Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის მორიგი ეტაპი


განათლების რეფორმის თანახმად, სკოლის დირექტორებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად, სამეურვეო საბჭოები ირჩევენ.

სწორედ სამეურვეო საბჭოს გადასაწყვეტია, თუ როგორი დირექტორი სჭირდება სკოლას, თუმცა არჩევამდე დირექტორობის მსურველებს არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა უხდებათ. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ შესარჩევი კონკურსის დასრულების შემდეგ იმას, თუ რომელი პრედირექტორი რომელ სკოლაში განაწილდება, განათლების სამინისტროს ნაცვლად, მექანიკური მოწყობილობა - ლოტოტრონი წყვეტს. არჩევის, ანუ სასურველი სკოლის დასახელების, პრივილეგია მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონე პრედირექტორებს ეძლევათ. როგორ ირჩევენ სკოლების დირექტორებს საქართველოში?

შესარჩევ კონკურსში, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში გაიმართა, 5 ათასამდე პრედირექტორმა მიიღო მონაწილეობა. ტესტირება ზოგად და პროფესიულ უნარებში, ფუნქციურ წერასა და სამართალში ჩატარდა. როგორი უნდა იყოს საჯარო სკოლის დირექტორი? განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კახა ლომაიას თქმით, დირექტორმა სკოლაში ისეთი საგანმანათლებლო გარემო უნდა შექმნას, სადაც პატრიოტი და განათლებული მოქალაქეები აღიზრდებიან:

[კახა ლომაიას ხმა] „დირექტორის ხედვა უნდა მთლიანად შეესაბამებოდეს ზოგადი განათლების მიზნებს, რომ სკოლამ უნდა მისცეს ჩვენს ახალგაზრდებს მაღალი ხარისხის განათლება და მაღალი სამოქალაქო ღირებულებები, ანუ აღზრდის, განათლებისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა.“(სტილი დაცულია)

კახა ლომაიას თქმით, დირექტორების შესარჩევად ჩატარებული კონკურსი წარმატებით მხოლოდ მონაწილეთა 65 პროცენტმა დაძლია. განათლების სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო მიიღებს, მაგრამ მანამდე ლოტოტრონმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ სკოლებში განაწილდებიან კონკურსში გასული კანდიდატები.

[განათლების სამინისტროს თანამშრომლის ხმა] „მოცემულ მომენტში ყველა სკოლაში გადანაწილებულია ერთი კონკურსანტი მაინც. ლოტოტრონის მუშაობის შედეგად, ახლა ჩვენ გამოვავლენთ თოთოეული სკოლისთვის მეორე კანდიდატებს. მაშ ასე, პირველი საჯარო სკოლის მეორე კონკურსანტი არის ლელა თოდუა...“

სულ, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თითო საჯარო სკოლაზე დირექტორობის სამი კანდიდატი მოდის, თუმცა მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია ამბობს, რომ პრედირექტორების ნაწილმა საკუთარი ბედი ლოტოტრონის გარეშე გადაწყვიტა:

[ბელა წიფურიას ხმა] „ლოტოტრონში მოხვედრამდე კანდიდატებმა საკმაოდ რთული გზა გაიარეს: თავდაპირველად ტესტირება, შემდეგ კი გასაუბრება. იმ კანდიდატებმა, რომლებმაც ტესტირების დროს საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მოიპოვეს სასურველი სკოლის დასახელების უფლება, ხოლო ლოტოტრონში ის კანდიდატები მოხვდნენ, ვინც საერთო რაოდენობის 80 პროცენტია, ანუ პირველ 20 პროცენტს ჰქონდა სასურველი სკოლის დასახელების უფლება, დანარჩენი 80 პროცენტი კი ლოტოტრონშია.“

ლოტოტრონიდან ამოღებულ ბარათებს არ აკვირდებოდა 161-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ მინდაძე, რომელიც, კონკურსში მიღებული მაღალი შეფასებების წყალობით, უახლოეს ორ კვირაში კვლავ 161-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგება.

[მიხეილ მინდაძის ხმა] „დღევანდელი უფლებები არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ოდესმე ჰქონია სკოლის დირექტორს. ძალიან ძნელია დღეს დირექტორობა იმიტომ, რომ ბევრი რამ თავად უნდა გადაწყვიტოს... სამეურვეო საბჭო კი არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, მაგრამ თვითონ არ ამუშავებს საკითხებს. ამას აკეთებს დირექტორი, რომელიც ადგენს ყველაფერს, რაც სკოლაში უნდა მოხდეს. ასე რომ, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და მნიშვნელოვანი.“

სკოლის დირექტორობა რომ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, ყველაზე კარგად მოსწავლეთა მშობლებმა უწყიან. ქალბატონ ნინოს შვილი, 8 წლის გიორგი, 23-ე სკოლაში დაჰყავს.

[ქალბატონ ნინოს ხმა] „ასე მგონია, რომ სკოლის კარგი დირექტორი ის არის, ვინც სკოლას კარგად წარუძღვება და ბავშვებს კულტურა და პატივისცემა ექმნებათ მასწავლებლების, რაც ნამდვილად აკლიათ. როგორია ჩვენი სკოლის დირექტორი, ვერ გეტყვით, არ ვიცი... ჩვენ ჯერ დაბალ კლასში დავდივართ.“(სტილი დაცულია)


განათლების სამინისტროს მონაცემებით, დირექტორობის კანდიდატები სკოლების სამეურვეო საბჭოების წინაშე უახლოეს ორ კვირაში წარდგებიან. რეფორმის მესვეურები იმედოვნებენ, რომ სამეურვეო საბჭოები გადაწყვეტილებას სკოლების ინტერესებიდან და კანდიდატების მიერ წარდგენილი სკოლების განვითარების პროგრამებიდან გამომდინარე მიიღებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG