Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიშლება თუ არა პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი?


საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციამ“ ინტერფრაქციული ჯგუფი დატოვა. საკუთრების უფლების დაცვის

დამატებითი საკანონმდებლო გარანტიების შექმნის მიზნით შექმნილი ჯგუფი, ფრაქციის ლიდერის დავით გამყრელიძის შეფასებით, არაქმედობაუნარიანი გამოდგა. ფრაქციისთვის მიუღებელია განსახილველი კანონპროექტის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ამნისტია არ შეეხება იმ საკუთრებას, რომელზეც ადმინისტრაციული წარმოება ან სასამართლო დავა მიმდინარეობს. გამოიწვევს თუ არა მემარჯვენეთა გადაწყვეტილება ინტერფრაქციული ჯგუფის დაშლას?

ინტერფრაქციული ჯგუფი, შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ, საპარლამენტო ფრაქცია მემარჯვენე ოპოზიციის ინიციატივითაც შეიქმნა იმის გამო, რომ ბოლო ხანებში მეტისმეტად გამრავლდა საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები, რაც საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. ინტერფრაქციული ჯგუფი, თავისი დანიშნულებით, საგამოძიებო კომისიის ერთგვარ ალტერნატივადაც კი იქცა. ”ახალი მემრჯვენეების” წინადადება თავიდან სწორედ კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებდა. მაგრამ ვინაიდან პრიორიტეტი საკანონმდებლო ბაზის ხარვეზების შევსება იყო და ამისთვის მზაობა ოპოზიციასთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმაც გამოხატა, ინტერფრაქციული ჯგუფი, ფრაქციათა ლიდერების მონაწილეობით და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, შეუდგა მუშაობას. საკანონმდებლო წინადადებებსა და რეკომენდაციებს ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის საფუძველზე განიხილავდა. საბაზისო დოკუმენტს სწორედ ეს პროექტი წარმოადგენდა. ამ ჯგუფის საქმიანობის დაწყებიდან ორიოდე თვის შემდეგ, უმრავლესობისა და ოპოზიციის პირობით ალიანსში პირველი ბზარი მემარჯვენე ოპოზიციამ შეიტანა. მიზეზებს ფრაქციის წევრი ფიქრია ჩიხრაძე შემდეგნაირად განმარტავს:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა]“ პირველი ნედლი განხილვა შედგა, ჩვენ ჩვენი შენიშვნები ვთქვით ამასთან დაკავშირებით, მერე რაღაც პერიოდი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ წაიღო უკან ეს პროექტი და ერთი კვირის წინათ კვლავ იქნა შემოტანილი უფრო შედარებით სრულყოფილი ვარიანტი. კანონი, უნდა ვთქვათ, რომ, თითქოსდა, მართლაც კარგი იყო, მაგრამ ერთი ხვრელი იყო დატოვებული, რომელიც ძალიან სერიოზულ ეჭვს იწვევდა. კანონი დაუსვამდა ყველაფერს წერტილს, გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც სასამართლოშია და რომელთა მიმართაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება.“ (სტილი დაცულია)

მემარჯვენე ოპოზიცია ეჭვობს, რომ ვიდრე კანონი ძალაში შევა, ხელისუფლება კიდევ ასობით კერძო მესაკუთრეს ჩამოართმევს ქონებას:

[დავით გამყრელიძის ხმა]“ სასწრაფო წესით დაიწყო თბილისში ყიფშიძის, მარჯანიშვილის, აგლაძის, ინგოროყვას ქუჩებზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მათი კანონიერების შესახებ, დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება 99–2000 წლებში, მიწების თითქმის რვა წლის წინანდელ პრივატიზებასთან დაკავშირებით. პარალელურად მირეკავენ ქუთაისიდან, რომ იქ პროკურატურამ ერთ დღში 12 სისხლის სამართლის საქმე აღძრა პრივატიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით.“

დავით გამყრელიძე ვარაუდობს, რომ უმრავლესობა ბუტაფორიული კანონის მიღებას გეგმავს და განმარტებებისათვის, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ზონებში მოსაკრებლის შემოღების საკითხთან დაკავშირებითაც, პრეზიდენტის ოპოზიციასთან შეხვედრას ითხოვს. თავის მხრივ, უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ოპოზიციას დიალოგის არსის უცოდინრობაში, ტენდენციურობასა და მხოლოდ მისთვის მისაღები დებულებების შეუმცდარობის მტკიცებაში სდებს ბრალს. „კანონპროექტი მოგვცემს იმის საშუალებას, მკაფიოდ გავმიჯნოთ, რა შემთხვევაში მოხდეს ლეგიტიმაცია და რა შემთხვევაში აღიძრას საქმე“, - ამბობს გიგა ბოკერია. პარლამენტის თავმჯდომარე კი შენიშნავს, რომ დავით გამყრელიძეს ინტერფრაქციული ჯგუფისთვის დროზე ადრე გამოაქვს განაჩენი, რადგან კანონპროექტზე პოზიციები ჯერ შეჯერებული არ არის.

ინტერფრაქციული ჯგუფის მორიგი შეხვედრა - როგორც ჩანს, უკვე დავით გამყრელიძის გარეშე - უახლოეს დღეებში გაიმართება. ამ შეხვედრაზე დასწრებას გეგმავენ ოპოზიციურ ფრაქციათა წარმომადგენლებიც.

[კახა კუკავას ხმა]“ სავარაუდოდ, ინტერფრაქციული ჯგუფი, ალბათ, კრახს განიცდის, თუმცა ჩვენ ფორმალურად მაინც ველოდებით პასუხს პარლამენტის თავმჯდომარისგან ჩვენს შენიშვნებზე.”

ამბობს ფრაქცია „:დემოკრატიული ფრონტის“ წევრი კახა კუკავა. მისი თქმით, ”კონსერვატორები პარლამენტისთვის ქონების ლეგალიზების შესახებ ალტერნატიული კანონპროექტის შეთავაზებას იმ შემთხვევაში გადაწყვეტენ, თუ ინტერფრაქციული ჯგუფი მუშაობას კონსენსუსით ვერ დაასრულებს.“

რაც შეეხებათ მრეწველებს, ზურაბ ტყემალაძე ჯერჯერობით ინტერფრაქციულ ჯგუფში რჩება და იმედოვნებს, რომ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეული იქნება:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა]“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. ახლა პასუხი უნდა მოიტანოს მთავრობამ. ან უნდა გაიზიაროს ჩვენი პოზიცია და ან არ უნდა გაიზიაროს. ამის მიხედვით გადავწყვეტთ. თუ არ გაიზიარებს და, მართლა რა აზრი აქვს მსჯელობას. თუ გაიზიარებენ, ძალიან კარგი.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG