Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


გასული კვირა იმით დაიწყო,

რომ უცხოეთში გამომავალმა რამდენიმე გაზეთმა ”დიდი რვიანის” სამიტის წინ გამოაქვეყნა ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტთან. ბევრ სხვა საკითხთან ერთად ვლადიმირ პუტინმა კოსოვოს მომავალ სტატუსზეც ილაპარაკა. რუსეთის პრეზიდენტს დამაჯერებლად არ ეჩვენება ის არგუმენტები, რომლებიც კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებული შემთხვევის უნიკალურობას დაადასტურებდნენ. მეტიც, პუტინი მიიჩნევს, რომ კოსოვოს შემთხვევა, რომელიც სერბეთის შემადგენლობაში შემავალი მხარის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს, არაფრით განსხვავდება სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში შექმნილი ვითარებისგან:

„ერთ შემთხვევაში დაიშალა იუგოსლავიის კომუნისტური იმპერია, სხვა შემთხვევაში - საბჭოთა. ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ეთნიკურ კონფლიქტს, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში. იქაც და იქაც ომი იყო. იქაც და იქაც იყვნენ დამნაშავეები. სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და დნესტრისპირეთი 15 წელია დამუკიდებლად არსებობენ. ირჩევენ პარლამენტებს, პრეზიდენტებს, იღებენ კონსტიტუციებს. ასე რომ, კოსოვოსა და მათ შორის განსხვავება არ არის“, - ამბობს ვლადიმირ პუტინი, რომლის ამ მოსაზრებას მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებენ ქართველი ექსპერტები. პოლიტოლოგ გია ნოდიას კომენტარი:

[გია ნოდიას ხმა] „რა თქმა უნდა, კოსოვოსა და აფხაზეთს შორის გარკვეული პარალელები არის, მაგრამ განსხვავებაც სახეზეა და უკვე პოლიტიკური მოთამაშეების ნების ამბავია გაუსვან ხაზი განსხვავებას თუ გაუსვან ხაზი მსგავსებას. პუტინის აზრია, რომ ეს კონფლიქტები ერთ კატეგორიაში უნდა იყვნენ შეყვანილი და კოსოვოს შესაძლო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს პრეცედენტი აფხაზეთისთვის, მაგრამ დასავლეთი ჯერჯერობით ამას არ იზიარებს. ჩვენთვის ეს არის იმედის საფუძველი.“

გასულ კვირაშივე აფხაზეთის საკითხზე მსჯელობდნენ საქართველოს პარლამენტშიც. ითქვა, რომ რამდენიმე თვის წინ ჟენევაში აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით შემდგარ მოლაპარაკებაზე მიღწეულ შეთანხმებას თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირი დიალოგის განახლებისა და განვითარების თაობაზე შედეგი ჯერჯერობით არ მოუტანია - ქართულ-აფხაზური დიალოგი არ განახლებულა. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია რუსეთის ფაქტორით ხსნის ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში წარმოქმნილ პაუზას და ამბობს, რომ თბილისთან დიალოგის გაწყვეტა ბაღაფშსაც და კოკოითსაც მოსკოვმა უკარნახა:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”ჩვენი პოზიციაა ორივე კონფლიქტის ზონაში იყოს მოლაპარაკება, მაგრამ, ცხადია, რომ დე ფაქტო ლიდერებს არ მიუღიათ სანქცია მოლაპარაკებების განახლებაზე. ”

შოთა მალაშხიამ და საქართველოს პარლამენტის სხვა წევრებმა გასულ კვირაში თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს მთავრობის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ერაყში ქართული კონტინგენტის გაორმაგებასა და დისლოკაციის ადგილის შეცვლას. მაგრამ, როგორც გაირკვა, ახალი, 2000 კაციანი, ქართული კონტინგენტი ერაყში, ივნისის ნაცვლად, ივლისის შუა რიცხვებში გაემგზავრება, რაც, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ალ კუდში ყაზარმის მშენებლობის ვადის გადაწევამ გამოიწვია. კოალიციის სარდლობის გადაწყვეტილებით, ქართული კონტინგენტი ირან-ერაყის საზღვარზე მდებარე ვასიტის პროვინციაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას ჩაუდგება სათავეში. თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის თქმით, ახალი დანიშნულების ადგილზე ქართველ ჯარისკაცებს ახალ გამოწვევებთან მოუწევთ შეჭიდება:

[დავით კეზერაშვილის ხმა] ”არსებობს ინფორმაცია, რომ გარკვეული შეიარაღება გადმოდის ირანის ტერიტორიიდან ერაყში, რაზეც დღესდღეობით რეაგირება ვერ ხდება. და გადმოდის ამ პროვინციის გავლით, რაზეც, ბუნებრივია, ქართველ ჯარისკაცებს მოუწევთ რეაგირება, რაც გულისხმობს, რომ, გარკვეულწილად, იქ დაძაბულობა გაჩნდება.” (სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტში პარასკევს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ თითქმის უპირობო მხარდაჭერა მიიღო. 2 მოწინააღმდეგის გარდა, გადაწყვეტილება ყველა - ანუ 145-მა - დეპუტატმა მოიწონა. რადიკალურად საპირისპირო დამოკიდებულება დააფიქსირა დეპუტატმა გოჩა ჯოჯუამ:

[გოჩა ჯოჯუას ხმა] ”ერაყში არის სამოქალაქო ომი დღეს. ერაყი სამოქალაქო ომის წინაშეა.”

[მიხეილ მაჭავარიანი] ”მალადეც!”

[გოჩა ჯოჯუას ხმა] ”ანუ რეალურად მე გეუბნებით იმას, რაც ჩანს. და, ალბათ, ადევნებთ თვალს, როდესაც თურქეთისა და ირანის დამოკიდებულება არ არის ცალსახა, ჩვენ ამ დროს დემონსტრაციულად შევდივართ და ვერთვებით ამ კონფლიქტში. შეიძლება ეს გაკეთდეს, მაგრამ კიდევ ერთელ ვიძახი - რის ფასად?” (სტილი დაცულია)

ოპოზიციონერი დეპუტატები გასულ კვირაში ხელისუფლებას განათლების სამინისტროში მიმდინარე პროცესების გამოც აკრიტიკებდნენ. ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენლები განათლების მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ. დეპუტატ გიგა ბუკიას მტკიცებით, გენერალურ პროკურატურას უკვე გადაეცა მასალები განათლების სამინისტროს მიერ არამიზნობრივად გახარჯული 40 მილიონი ლარის შესახებ.

[გიგა ბუკიას ხმა] იხ. აუდიოვერსია

თუმცა განათლების სამინისტრო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მხოლოდ კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე როდი მოექცა. გასულ კვირაში დასრულდა საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის მორიგი ეტაპი.

განათლების რეფორმის თანახმად, სკოლის დირექტორებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად, სამეურვეო საბჭოები ირჩევენ. სწორედ სამეურვეო საბჭოს გადასაწყვეტია, თუ როგორი დირექტორი სჭირდება სკოლას, თუმცა არჩევამდე დირექტორობის მსურველებს არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა უხდებათ. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ შესარჩევი კონკურსის დასრულების შემდეგ იმას, თუ რომელი პრედირექტორი რომელ სკოლაში განაწილდება, განათლების სამინისტროს ნაცვლად, მექანიკური მოწყობილობა, ლოტოტრონი, წყვეტს.

[განათლების სამინისტროს თანამშრომლის ხმა] „მოცემულ მომენტში ყველა სკოლაში გადანაწილებულია ერთი კონკურსანტი მაინც. ლოტოტრონის მუშაობის შედეგად, ახლა ჩვენ გამოვავლენთ თითოეული სკოლისთვის მეორე კანდიდატებს. მაშ ასე: პირველი საჯარო სკოლის მეორე კონკურსანტი არის ლელა თოდუა...“

სულ, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თითო საჯარო სკოლაზე დირექტორობის სამი კანდიდატი მოდის, თუმცა მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია ამბობს, რომ პრედირექტორების ნაწილმა საკუთარი ბედი ლოტოტრონის გარეშე გადაწყვიტა:

[ბელა წიფურიას ხმა] „ლოტოტრონში მოხვედრამდე კანდიდატებმა საკმაოდ რთული გზა გაიარეს: თავდაპირველად - ტესტირება, შემდეგ კი - გასაუბრება. იმ კანდიდატებმა, რომლებმაც ტესტირების დროს საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მოიპოვეს სასურველი სკოლის დასახელების უფლება, ხოლო ლოტოტრონში ის კანდიდატები მოხვდნენ, ვინც საერთო რაოდენობის 80 პროცენტია, ანუ პირველ 20 პროცენტს ჰქონდა სასურველი სკოლის დასახელების უფლება, დანარჩენი 80 პროცენტი კი ლოტოტრონშია.“

გასული კვირის მიწურულს მეზობელ რუსეთში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს ხდომაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტი 9 ივნისს გამთენიისას გაემგზავრა. 9 ივნისსავე სანკტ-პეტერბურგში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები. საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

დსთ-ის არაფორმალური სამიტი სანკტ-პეტერბურგში 10 ივნისს გაიხსნა. თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურები ერთმანეთს კონსტანტინეს სასახლეში შეხვდნენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG