Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალქალაქი რუსეთის სამხედრო ტექნიკისგან საბოლოოდ გათავისუფლდა!


ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზა, რომელსაც თითქმის ორასწლიანი ისტორია აქვს, თავისი არსებობის ბოლო დღეებს ითვლის. ყოველ შემთხვევაში,

24 მაისს ახალციხის საბარგო სადგურიდან გავიდა რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ბოლო ეშელონი. ორმხრივი შეთანხმების თანახმად, შემოდგომამდე ახალქალაქში არ დარჩება არც ერთი რუსი ოფიცერი და სამხედრო, რომლებიც 200 წლოვანი ბაზის დაცარიელებულ საწყობებს და შტაბს იცავენ. ამასთან, არ გამართლდა ვარაუდები, რომ სამხედრო ბაზის დახურვა ეთნიკური სომხებით დასახლებულ ახალქალაქში დაძაბულობასა და ეთნიკურ სეპარატიზმს გააღვივებდა.

საქართველოს ტერიტორიიდან მიმავალ რუსეთის სამხედრო ეშელონებს არ აცილებენ საზეიმო მარშებითა და სიყვარულის ცრემლით. ახალქალაქის სამხედრო ბაზის დატოვების გამო გული აღარ სწყდებათ იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ჯერ კიდევ 3 წლის წინ ფიქრობდნენ, რომ სამხედრო ბაზის დახურვა მათ უმუშევრად დატოვებდა და ლამის მზად იყვნენ ცოცხალ ღობედ შემორტყმოდნენ 200 წლოვანი სამხედრო ოკუპაციის რელიქტს. როგორც რადიო ”თავისუფლებას” უთხრა სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა გოგა ხაჩიძემ, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო ადგილობრივ მოსახლეობაში განმარტებითი მუშაობა და მათ ალეტრნატიული წინადადებები შესთავაზა:

[გოგა ხაჩიძის ხმა] ”ვინც იქ მუშაობს, ისინი ქართულ ბაზაზე განაგრძობენ სამსახურს და ექნებათ არანაკლები ხელფასი. ის, რომ, ვისაც ბინა აქვს ეგრეთ წოდებულ ”გარადოკში” და დროებით აქვს, ის საკუთრებაში გადაეცემა.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, განლაგდება თუ არა ქართული საჯარისო ნაწილი რუსეთის 62-ე ბაზის ადგილზე, ჯავახეთის მოსახლეობამ საქართველოს ხელისუფლების ეს წინადადება მიიღო, როგორც დასაქმების ალტერნატიული წყარო, და სხვა გზა არც ჰქონდა, რადგან, 2006 წლის ოქტომბრის ე.წ. ”რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერთა” სკანდალის შემდეგ, მოსკოვმა თავად მიიღო გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით გაეყვანა კუთვნილი სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ცოცხალი ძალა საქართველოდან. 24 მაისს, საქართველოს სამხედრო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, ახალციხის საბარგო სადგურიდან აზერბაიჯანისკენ აიღო გეზი 19 ვაგონისგან შემდგარმა ეშელონმა, რომელზეც დამაგრებული იყო სამხედრო სატვირთო მანქანები და კავშირგაბმულობის საშუალებები. ამასთან, ახალქალაქის სამხედრო 62-ე სამხედრო ბაზის ტერიტორია დიდი ხნით ადრე დატოვა მძიმე საბრძოლო ტექნიკამ, რომელიც რამდენიმე ასეულს შეადგენდა, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”იქ ჰქონდათ, ამ 42 ტანკის გარდა, ბმპ-1 -ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ბტრ 70-80 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები და სააარტილერიო დანადგარები 100 მილიმეტრზე მსხვილი კალიბრის.”

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობით რჩება სამხედრო აღჭურვილობა და მატერიალური ფასეულობები, მაგრამ იგი იმდენად მცირეა, რომ მისი ტრანსპორტირებისათვის რუსეთის მხარეს აღარ დასჭირდება ეშელონის დაქირავება და მის გადატანას ავტომანქანებით უზრუნველყოფს. საქართველოს ხელისუფლებას, ცხადია, ვერ ექნება პრეტენზია რუსეთის ქონებაზე, მაგრამ იგი ვალდებულია ჩაიბაროს სამხედრო ქალაქების ტერიტორია უსაფრთხო მდგომარეობაში, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” ირაკლი ალადაშვილმა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”მხედველობაში მაქვს გამოუყენებელი და საშიში ჭურვები, ვაზნები და ნაღმები და ასევე რადიაქტიური ნივთიერებების ნარჩენები.”

განსაკუთრებით სჭირდება განნაღმვა და კონტროლი ხელვაჩაურში განლაგებული ბათუმის მე-12 ბაზის საბრძოლო მასალების საწყობს, რომელიც ასევე გაყვანის რეჟიმში ფუნქციონირებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მუჩაიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების მთელი ტერიტორია ქიმიურ და საინჟინრო დამუშავებას დაექვემდებარება:

[გიორგი მუჩაიძის ხმა] ”მოთხოვნილი იქნება რუსეთის მხარისაგან ყველა ის ეკოლოგიური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხსენებული ბაზის ეკოლოგიურ მდგომარეობას, რომ ესე გი შესაბამისი ინფორმაცია გვქონდეს და თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი საშიშროება. თუ არსებობს საშიშროება, უნდა მოხდეს მისი განეიტრალება.”(სტილი დაცულია)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზა საბოლოოდ 2007 წლის შემოდგომაზე დაიხურება, 2008 წლისთვის კი არსებობას შეწყვეტს ბათუმის სამხედრო ბაზა, რომელიც ამჟამად გაყვანის რეჟიმში ფუნქციონირებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG