Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ოქროს საუკუნე”


გაზაფხულზე, ტალინში, საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლის

დემონტაჟთან დაკავშირებული სკანდალი, არა მარტო პოლიტიკის, არამედ კულტურის სფეროსაც უკავშირდება. ჯარისკაცის ქანდაკების გადატანამ ფაქტობრივიდან ერთი ქუჩიდან მეორეზე, ადამიანთა დიდი ჯგუფების შეტაკება, მარადიორობა და მსხვერპლიც კი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ კულტურას არა მარტო სამყაროს ხსნა, არამედ სამყაროს ნგრევაც შეუძლია. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში ”ოქროს საუკუნე” გიორგი გვახარია ”ბრინჯაოს ჯარისკაცის” დემონტაჟის ისტორიას გაგვახსენებს და შეეცდება გაარკვიოს, რა კავშირი აქვს ამ ამბავს საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრებულ კულტურულ ფასეულობებთან.


[”არაჩვეულებრივი გამოფენა 29] ”შენი ჭირიმე ჟორჟიკა, როგორ გავს”

თავის დროზე, ელდარ შენგელაიას ”არაჩვეულებრივი გამოფენა”, ალბათ, საბჭოთა ესტონეთშიც აჩვენეს. თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ესტონელებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სივრცეში იმყოფებოდნენ, ქართული კინოს ამ შედევრში ბევრი რამ დარჩა გაუგებარი. ესტონელისთვის, როგორც ევროპელისთვის, კედელზე დაკიდებული ბაბიას სურათი იგივე არაა, რაც ბაბუა... ესტონელს მითუმეტეს არ ესმის, რატომ ითვლება გარდაცვლილი ბაბუას შეურაცხყოფად მისი სურათის გადატანა, დავუშვათ, საწოლი ოთახიდან სასადილო ოთახში.

ძველ რომში ასეთი ტრადიცია იყო - დაპყრობილ ქვეყნებში რომაელები ბოძებს დგამდნენ. ეს იყო იმპერიის სიმბოლო, რომლის დაზიანება დანაშაულად ითვლებოდა.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განთავისუფლებულ ქვეყნებში მრავალი ასეთი სიმბოლოს დემონტაჟი მოხდა. რუსეთშიც კი, მოსკოვთან ახლოს ამას წინათ, ხიმკის რაიონიდან გადაიტანეს საბჭოთა არმიის მეომრის ძეგლი. თუმცა ამას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. რუსეთში, ომში დაღუპულ მეომართა სასაფლაოები, განსაკუთრებით პროვინციებში - მოუვლელია, რამაც სულ არ შეუშალა ხელი რუსეთის ხელისუფლებას განეცხადებინა, რომ ”რუსეთი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმ ჯარისკაცების დასაცავად, რომლებმაც თავი გაწირეს ნაციზმთან ბრძოლაში”

ბრინჯაოს კერპის აღქმა ცოცხალ ორგანიზმად, რომლის დემონტაჟი, (ისევ რუსეთის ოფიციალური წრეების განცხადებებს თუ გავიხსენებთ) ”ეწინააღმდეგება ადამიანური მორალისა და ჰუმანიზმის ელემენტარულ პრიციპებს”, ფსიქოლოგების თქმით, ტოტალიტარული ცნობიერებისთვის დამახასიათებელი მოვლენის - ნეკროფილიის გამოვლინებაა. ნეკროფილიის კავშირი თავისუფლებას მოკლებულ საზოგადოებასთან, თავის დროზე ერიჰ ფრომმა გამოიკვლია - ფრომი ამტკიცებდა, რომ საზოგადოებაში ცოცხლობს ”ირაციონალური იმპულსები”, ვნებები, რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებენ ამ საზოგადოების განვითარებას და ქმნიან იერარქიულ ვერტიკალს, რომლის სათავეში, როგორც წესი, მკვდარი-ავტორიტეტები არიან. ასეთი ვერტიკალები აწყობს ავტორიტარულ მმართველსაც, რომელიც თავადაა მოცული ნეკროფილური ვნებებით, რადგან ხელისუფლებას ადამიანთა მართვით ინარჩუნებს, ე.ი. ადამიანს აღიქვამს, როგორც ყოველგვარ ნებას, შემოქმედებით იმპულსს მოკლებულ ორგანიზმს, რომლის მანიპულაცია არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას.

ასეთ სივრცეში ხშირად ხდება მასების ყურადღების გადატანა როგორც მიცვალებულების გადატანა-გადმოტანის რიტუალზე, ასევე ბრინჯაოს ძეგლებზე, რომლებმაც საზოგადოება წარსულში დააბრუნონ. ძალიან საინტერესოა, როგორ ხსნის ხოლმე ამ მოვლენას თავად მოქანდაკე - მაგალითად, ზურაბ წერეთელი, რომელმაც თავის დროზე მინინისა და პოჟარსკის ძეგლის ასლი დაამზადა და ეს ასლი ნიჟნი ნოვგოროდს აჩუქა

[ზურაბ წერეთლის ხმა. თარგმნანი]19.00.45. 21 ”დაახლოებით ორი წლის წინ იური ლუჟკოვმა დამავალა მინინისა და პოჟარსკის ქანდაკების ასლის შექმნა... ეს ქანდაკება დაიდგმება იმ ტაძრის წინ, სადაც მინინმა ხალხი შეაგროვა და დიდი მიტინგი გამართა, მერე კი საომრად წავიდა მოსკოვში... აქ წარწერა იქნება - მათი მიმართვა მეფეს. მე ცოტა გვიან დავიბადე და არ ვიცი, რატომ დაუდგეს მინინინსა და პოჟარსკის ძეგლი მოსკოვში. თუმცა მოსკოვი მაინც მოსკოვია და ახლა მოსკოველები, უანგაროდ - ვიმეორებ უანგაროდ ჩუქნიან ძეგლს ნიჟნი ნოვგოროდს”

ცხედრების ამოთხრისა და ასე ვთქვათ ”გადასაფლავების”, ძველი კერპების ნგრევის ამ ვნებას, თავის დროზე თენგიზ აბულაძემ ფილმიც მიუძღვნა - ”მონანიება”. ფილმის პრემიერის დროს საზოგადოების ყურადღება, ძირითადად, სტალინის რეჟიმის მხილებამ მიიპყრო. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ”მონანიება” სხვა მხრივ ხდება მნიშვნელოვანი ფილმი - თენგიზ აბულაძემ თითქოს იწინასწარმეტყველა, რაოდენ მტკივნეული, წინააღმდეგობრივი გახდებოდა ტოტალიტარული სივრცის გარღვევის პროცესი, როგორ შეუშლიდა ხელს წარსულით ცხოვრება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ”მონანიების” სცენარის თანაავტორი, ნანა ჯანელიძე ამბობს, რომ ”მონანიება” ამ მხრივაც გახდა კომუნისტური სისტემის კრახის გამომხატველი


[ნანა ჯანელიძის ხმა]46.1.00 ”ელემ კლიმოვის მოგონებაა საინტერესო, როგორ უჩვენა ეს ფილმი რაისა გორბაჩოვას, ცეკას მდივნის ცოლებს, იქ, რა საშინელი ამბავი ატყდა, როგორ გახლიჩეს კლიმოვი კინღამ შუაზე, რადგან ეს იყო მათი ცხოვრების თავლაფის დასხმა...ეგორ კლიმოვი ამბობდა...რომ ამ ფილმის გაშვებით სოციალისტური ბანაკი იწყებდა მსხვრევას და ფაქტიურად ჩვენ ახალ ეპოქას შევქმნით ამ ფილმის გამოშვებითო”

თუმცა საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა მხოლოდ გაამძაფრა ის, რასაც ”ნეკროფილური ვნებები” ჰქვია. სინამდვილეში ეს ვნება ადამიანის ბუნების შემადგენელი ნაწილია და არა ერთი დიდი მეცნიერის მიერაა გამოკვლეული. იგივე ერიჰ ფრომი წერდა, რომ მკვდარი კერპების შექმნა ყოველთვის როდი აფერხებს განვითარებას. მკვდარიცაა და მკვდარიც - ვიღაცისთვის ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონი და სტალინია იდიალი, ვიღაცისთვის სოკრატე, პლატონი და კანტი. ვიღაცისვის მკვდარი მხოლოდ კერპია, რომელიც სიცოცხლეს ეწინააღმდეგება, ვიღაცისთვის კი აზროვნების, შემოქმედების იმპულსი. დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურულ ტრადიციებსაც, რომელსაც ეძღვნება, მაგალითად, ნინო კირთაძის ფილმი ”გადაეცი ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ”. სურათის პრემეირის შემდეგ ნინოს ვკითხეთ, როგორ აღიქვა ეს სურათი თუნდაც ფრანგმა მაყურებელმა

[ნინო კირთაძის ხმა]30.3.45 ”იქ სხვა სიტუაცია. ადამიანს ისე შეუძლია ადამიანთან ერთად ცხოვრება, რომ ერთხელაც არ შეეხოს ხელით.როცა ნახეს ფილმი, გულიც დაწყდათ თითქოს, რომ ამას ვერ ბედავენ, რადგან დიდი სითამამეა, რომ ეს გააკეთო და უნდა გჯეროდეს, რომ შეიძლება უკან დაგიბრუნდეს. როგორც ზღაპრებშია - ისაა ჭკვიანი, რომელიც ყველაზე არარაციონალური გზით მიდის”

მაგრამ არარაციონალური გზით სიარულმა კულტურული ომის, თუ გნებავთ კულტურული წარღვნის სიტუაციაც შეიძლება შექმნას. მუჰამედის კარიკატურების ისტორიისა არ იყოს, როცა კულტურა ცოცხალს და მკვდარს ერთი და იგივე მოვლენად აღიქვამს, იგი უკვე აღარაა კულტურა, ე.ი. შემიოქმედებასთან არარფერი აქვს საერთო. საბედნიეროდ, კულტურის მუშაკებს ეს საქართველოშიც გააზრებული აქვთ. მაგალითად პოეტ რატი ამაღლობელს, რომლის ერთი ლ;ექსით გვინდა დავასრულოთ დღევანდელი ”ოქროს საუკუნე” - ლექსს რატი თავად კითხულობს

[რატი ამაღლობელის ხმა]6 ”ქართველებს უყვართ სიარული პანაშვიდებზე/ და არ ამბობენ წამოსვლისას, აბა, მშვიდობით/ სადარბაზოსთან საათობით დგანან ისინი და გულმოდგინედ ერთმანეთის ამბებს ისმენენ/ კაცები ქალებს წინ უშვებენ მიხაკებიანს.. ”


  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG