Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბოლოოა თუ არა გადაწყვეტილება, შეიქმნას სუამის სამშვიდობო ბატალიონი?


საერთაშორისო ორგანიზაცია სუამის სამიტი ბაქოში, შეიძლება ითქვას, მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება მიიღეს, შექმნან სამშვიდობო კონტინგენტი. ეს ინფორმაცია ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე 19 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც დაადასტურეს. შეგახსენებთ, სუამის სამშვიდობო ბატალიონის შექმნის საკითხი ორგანიზაციის დღის წესრიგში მისი დაარსების დღიდან იდგა, მაგრამ ამ იდეის ხორცშესხმას ყოველთვის აკლდა ან ფული, ანდა პოლიტიკური ნება. აქედან გამომდინარე, ბევრ ექსპერტს კვლავ ეჭვი ეპარება, რამდენად საბოლოოა ბაქოში მიღებული გადაწყვეტილება სუამის სამშვიდობო ბატალიონის შექმნის თაობაზე და რამდენად შესაძლებელია მისი შესრულება.

სუამის ბაქოს სამიტამდე 8 წლით ადრე, 1999 წელს, თბილისთან ახლომდებარე კრწანისის პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლება ჩატარდა. სწავლების ლეგენდა მიზნად ისახავდა მაგისტრალური ნავთობსადენის დაცვას ტერორისტული თავდასხმებისაგან, ხოლო მანევრებში საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სწავლებას მაშინ უწოდეს სუუამის პირველი არაფორმალური მანევრი. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი, როგორც საქართველოს იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, დაიწყო მუშაობა ერთობლივი ქვედანაყოფის ორგანიზაციის საკითხებზე:

[დავით თევზაძის ხმა] ”ასეთი ბატალიონის საშტატო გეგმა გაწერილი იყო, თუ რა შემადგენლობისა იქნებოდა. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა უკვე გამზადებული დისლოკაციის ადგილი, სადაც ამ ბატალიონის მართვა განლაგდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, უკრაინა - უფრო ყირიმისკენ.” (სტილი დაცულია)

მაგრამ ბატალიონის შექმნის იდეა რამდენიმე დაბრკოლებას წააწყდა. ჯერ იყო და 2001 წელს რეგიონალური ორგანიზაციის რიგები დატოვა უზბეკეთმა, როგორც ამბობენ, მოსკოვის ზეგავლენით. და საერთოდაც, სუამს სიცოცხლისუნარიანობისათვის სჭირდებოდა უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა და მოქნილი სტრატეგია. ამ მიზნით, 2006 წლის 22 მაისს საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას პრეზიდენტებმა კიევში ხელი მოაწერეს დადგენილებას, რომლის თანახმადაც სუამს ეწოდა ”საერთაშროსიო ორგანიზაცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის”. განახლებული ორგანიზაციის პრიორიტეტად დასახელდა ეკონომიკური ურთიერთობა და თავისუფალი ვაჭრობა. თუმცა, როგორც რადიო ”თავისუფლებას” ექსპერტმა დავით დარჩიაშვილმა უთხრა, ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნა სუამისთვის სერიოზული გამოცდაა:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”სამშვიდობო ბატალიონი ერთიანი სუამის ფარგლებში ნამდვილად ითამაშებს ამ ქვეყნების კონკრეტულ საქმეში შემკვრელის როლს და არა მარტო პოლიტიკური განცხადებების დონეზე, რაც თავისთავად ღირებულია, ბუნებრივია. მაგრამ ინტეგრაციას სჭირდება კონკრეტული პროექტები. სუამის სამშვიდობო ბატალიონი იქნებოდა ძალინ კარგი პროექტი.”(სტილი დაცულია)

და, როგორც ჩანს, სუამი უკვე მზადაა ასეთი ”შემკვრელი პროექტის” რეალიზებისთვის. ბაქოში 19 ივნისს განცხადდა გადაწყვეტილება სუამის სამშვიდობო ბატალიონის შექმნის შესახებ. საქართველოს გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის - G-5-ის - უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ბატკუაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ სუამის სამშვიდობო ბატალიონის სტრუქტურა გაწერილია ყველა წესის მიხედვით და განსაზღვრულია ორგანიზაციული მხარეც:

[ირაკლი ბატკუაშვილის ხმა] ”ყველა ქვედანაყოფი იქნება თავის ქვეყანაში. იქ გაივლიან წვრთნას, მომზადებას. დაახლოებით ესე გადაწყდა, რომ ყოველ წელს შეიცვლება ბატალიონის მეთაური და, შესაბამისად, საშტაბო შესაბამისი ძირითადი ერთეულები იქნება რიგრიგობით სუამის ქვეყნები. როცა დაიგეგმება საერთო სწავლებები, მაშინ ეს ქვედანაყოფები შეიკრიბება ამა თუ იმ ქევყანაში. ეს უკვე გეგმის მიხედვით ჩამოყალიბდება.” (სტილი დაცულია)

თუმცა საერთაშორისო ექსპერტები ფიქრობენ, რომ სამშვიდობო ქვედანაყოფის შექმნაზე სუამის წევრ სახელმწიფოებში არ არსებობს კონსენსუსი. მათ შორის არის ცნობილი პუბლიცისტი ვლადიმირ სოკორი, ამერიკაში არსებული”ჯეიმსტაუნ ფაუნდეიშენის” წევრი, რომელმაც რადიო ”თავისუფლების” რუმინული და მოლდოვური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოზეც გაამახვილა ყურადღება:

[ვლადიმირ სოკორის ხმა] "საქართველოსათვის ეს საკითხი [სამშვიდობო ბატალიონის შექმნა] აღარ არის პრიორიტეტული. ეს იყო წარსულში, როდესაც საქართველოს სურდა უკრაინელი სამხედროებით ჩაენაცვლებინა რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთში, მაგრამ ახლა ეს საკითხი საქართველოსთვის ორი მიზეზის გამო აღარ არის პრიორიტეტული. პირველი: აფხაზეთში სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივა ამჯერად არის ძალიან კარგი. და მეორე: საქართველო ემზადება გაზარდოს თავისი კონტინგენტი ერაყში. საქართველო, რომელსაც ახალგაზრდა არმია ჰყავს, გეგმავს იქ საკუთარი ძალებით გაგზავნოს 2000 ჯარისაცი. საქართველოს, როგორც ჩანს, არ აქვს მეტი რესურსი, რაც სუამის სამშვიდობო ძალების ბატალიონისთვის იქნება საჭირო.”

ვლადიმირ სოკორის ამ ზრს გაუგებრობას უწოდებენ საქართველოში. გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ირაკლი ბატკუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის სუამის ერთობლივ სამშვიდობო ბატალიონში გაგზავნოს საინჟინრო ან კავშირგაბმულობის ოცეული. საკუთარი ნიშა ექნებათ მოლდოვას და აზერბაიჯანსაც. თუმცა სუამის სამშვიდობო ქვედანაყოფის ძირითადი ბირთვი უკრაინელი სამხედროებით დაკომპლექტდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG