიხარულო იყო. სამივე რესპუბლიკას ერთი და იმავე სახის პრობლემები აერთიანებს: დაფინანსების უქონლობა, პროფესიონალების ნაკლებობა და მთავარი - არალიცენზირებული პროდუქციის სიმრავლე. ვინაიდან ეს პრობლემები სამივე რესპუბლიკისთვის საერთოა, პოტენციური ინვესტორი სამხრეთ კავკასიას ერთიან ”კინემატოგრაფიულ ზონად” აღიქვამს. თუმცა, თაკო ტატიშვილის თქმით, განვითარების კურსის მიხედვით, საქართველო აქ მნიშვნელოვნად გამოირჩევა:

[თაკო ტატიშვილის ხმა] ”სომხეთში ყველაზე პოპულარულია საფესტივალო მიმართულება, აზერბაიჯანში ფესტივალები ხან ტარდება და ხან არა... საქართველოში დაგეგმარების და შესყიდვების სტრატეგია უფრო განვითარებული აღმოჩნდა. სამივე ქვეყანაში რეალურად სადისტრიბუციო ქსელზე, როგორც სექტორის განვითარებაზე, ლაპარაკი ნაადრევია... ლიცენზირების პრობლემაა და ტექნიკური ხარისხი არ არის... გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც ერთ სფეროში მუშაობენ, რატომღაც ვერ ამყარებენ კონტაქტებს.”

რეფორმა კინოს სფეროში, მეტ-ნაკლებად, სამივე ქვეყანაში მიმდინარეობს. თუმცა აქაცაა განსხვავება. კვლევის შედეგებში მოულოდნელობაც ბევრი იყო: მაგალითად, აზერბაიჯანი, რომელიც, ”იფასკის” მესვეურთა თქმით, ეკონომიურად ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანაა, ვიდრე საქართველო, კინოწარმოების განვითარების კუთხით მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩება. ბაქოში ერთადერთი კინოთეატრია, ტელევიზიებში ფილმების შესყიდვის პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს, მაშინ როდესაც ქართულმა ტელეარხებმა უკვე დასავლური კინოპროდუქციის შეძენა დაიწყეს. უფრო მეტიც, კინოთეატრების რეკლამა, ახალი ფილმების ანონსები, რომელიც ქართული ტელეარხების ეთერშია ჩასმული, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, თაკო ტატიშვილს თუ დავესესხებით, ”დიდი კინოს პოპულარიზაციას”.


[თაკო ტატიშვილის ხმა] ”საინტერესოა, რომ ბაქოსა და ერევანში ადამიანებს არა აქვთ კინოში სიარულის განსაკუთრებული სურვილი... თბილისში კი ეს სურვილი გამოხატულია: 75 პროცენტზე მეტ ადამიანს ურჩევნია კინოთეატრში ნახოს ფილმი, ვიდრე ტელევიზორში.”

”იფასკელებისთვის” მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ, გამოკითხვის შედეგებით, აზერბაიჯანელი ქალების უმრავლესობა უპირატესობას სათავგადასავლო კინოს ანიჭებს, მამაკაცებს კი მელოდრამები უყვართ. აზერბაიჯანში ინდური ფილმები უყვართ და ეროვნული წარმოების ფილმები. საქართველოში კი ყველაზე პოპულარულ ფილმად, თურმე, ”ერთხელ ამერიკაში” რჩება.




[თაკო ტატიშვილის ხმა] ”ამბობენ, რომ კინოში დადიან არა იმისთვის, რომ მეგობართან ერთად გაერთონ (ასეთი იყო პასუხი ბაქოში), არამედ დადიან იმისთვის, რომ ნახონ ახალი ფილმი... ეს უკვე პრიორიტეტია ეროვნული კინოწარმოებისთვის. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საქართველოში კინოში მოსიარულე ადამიანებს ურჩევნიათ ამერიკული ფილმების ნახვა. ბაქოსა და სომხეთში მაინცდამაინც არ უყვართ კინოში სიარული, მაგრამ პრიორიტეტულია ეროვნული პროდუქცია.”

უახლოეს ხანში სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ასოციაცია აპირებს ასეთი კვლევა სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების რეგიონებშიც ჩაატაროს. თაკო ტატიშვილის თქმით, საინტერესო იქნება, რას ფიქრობენ კინოთეატრში კინოს ყურებაზე იქ, სადაც კინოთეატრები აღარ ფუნქციონირებს - დანგრეულია ან ფუნქცია აქვს შეცვლილი:

[თაკო ტატიშვილის ხმა] ”რაიონებში ძალიან გვინდა, რადგან ვთვლით, რომ ისედაც პატარაა ეს რეგიონი და არ უნდა არსებობდეს ასეთი მიდგომა: ”ჩვენ არ გვაინტერესებს, რა ხდება რეგიონებში”... ამ ეტაპზე დაინტერესდა ”აიპიემი” და, ალბათ, ეს სოციოლოგიური ფირმა გამოიკვლევს.”

საინტერესოა: მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სომხური და აზერბაიჯანული კინოკომპანიები არ თანამშრომლობენ, გამოკითხვის მიხედვით, რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა - 61 პროცენტი - აცხადებს, რომ სიამოვნებით ნახავდა ერთობლივ ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ პროდუქციას.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG