Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ წარიმართა საქართველოს პარლამენტში კულტურული მემკვიდრეობის კანონის მესამე მოსმენით განხილვა


საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მისი კენჭისყრა კი გაურკვეველი დროით გადაიდო.

კანონის მიხედვით, კულტურული და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ზონაში უნდა დაწესდეს მოსაკრებელი, რომელიც რეაბილიტაციის დამთავრებისთანავე გაუქმდება. მასში არაფერია ნათქვამი მოსაკრებლის მაქსიმალური ან მინიმალური ოდენობის შესახებ - არადა, სწორედ ეს საკითხია ხელისუფლებისა და ოპოზიციის ცხარე კამათისა და დაპირისპირების მთავარი მიზეზი. რა არგუმენტები გააჩნიათ დაპირისპირებულ მხარეებს?

[ისმის კამათის ხმა] ”... ნუღარ გავაგრძელებთ ამ დავას...”

სანამ კულტურული მემკვიდრეობის კანონის პროექტი მწვავე კამათისა და დაპირისპირების მიზეზად იქცეოდა, მანამდე იგი საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფში განიხილეს და მის წინააღმდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებიც კი არ გამოსულან. კამათის საგანს მხოლოდ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო ზონაში ადგილობრივი მოსაკრებლის მოცულობა წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც ეს თემა არასაპარლამენტო ოპოზიციის საპროტესტო აქციების მთავარ მიზეზად იქცა, მთავრობამ მოსაკრებლის მაქსიმალური მოცულობა ჯერ 3 ლარიდან 1.5 ლარამდე შეამცირა, შემდეგ კი კანონპროექტში მხოლოდ მოსაკრებლის დაწესების პრინციპიღა დარჩა. მაგრამ მესამე მოსმენის დროს ოპოზიციური ფრაქციები მაინც გამოვიდნენ კანონის მიღების წინააღმდეგ.

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”ახლა, კანონის შელამაზებით, ის რომ ამოვიღეთ, ციფრები კონკრეტული, და ციფრის გარეშე დავტოვეთ და ამიტომ მხარს დავუჭერთ, როგორც არასრულყოფილ კანონს... ამიტომ არ დავუჭერთ მხარს. იმიტომ რომ მასში უნდა დაფიქსირდეს მოსაკრებლის ზედა ზღვარი.” (სტილი დაცულია)

ეს არის ”ახალი მემარჯვენეების” საპარლამენტო ფრაქციის წევრი მამუკა კაციტაძე. როგორც თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გოკა გაბაშვილიც ამბობს, ”ახალი მემარჯვენეების” წევრებმა კანონპროექტის მეორე მოსმენისას მხარი დაუჭირეს მასში მხოლოდ მოსაკრებლის პრინციპის დატოვებას.

[გოკა გაბაშვილის ხმა] ”ამ კანონში არის დაშვება იმისა, რომ ერთ-ერთი წყარო რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისა შეიძლება იყოს შემდგომში კანონით დადგენილი მოსაკრებელი. ეს ეწერა ყოველთვის. ამაზე, ამ პრინციპზე, ოპოზიციაც იყო თანახმა და ინტერფრაქციულ ჯგუფშიც არ გამოთქმულა შენიშვნა თვითონ მოსაკრებლის პრინციპთან დაკავშირებით. მხოლოდ იყო დავა ზედა ზღვარზე. ეხლა შეცვალა ოპოზიციამ თავისი პოზიცია.” (სტილი დაცულია)

გოკა გაბაშვილის განცხადებით, მოსაკრებლის ოდენობა მოსაკრებლის შესახებ კანონით განისაზღვრება და ამ ცვლილებით მთავრობა მომავალ კვირაში შევა პარლამენტში:

[გოკა გაბაშვილის ხმა] ”ლარ-ნახევარი შემოტანილი არ არის, ის იქნება შემოტანილი მალე. ჩვენი პოზიციაა, რომ ზედა ზღვარი იყოს ლარ-ნახევარი.”

ოპოზიცია 1,5 ლარის ზღვარსაც იწუნებს და მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიასაც. ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ისინი ამ ეტაპზე მხოლოდ სიმბოლური მოსაკრებლის მომხრენი არიან, რათა არ დაირღვეს რეაბილიტაციის პროცესში თანამონაწილეობის პრინციპი.

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”მოხსნეს ეს საკითხი, რომ ამჯერად არ ვიმსჯელოთ ამაზე. შემდეგ, მომავალი კანონის გამოტანის დროს, რომლის ინიციატივამ გუშინ გაიჟღერა, მოხდება ამ 3 დღეში პრობლემის ლოკალიზაცია. უცებ შემოიტანენ, უცებ მიიღებენ და უცებ დაანებებენ მერე თავს.”

კანონის მიღების შემდეგ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო გეგმავს, უახლოეს წლებში თბილისში მხოლოდ 50-60 ისტორიული სახლისგან შემდგარი არეალის რეაბილიტაცია განახორციელოს. კანონი ასევე აწესებს საჯარიმო სანქციებს კულტურულ-ისტორიული ძეგლის დაზიანების გამო და არეგულირებს არქეოლოგიური სამუშაოების დროს მოპოვებული მასალის დაცვის პირობებს.
XS
SM
MD
LG